საფრანგეთის პარლამენტმა "ვაგნერი" ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ სამშაბათს მხარი დაუჭირა რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ამის შესახებ POLITICO წერს.
რეზოლუციას მხარი პარლამენტში მყოფმა ყველა დეპუტატმა (331-მა) დაუჭირა. მათ ევროკავშირს მოუწოდეს "ვაგნერი" ტერორისტული დაჯგუფებების სიაში დაარეგისტრიროს.
"ეს რეზოლუცია და მისი ევროპული განზომილება მიზნად ისახავს ... გააძლიეროს სამართლებრივი ინსტრუმენტები [ვაგნერის - რედ.] წინააღმდეგ. ევროკავშირის სიაში მისი დამატება გავლენას მოახდენს ყველა დაინტერესებულ მხარეზე, ბანკებზე, რომლებიც მის საქმიანობას შესაძლებელს ხდის", - თქვა ბენჟამინ ჰადადიმ, ტექსტის ერთ-ერთ ავტორმა და ემანუელ მაკრონის პარტია "რენესანსის" დეპუტატმა.
"ისინი არ არიან მხოლოდ დაქირავებულები, პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი მზად არიან დახოცონ მშვიდობიანი მოქალაქეები... ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით", - აღნიშნა მან.
"ვაგნერის" წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები უკვე დააწესა. 2022 წლის აპრილში, ევროკავშირმა "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ომის კონტექსტში სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში "ვაგნერი" დაემატა სანქცირებული სუბიექტების კიდევ ერთ სიას - "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში აქტიური მონაწილეობის გამო."
უკრაინის გარდა, "ვაგნერი" აფრიკაში მუდმივად საფრანგეთთან დაპირისიპირებული ძალების მხარეს იბრძვის, სადაც პარიზის გავლენა მცირდება.
იანვარში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებამ "აფრიკაში საფრანგეთი თავის ნომერ პირველ მტრად აქცია."