საგარეო საქმეთა სამინისტრო "დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას" გმობს
რამდენიმე ელჩის გადადგომის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საჯარო პროტესტის ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გმობს "საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და საბოტაჟისკენ მოწოდებებს."
"სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და საბოტაჟისკენ მოწოდებებს. მიუღებელია უცხო სახელმწიფოების მცდელობა ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში.
საქართველოს მთავრობა მტკიცედ იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთგული, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამდეც.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მტკიცედ გეგმავს გააგრძელოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი მოლაპარაკებებისთვის.
იმის გამო, რომ ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მტკიცება, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე და უარი თქვას ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერაზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ამის ნაცვლად, ის ცდილობს თავიდან აიცილოს მავნე სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით." - ვკითხულობთ განცხადებაში.
კონტექსტი
28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.
"ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
28 ნოემბრიდან თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულების პროტესტიც მოჰყვა.
29 ნოემბერს ბულგარეთში საქართველოს ელჩმა X-ზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს.
30 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა.
იმავე დღეს, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა ხელისუფლების გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციის 78-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ამ საკვანძო მიმართულებით წინსვლაში. ნათელია, რომ ჩვენთვის აღნიშნულ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ამ მიმართულებით სწრაფი და შეუქცევადი პროგრესის მისაღწევად, რაც უნდა განხორციელდეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით."