"საუდელი მესაზღვრე გადარჩენილი გოგოს გაუპატიურებას მთხოვდა..."- HRW-ის ანგარიში
საუდის არაბეთის სასაზღვრო დაცვამ, როგორც მინიმუმ, ასობით ეთიოპიელი ემიგრანტი და თავშესაფრის მთხოვნელი მოკლა, რომლებიც იემენის გავლით, საუდის არაბეთში მოხვედრას ცდილობდნენ.
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში, 2022 წლის აპრილიდან-2023 წლის ივნისის პერიოდს მოიცავს.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს შემთხვევები საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, მაშინ მკვლელობები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა დაკვალიფიცირდეს.
73 გვერდიანი ანგარიშის თანახმად, საუდის არაბელი მესაზღვრეები, ემიგრანტებს ახლო მანძილიდან ესროდნენ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი მსხვერპლებს ეკითხებოდნენ, თუ რომელ კიდურში ესროლათ, რის შემდეგაც მათ მიზანში იღებდნენ.
"საუდელი თანამდებობის პირები კლავენ ასობით მიგრანტსა და თავშესაფრის მთხოვნელს ამ საზღვარზე, რომელიც მსოფლიოს თვალთახედვის არეალში არ ექცევა" - ამბობს ნადია ჰარდმანი, ემიგრანტების უფლებების მკვლევარი.
საუდის არაბეთში ამ დროისთვის დაახლოებით 750,000 ეთიოპიელია, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკური პირობებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზით დატოვეს, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დროს გახდა თვალსაჩინო.
ემიგრანტებისა და თავშესაფრის მთხოვნელთა მონაყოლის თანახმად, მათ ადენის ყურის გადალახვა მოუწიათ, რის შემდეგაც იემენელმა კონტრაბანდისტებმა საუდის არაბეთის საზღვართან არსებულ საადას პროვინციაში გადაიყვანეს, რომელიც ჰუთის სამხედრო დაჯგუფების კონტროლის ქვეშაა.
მთხრობელთა მიხედვით, ჰუთის დაჯგუფებას, რომელიც იემენელ კონტრაბანდისტებთან თანამშრომლობს, ემიგრანტები სპეციალურ დაკავების ცენტრებში გადაჰყავს, სადაც მათზე სისტემატიურად ძალადობენ და იქამდე არ უშვებენ, სანამ თანხას არ გადაიხდიან.
მიგრანტების 200 კაციანი ჯგუფები, რეგულარულად ცდილობენ საუდის არაბეთის საზღვრის გადალახვას, თუმცა მესაზღვრები უკან აბრუნებენ. სატელიტური ფოტოების გამოყენებით, HWR-ს მკვლევრებმა, ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე ტყვიამფრქვევიანი ავტომობილი ამოიცნეს.
საზღვრის გადალახვის მსურველები იხსენებენ, რომ საუდელი მესაზღვრეები, მათ ნაღმტყორცნებითა და სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალებებით გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ბევრი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილები სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც არაერთი დაკავებული თვეობით გააჩერეს.
ამ ადამიანების მიერ აღწერილი სცენები შემაძრწუნებელია: მთიან ლანდშაფტზე მიმოფანტული კაცების, ქალებისა და ბავშვების დაშავებული, უსისოცხლო ან დანაწევრებული სხეულები.
"თავდაპირველად, ამ ადამიანებთან ერთად ვჭამდი, შემდეგ კი ისინი კვდებოდნენ," თქვა ერთერთმა გადარჩენილმა.
"ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რათგან მათი სხეულის ნაწილების სხვადასხვა ადგილზეა მიმოფანტული."
დაახლოებით ანალოგიური გამოცდილება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც იემენი-საუდის არაბეთის საზღვრის გადალახვას უფრო მცირე ჯგუფებად ცდილობენ. მათ თქმით, მესაზღვრეები მათ თოფებიდან ესროდნენ. გარდა ამისა, ისინი ემიგრანტებს ქვებითა და ლითონის ნაწილებით სცემდნენ.
17 წლის გადარჩენილი ბიჭი იხსენებს, რომ საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა, ორი გადარჩენილი გოგოს გაუპატიურება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს.
Human Rights Watch მოუწოდებს დაინტერსებულ სახელმწიფოებს, რომ საუდის არაბეთს ამ პოლიტიკის წარმოების შეჩირებისკენ მოუწოდონ, ხოლო დამნაშავეები დასაჯონ. ასევე, ორგანიზაცია რეკომენდაციას გასცემს, რომ სანქციები დაუწესდეს საუდის არაბეთისა და ჰუთის დაჯგუფების იმ პირებს, რომლებიც ამ საქმიანობაში ჩართულები არიან.