შინ ბეთის უფროსი: ჩვენ დავხოცავთ ჰამასის ლიდერებს ლიბანში, თურქეთში, კატარში
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ხელმძღვანელი რონენ ბარი 3 დეკემბერს, ღამით, ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებში საუბრობს, რომ სადაზვერვო სააგენტოს მთავრობამ მიზნად ჰამასის ლიდერების ლიკვიდაცია დაუსახა.
"მთავრობამ დაგვისახა მიზანი, ჰამასის ლიდერების განადგურება. ჩვენ ამის გაკეთებას ვგეგმავთ, ეს ჩვენი მიუნხენია," - ისმის ჩანაწერებში.
რონენ ბარი, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ტერორისტების მკვლელობაზე საუბრობს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა.
"ყველა ადგილას, ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანში, თურქეთში, კატარში, ყველგან. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით, რომ ეს გავაკეთოთ." - აღნიშნა შინ ბეთის ხელმძღვანელმა.
ჩანაწერში ბარი აღიარებს, რომ სადაზვერვო სააგენტომ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის წინ მისია ვერ შეასრულა, მაგრამ შინ ბეთი "ახლა აღმავალ ტენდენციაზეა" და უკვე სწავლობს იმ დღის წარუმატებლობის მიზეზებს.
ამასთანავე, შინ ბეთის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში ისრაელის წინააღმდეგ არსებული საფრთხეები "უპრეცედენტო" იყო და მათგან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.