შვედეთის პრემიერი: ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დიდ გადაიარაღებას ვიწყებთ

შვედეთის მთავრობა გეგმავს, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-დან 3.5%-მდე გაზარდოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი გეგმავს თავდაცვის ხარჯების ზრდა სესხის აღებით დააფინანსოს.

"ეს არის შვედეთის ყველაზე დიდი გადაიარაღება ცივი ომის შემდეგ," - აღნიშნა კრისტერსონმა.

მისი თქმით, მთლიანობაში ქვეყანა 2035 წლამდე ამ მიზნებისთვის დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ვალის აღებას გეგმავს, რადგან შვედეთს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მცირე სახელმწიფო ვალი აქვს.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპის თავდაცვაზე, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ალიანსის ევროპელ წევრებს თავდაცვაზე არასაკმარისი რესურსების ხარჯვის გამო.

ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ქვეყნები უკვე ზრდიან თავდაცვის ხარჯებს: ლიეტუვა, პოლონეთი და ესტონეთი ამ მიმართულებით ბიუჯეტის მშპ-ს 5%-მდე ზრდას გეგმავენ.

ტრამპის თქმით, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ თავდაცვაზე მშპ-ს 5% უნდა დახარჯოს.

ამ ზაფხულს ნატოს ყოველწლიური სამიტი ჰააგაში ჩატარდება. ბევრი დიპლომატის თქმით, ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ წევრ ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების მინიმალური დონე მშპ-ს 2%-დან 3.5%-მდე უნდა გაიზარდოს.

შვედეთი ოფიციალურად ნატოს 2024 წელს შეუერთდა და დაასრულა მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა.

მსგავსი სიახლეები