შვედეთსა და დანიაში ყურანი კვლავ დაწვეს
ორშაბათს სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ჩატარდა აქციები, რომელზეც ყურანი დაწვეს.
ამ ინფორმაციას შვედური The Local ავრცელებს.
კოპენჰაგენში მუსლიმთა წმინდა წიგნი საუდის არაბეთის საელჩოს წინ დაწვეს, სტოკჰოლმში კი პარლამენტის შენობის წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში აქცია ორმა აქტივისტმა ჩაატარა და მათ მსგავსი აქცია უკვე გამართეს ივნისში. იქვე შეიკრიბა მცირე კონტრდემონსტრაცია მათი ქმედებების გასაკრიტიკებლად.
აქციების პარალელურად მუსლიმური სამყაროს 57 ქვეყნის ლიდერის ვიდეოკონფერენცია შედგა, სადაც განიხილეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ერთობლივი რეაგირება ამ ვითარებაზე.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ორშაბათს განაცხადა, რომ მან ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ყველა წევრს გაუგზავნა წერილები, სადაც დაგმო ისლამოფობიის გამოვლინებები და განმარტა შვედეთის კანონმდებლობა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
Reuters-ის ცნობით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე აქციაზე იგეგმება ყურანის დაწვა.
დანიისა და შვედეთის მთავრობები უკვე განიხილავენ ყურანის ან სხვა წმინდა წიგნების დაწვის საკანონმდებლო აკრძალვის შესაძლებლობას, მაგრამ ორივე ქვეყანაში მემარჯვენე პარტიები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლების საკითხებზე კომპრომისები შეუძლებელია.