სირიაში ასადის მხარდამჭერებმა ახალი შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი მოკლეს
სირიის გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებმა გარდამავალი მთავრობის უშიშროების ძალების 14 წევრი მოკლეს და 10 დაჭრეს.
ამის შესახებ 26 დეკემბერს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA სირიის ახალ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უშიშროების ძალები "კრიმინალური რეჟიმის ნარჩენების მზაკვრულ ჩასაფრებაში" მოყვნენ, როცა ასადის რეჟიმის ყოფილი ოფიცრის დაკავებას ცდილობდნენ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR) ამტკიცებს, რომ ოფიცერი მონაწილეობდა სედნაიას ციხეში დანაშაულებებში, სადაც ათწლეულების განმავლობაში აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ პოლიტიკურ პატიმრებს.
SOHR-ის ცნობით, მან "სიკვდილით ათასობით პატიმარი დასაჯა." დამკვირვებლების თქმით, შეტაკების დროს დაიღუპა სამი "შეიარაღებული მამაკაცი."
SANA-ს ცნობით, 26 დეკემბერს, სირიის ახალმა სამხედრო სარდლობამ დაიწყო ოპერაცია ტარტუსის პროვინციაში, წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დევნის მიზნით.
25 დეკემბერს, სირიის რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებმა მასობრივი დემონსტრაციები ჩაატარეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელიც ასახავდა ქალაქ ალეპოში ალავიტების სალოცავის შეურაცხყოფას. დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სალოცავი "უცნობმა ჯგუფებმა" ნოემბერში გაანადგურეს, როდესაც ალეპოზე მეამბოხეების შეტევა დაიწყო.
ყოფილი რეჟიმის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ასადის ოჯახი შიიტური ისლამის განშტოების მიმდევრები, ალავიტები არიან.
SOHR-ის ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა ქალაქებში, რომლებიც ალავიტების დასაყრდენს წარმოადგენს. ზოგიერთი შეფასებით, აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. SOHR წერს, რომ ერთი მომიტინგე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
სირიის ახალმა ხელისუფლებამ კომენდანტის საათი ლატაკიისა და ჰომსის პროვინციებში დააწესა.