სირსკი: ბახმუტის დამცველებმა რუსებს ქალაქის ალყაში მოქცევის საშუალება არ მისცეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიას ბახმუტის ალყაში მოქცევის საშუალება არ მისცეს, მაგრამ ფრონტის ამ სექტორში ვითარება კვლავ მძიმეა. ამის შესახებ 9 მარტს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები ჩვეული მეთოდებით მოქმედებენ, დანაკარგებს არ ითვლიან, მაგრამ ჯარისკაცების რაოდენობა არ არის გადამწყვეტი.

სირსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ესმის მტრისთვის რა ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს ბახმუტს და იცის ფრონტის სხვა სექტორებზე რუსების გეგმების შესახებ.

"თავდაცვითი ძალები ახლა აგრძელებენ ქალაქის დაცვას. სიტუაცია დინამიურია. აქ ყოველ ნაბიჯს და გადაწყვეტილებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ვითარება", - წერს სახმელეთო ჯარების მეთაური და აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვის ყოველ დღეს "უმაღლესი ღირებულება" აქვს.

მანამდე მან განაცხადა, რომ ბახმუტის თავდაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და ქალაქის დაცვის ყოველი დღე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ დრო რეზერვების მოსამზადებლად და მოახლოებული შეტევითი ოპერაციების დასაგეგმად.

მსგავსი სიახლეები