სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა პრობლემებს ქმნის
2020 წლიდან, ОДКБ-ს წევრობას სომხეთისთვის არაფერი მოაქვს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"2020 წლიდან, აზერბაიჯანის მხრიდან სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა სომხეთზე და ОДКБ-მ სომხეთს არავითარი დახმარება არ გაუწია,"- განაცხადა მან.
"ამის გამო ერევანს უწევს ალტერნატივის მოძებნა - მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია."
არმენ გრიგორიანმა ასევე აღნიშნა, რომ "სამი თავდასხმის შემდეგ, ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს სულ მცირე არასერიოზულია."
უშიშროების საბჭოს მდივანმა დააკონკრეტა, რომ ОДКБ-ს წევრობა "ქმნის გარკვეულ პრობლემებს," მაგრამ მაინც არ ზღუდავს სომხეთის თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, ერევანი აქტიურად მუშაობს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის იარაღის შესყიდვის საკითხზე.
"ჩვენ გვესმის და ვხედავთ რეალობას, რომელიც არსებობს - ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ რუსეთის შესაძლებლობები არ არის იმდენად დიდი, რომ იარაღის ექსპორტი შეძლოს და ჩვენ სხვა რესურსების ძიების გზაზე ვართ," - თქვა მან და იქვე დაამატა, რომ "ბევრი ქვეყანაა, რომელთანაც იარაღის შესყიდვის თაობაზე ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს.
კონტექსტი
2022 წლის ნოემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციის და ერევნის დახმარების ერთობლივი ღონისძიებების პროექტის ხელმოწერაზე.
მან ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის მიერ "აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პოლიტიკური შეუფასებლობით" ახსნა.
ერევანი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის კონფლიქტის გამწვავების შედეგად, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 140 კვადრატული კილომეტრი დაიკავა.
2022 წლის სექტემბერში სომხეთმა დახმარებისთვის ОДКБ-ს მიმართა. კოლექტიური უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე "დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად" სომხეთში მისიის გაგზავნა გადაწყდა.