სომხეთმა ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო პროექტი გადასცა
სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტი აზერბაიჯანს გადასცა. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"გუშინ სომხეთმა დაასრულა მშვიდობისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის შემდეგ ეტაპზე მუშაობა და ჩვენი წინადადებები წარედგინა აზერბაიჯანს. წარდგენილია შეთანხმების საბოლოო, სრული ვერსია ჩვენი წინადადებებით." - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, დოკუმენტი ასევე გადაეცა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს - რუსეთს, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს. მანამდე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი არის.
"იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების სამი ეტაპის შედეგად დაფიქსირებული პროგრესი შეიძლება განვითარდეს", - განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება "უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, კონტროლისა და ბალანსის ისეთ ეფექტურ მექანიზმებს, რაც გამორიცხავს გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს. საქმე ისაა, რომ შეთანხმების არ უნდა შედგეს ომში არსებული შეთანხმების საფუძველზე", - აღნიშნა მან.
ამასთან, სომხეთის პრემიერის თქმით, დოკუმენტი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვისაც უნდა იყოს მისაღები.
აზერბაიჯანი შეთანხმების რამდენიმე პუნქტს არ ეთანხმება
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სომხეთის განზრახვა, სამშვიდობო შეთანხმების პროექტში შეიტანოს პუნქტი ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების განსახილველად საერთაშორისო მექანიზმის შექმნის შესახებ, რასაც აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს.
"ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს და არც შედეგს მოიტანს", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადემ.
მისი თქმით, სომხეთი არ არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის დამყარებით. ჰაჯიზადემ აღნიშნა, რომ ერევნის ინიციატივა აჩვენებს, რომ სომხეთს ჯერ არ უთქვამს უარი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე პრაღისა და სოჭის შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და ამ რეგიონში სომხური წარმოშობის მაცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად იქნება დაცული. სომხეთის ჩარევა სომხური წარმოშობის მაცხოვრებლების რეინტეგრაციის პროცესში, რაც აზერბაიჯანის შიდა საკითხია, მიუღებელია", - აღნიშნა ჰაჯიზადემ.
ომი მთიანი ყარაბაღისთვის
ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტი 2020 წლის ზაფხულში გამწვავდა. 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ომს აწარმოებდნენ. ომის შედეგად, რომელსაც 6.5 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აზერბაიჯანმა ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის კონტროლის ქვეშ დააბრუნა.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დემარკაციის ხაზზე რუსი სამშვიდობოები დადგნენ.