თურქმენეთის პრეზიდენტი ხმების 100%-ით სენატის წევრი გახდა

თურქმენეთის ავტორიტარი ლიდერი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ახლადშექმნილი სენატის წევრი გახდა. სრულად ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი მედიის ცნობით ბერდიმუხამედოვმა ხმების 100% მიიღო 29 მარტს გამართულ არჩევნებში.

 

63 წლის პრეზიდენტმა მისი მმართველობა პიროვნების კულტზე ააგო. სახელმწიფო მედიის განცხადებით არჩევნები იყო “თურქმენეთის დემოკრატიული პროგრესის ღია მტკიცებულება და ეროვნული ლიდერის გადამწყვეტი რეფორმების ტრიუმფი.”

 

ზედა პალატის, ანუ სახალხო კრების არჩევნები პირველად ჩატარდა 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ.  ადგილობრივი მედიის ცნობით 48 ვაკანტური ადგილისთვის 112 კანდიდატი იბრძოდა და არჩევნები “სამართლიანი” იყო. მედიის ცნობებით საარჩევნო პროცესს ადგილობრივი “დამოუკიდებელი” დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სენატის 9 წევრს თავად ბერდიმუხამედოვი დანიშნავს.

 

არჩევნები არაპირდაპირი წესით, საიდუმლო ბიულეტენებით ჩატარდა. აშხაბადის და პროვინციების 231 ხმოსანს შეეძლო სენატის წევრობის კანდიდატებისთვის მიეცა ხმა.

 

არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები არ დაუშვეს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

 

კრიტიკოსების აზრით ბერდიმუხამედოვი საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალაუფლების განმტკიცებისთვის და შემდგომში შვილისთვის გადასაცემად გამოიყენებს.

 

წყარო:

rferl.org

 

 

მსგავსი სიახლეები