თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბერდიმუხამედოვის შვილმა გაიმარჯვა

თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ავტოკრატი ლიდერის ვაჟმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა.

თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სერდარმა არჩევნებში ხმების 72,97 პროცენტი მიიღო.

ოფიციალური ვერსიით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 97 პროცენტი გამოცხადდა.

არჩევნებში კენჭს კიდევ რვა კანდიდატი იყრიდა, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მარიონეტებად მიიჩნევიან.

1991 წელს, თურქმენეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბუნებრივი აირით მდიდარ ქვეყანაში არცერთი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა.

გასულ თვეში გურბანგული ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ 64 წლის ასაკში ძალაუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას აპირებს და ხელისუფლებას „ახალგაზრდა ლიდერებს“ დაუთმობს.

სერდარ ბერდიმუხამედოვი აქამდე რამდენიმე მაღალ თანამდებობას, მათ შორის აჰალის პროვინციის გუბერნატორის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტებს იკავებდა.

2021 წელს ის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც თურქმენეთში მნიშვნელობით მეორე თანამდებობაა.

თურქმენეთის რიგით მესამე პრეზიდენტი მამის მიერ არჩეული „ნეიტრალიტეტის კურსის“ გადასინჯვას არ აპირებს და მოსახლეობას „ქვეყნის კეთილდღეობის ერად“ ქცევას ჰპირდება.   

გურბანგული ბერდიმუხამედოვისგან განსხვავებით, რომელიც მმართველობის ექსცენტრული სტილით იყო გამორჩეული, სერდარის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის.

უცნობია, მოიპოვებს თუ არა რეალურ ძალაუფლებას ახლადარჩეული პრეზიდენტი, თუ ხელისუფლება კვლავ ავტოკრატი მამის ხელში დარჩება.

მსგავსი სიახლეები