თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი გადადგომას აპირებს - Reuters
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 მარტს, თურქმენეთში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამ ინფორმაციას, სააგენტო ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გუშინ, 11 თებერვალს ჰალკ-მასლახატში [პარლამენტი] გამოსვლისას, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება - გზა დაუთმოს ახალგაზრდა მმართველებს, რომლებიც "აღზრდილები არიან ზნეობრივ სივრცეში და შეესაბამებიან თანამედროვეობის სტანდარტებს".
ბერდიმუჰამედოვის თქმით, ქვეყნის მართვა ამდენი წლის განმავლობაში მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ორი წლის წინ, წინასწარმეტყველ მუჰამედის ასაკს [63 წელი] მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბერდიმუჰამედოვი პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის საპატიო პოსტს ჩაიბარებს.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან იკავებს.