ტაივანს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვია

 

ოთხშაბათს ტაივანს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვია.

კუნძულზე შვიდი პარლამენტარის ვიზიტი ევროპული კავშირის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიაში პირველია.

„მოუთმენლად ველით ნაყოფიერ დისკუსიებს დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ჩვენს თანამოაზრე ევროპელ პარტნიორებთან“, - წერია ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამდღიანი სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ევროპელი დეპუტატების ჯგუფი, რომლებსაც ფრანგი რაფაელ გლუკსმანი ხელმძღვანელობს, ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

გლუკსმანის გარდა დელეგაციაში შედიან ანდრიუს კუბილიუსი და გეორგიოს კირსტოსი ევროპის სახალხო პარტიიდან ანდრეას შიდერი სოციალ-დემოკრატებიდან; პეტრას აუსტრევიჩუსი „ევროპის განახლებიდან“; მარკეტა გრეგოროვა მწვანეებიდან, და მარკო დეროსტო ჯგუფიდან „იდენტობა და დემოკრატია“. 

გლუკსმანს, რომელიც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების კრიტიკითაა ცნობილი, პეკინმა მარტში პერსონალური სანქციები დაუწესა.

„ვერც დაშინებით და ვერც სანქციებით ვერ გამაკვირვებენ. როგორც ყოველთვის, მე გავაგრძელებ მათ გვერდით დგომას, ვინც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. ამიტომაც მივდივარ ტაივანში“, - ამბობს სოციალისტი ევროპარლამენტარი.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ჩინეთის დელეგაციამ ბრიუსელი გააფრთხილა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი „ჩინეთის ინტერესებს აზიანებს და ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს წყალს შეუყენებს“.

ჩინეთი წყრომით შეხვდა გასულ თვეში კუნძულზე ფრანგი სენატორების ჯგუფის ვიზიტსაც.

პეკინი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მის პარტნიორ ქვეყნებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის გატარებას სთხოვს, რაც ტაივანის, როგორც საერთაშორისო სუბიექტად არ ცნობას გულისხმობს.

 


პეკინსა და ტაიპეის შორის ურთიერთობა უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით დაიძაბა. ჩინეთის ავიაცია ტაივანის საჰაერო ზონებში ინტენსიურ ფრენებს ახორციელებს, რაც კუნძულის მთავრობას აფიქრებინებს, რომ პეკინი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები