თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პოლკოვნიკი მოკლეს
თეირანში თავდასხმის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პოლკოვნიკი საიდ ხოდაიარი. არსებული ცნობებით, ირანის ყველაზე მძლავრი სპეცსამსახურის პოლკოვნიკი მოტოციკლიდან დაცხრილეს, ხოდაიარის 5 ტყვია მოხვდა.
ეს 2020 წლის შემდეგ ირანული სპეცსამსახურების ყველაზე დიდი ჩავარდნაა, მაშინ თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის ატომური პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მოჰსენ ფახრიზადე.
საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა, განაცხადა, რომ პოლკოვნიკი ირანის "მოსისხლე მტრებმა" მოკლეს, ამ ტერმინს ირანის ოფიციალური პირები როგორც წესი აშშ-სა და ისრაელთან მიმართებით იყენებენ.
"მოწამისთვის აუცილებელ და გარდაუვალ შურისძიებაზე" ისაუბრა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმაც. სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ირანში როგორც წესი ისრაელს აკისრებენ. ასე იყო მოკლული მეცნიერების შემთხვევაშიც.
ხოდაიარის მკვლელობის პარალელურად ირანის სახელმწიფო ტელევიზიები მოსადის ჯაშუშთა ქსელის გაშიფვრასა და დაკავებაზე ავრცელებს ინფორმაციას.
ვინ იყო საიდ ხოდაიარი?
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი მედიები საიდ ხოდაიარის "სიწმინდის მცველად" მოიხსენიებენ, ეს ტერმინი ყუდსის დანაყოფის იმ წევრების მიმართ გამოიყენება, რომლებიც სირიისა და ერაყის მიმართულებებზე მუშაობენ.
არსებული ცნობებით, საიდ ხოდაიარი გუშაგთა კორპუსის ყუდსის მაღალჩინოსანი იყო, რომელიც გეგმავდა თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე პასუხისმგებელი იყო ლიბანურ ჰეზბოლასთან კოორდინაციაზე და ასევე თანამშრომლობაზე ირანის მიერ კონტროლირებად სხვა მარიონეტულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან რეგიონის სხვა ქვეყნებში.
სწორედ ხოდაიარის ქვეშერმდომად მიიჩნევა გუშაგთა კორპუსის მებრძოლი მანსურ რასული, რომელიც არსებული ინფორმაციით აპრილში მოსადის აგენტებმა ირანში საკუთარ სახლში დაკითხეს.
მოგვიანებით ისრაელის ტელევიზიებში რასულის დაკითხვის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც რასული აღიარებს, რომ გუშაგთა კორპუსი თურქეთში ებრაელი დიპლომატის მკვლელობას, ასევე გერმანიაში ამერიკელი გენერლის ლიკვიდაციას და საფრანგეთში უცნობი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდა.
გარდა ამისა სწორედ ხოდაიარი მოიაზრება რამდენიმე თვის წინ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული შეთქმულების ერთ-ერთ ორგანიზატორად, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ებრაელი მოქალაქეების გატაცებას გულისხმობდა.
ებრაული ტელევიზიების ინფორმაციით, საიდ ხოდაიარი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სირიიდან, სადაც ყუდსის ძალების ასევე მოკლული მეთაურის ყასემ სოლეიმანის ქვეშ მსახურობდა.
სხვადასხვა ცნობებით, ხოდაიარის მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა ირანის სამხედრო ინდუსტრიაშიც, განსაკუთრებით იქ იმ სექტორში, რომელიც დრონების წარმოებაზეა პასუხისმგებელი.
გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნის მკვლელობა განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონში არსებული ზოგადი ვითარების ფონზე - უკვე მეათე კვირაა პრაქტიკულად შეჩერებულია არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის.
არსებული ცნობებით, ბირთვული შეთანხმების გზაზე მთავარ წინაღობად რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტატუსი რჩება - 2018 წელს აშშ-მ უწყება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ირანელები ითხოვენ გუშაგთა კორპუსი ამოიღონ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, თუმცა ამაზე არ თანხმდება აშშ, გავრცელებული ცნობებით ამის წინააღმდეგი პირადად ჯო ბაიდენია.
გარდა ამისა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მაისის მიწურულს ისრაელი აშშ-ს საჰაერო ძალების მონაწილეობით სამხედრწო წვრთნებს ჩაატერებენ, რომლის ფარგლებშიც ინსცენირებული იქნება თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე.