ტრამპი ამერიკელების ბეისბოლისა და Coca-cola-ს ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
"გამოუცხადეთ ბოიკოტი ბეისბოლს [Major League Baseball] და ყველა კომპანიას, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, Coca-Cola-ს, Delta Airlines-ს და სხვებს",- განაცხადა ტრამპმა. ამ კომპანიების სათავო ოფისები ჯორჯიის შტატშია განლაგებული.
აშშ-ს ბეისბოლის უმაღლესი ლიგის გადაწყვეტილებით ჯორჯიაში ახალი ელექტორალური კანონის მიღების შემდეგ, ადგილობრივი გუნდის Atlanta Braves-ის საშინაო თამაში სხვა ადგილას გადაიტანა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბეისბოლის ლიგის ადმინისტრაციას რადიკალი მემარცხენე დემოკრატების წნეხის შეეშინდა და სწორედ ამიტომ გადაიტანეს თამაში. ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ ბეისბოლი დღითიდღე უამრავ გულშემატკივარს კარგავს.
ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანომ ახალი საარჩევნო კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ფოსტის მეშვეობით ხმის მისაცემად აუცილებელია რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა ფოტოთი. ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნების წაგება დონალდ ტრამპისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯორჯიაში ჯო ბაიდენმა მცირე უპირატესობით მოიგო, ტრამპის იურისტების მიერ შედეგები თითქმის ყველა სასამართლო დონეზე გასაჩივრდა, თუმცა ხმების არაერთგზის გადათვლის მიუხედავად შედეგი არ შეცვლილა.
ჯო ბაიდენმა ახალ კანონს არადემოკრატიული უწოდა.