ტრამპს სამხრეთ აფრიკისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას აპირებს.

"სამხრეთ აფრიკა მიწას ართმევს და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ძალიან ცუდად ექცევა," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 3 თებერვალს.

"ეს მინიმუმ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევაა," - თქვა მან. ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება მანამ იქნება ძალაში, სანამ პრეტორია გამოძიებას არ ჩაატარებს.

2024 წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, გარკვეულ პირობებში, "ნულოვანი კომპენსაცია" გადაიხადოს იმ ქონებისთვის, რომლის ექსპროპრიაციასაც გადაწყვეტს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლებას თვითნებური ექსპროპრიაციის უფლებას არ მისცემს, მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევის მცდელობის გარეშე.

თუმცა, ზოგიერთ ჯგუფს ეშინია მეზობელ ზიმბაბვეში დამოუკიდებლობის შემდგომი სიტუაციის განმეორების. იმ დროს, ზიმბაბვეს მთავრობამ ფაქტობრივად წაართვა მიწები კერძო ფერმერებს, რომლებიც თეთრკანიან მოსახლეობას ეკუთვნოდა, ხშირად მათი მფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე.

მიწის საკუთრება კვლავ მგრძნობიარე საკითხია სამხრეთ აფრიკაში. სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა, აპარტეიდის დასრულებიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი, კვლავ თეთრკანიანების საკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები