ციხის ფოტოს შემდეგ ტრამპს რეკორდული 7.1 მილიონი დოლარი შესწირეს
24 აგვისტოს, ატლანტას ციხეში ყოფნის და მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ, დონალდ ტრამპს 7.1 მილიონი დოლარი შესწირეს.
ამ ინფორმაციას Politico ექს-პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმირებული პიროვნების თქმით, მხოლოდ პარასკევს პოლიტიკოსმა 4.18 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც ერთი დღის განმავლობაში მისი კამპანიისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კამპანია თანხებს ონლაინ მაღაზიის პროდუქციის გაყიდვით აგროვებს. ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, ტრამპის შტაბმა დაიწყო მაისურების, პლაკატების, ბამპერების სტიკერების და გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა, რომელზეც ციხეში გადაღებული ტრამპის ფოტოა.
ამ ნივთებზე არის სლოგანი "Never Surrender" ("არასოდეს დანებდე!") და $12-დან $34-მდე ღირს. ტრამპის კამპანია ასევე შემოწირულობას დონორებს ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების საშუალებით სთხოვს.
ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც მას ბრალი წაუყენეს, ტრამპმა თითქმის 20 მილიონი დოლარი შეაგროვა.
ტრამპს, რომელიც 200 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ე.წ ციხის ფოტო გადაეცა. ის გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ეს პროცედურა გაიარა.
პოლიტიკოსი ამჟამად ოთხ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული: ორ ფედერალურში, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლო დოკუმენტებთან არასწორ მოპყრობასთან და 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმთან; ნიუ-იორკის შტატში, ყოფილი პორნომსახიობისთვის თანხის მიცემისას პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის; ხოლო ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნებში შედეგების შეცვლის მიზნით "კრიმინალური ორგანიზაციის" შექმნის ბრალდებით.
ექს-პრეზიდენტი დანაშაულს არცერთ შემთხვევაში არ აღიარებს.
ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ტრამპს ხმას არ მისცემდა, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს.