აშშ-მა და ვენესუელამ დიპლომატიის აღდგენის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-მა და ვენესუელამ „დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყოფილ მტერთან მიღწეული ისტორიული შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას უკავშირდება, ირანის მიმართაც გამოიყენოს კარაკასში გამოყენებული სტრატეგია, რომელმაც ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებამდე მიიყვანა.
- ტრამპმა Axios-ს ხუთშაბათს განუცხადა, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესში.
პროცესების დინამიკა: ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამ კვირას ვენესუელას ეწვივნენ, სადაც შინაგან საქმეთა მდივანი დაგ ბერგუმი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს შეხვდა.
- მხარეებმა ნავთობისა და მინერალების სფეროში არსებული შესაძლებლობები განიხილეს და მრავალმილიონიანი ოქროს გარიგების გაფორმებას შეუწყვეს ხელი.
რა განაცხადეს: „ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სტაბილურობის ხელშეწყობის, ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერისა და ვენესუელაში პოლიტიკური შერიგების კუთხით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
- „ჩვენი ჩართულობა მიზნად ისახავს ვენესუელელი ხალხის დახმარებას ეტაპობრივი პროცესის მეშვეობით, რომელიც ქმნის პირობებს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე მშვიდობიანი გადასვლისთვის“.
ვენესუელის პოზიცია: ვენესუელის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-თან დიპლომატიური და ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის, ნათქვამია როდრიგესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
- ბერგუმის ორდღიანი ვიზიტისას როდრიგესმა ხაზი გაუსვა ვენესუელის მთავრობის „სრულ მზაობას, ააშენოს ერთობლივი სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე“.
- მან ტრამპის ადმინისტრაციას „ღიაობის მესიჯი“ გაუგზავნა, რითაც დაადასტურა ვენესუელის „მზადყოფნა, შეინარჩუნოს მშვიდობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დიპლომატიური დღის წესრიგი“.
წარსულის ფონი: მადურომ ვენესუელას აშშ-თან კავშირების გაწყვეტისკენ 2019 წელს მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
- გუაიდოს წარმომადგენლები აშშ-ში ვენესუელის საელჩოებსა და საკონსულოებს 2023 წელს მის ჩამოშორებამდე მართავდნენ, რის შემდეგაც ყველა მათგანი დაიხურა.
ოქროს გარიგება: 5 მარტს გახდა ცნობილი, რომ ვენესუელის სახელმწიფო სამთო კომპანია „მინერვენმა“ ტრეიდერ „ტრაფიგურასთან“ 1,000 კილოგრამამდე ოქროს მიწოდების შესახებ მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც აშშ-ის ბაზარზე ვენესუელური რესურსების მიმართულების შეცვლას ნიშნავს.
- დაგ ბერგუმის ვიზიტის ფონზე დადებული ეს გარიგება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დე-ფაქტო კონტროლის დამყარების მესამე დადასტურებაა;
- შედეგად, ვენესუელის ოქრო და მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი თურქეთისა და ირანის ნაცვლად, აშშ-ის ფინანსური სისტემის ზედამხედველობით იხარჯება.
- მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ადმინისტრაციას „იმპერიალიზმსა“ და რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებენ, ოფიციალური პირები და გარიგების დეტალებში ჩახედული წყაროები აცხადებენ, რომ ვენესუელა ახლა უფრო მეტ სარგებელს იღებს.
- მათი თქმით, შავი ბაზრის კორუმპირებული სქემების ჩანაცვლება აშშ-ის სტაბილურ ბაზრებზე წვდომით ვენესუელელი ხალხისთვის შემოსავლების პირდაპირ და გამჭვირვალე მიმართვას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესის ნაწილია.