ტუნისის პრეზიდენტმა პირველი ქალი პრემიერი წარადგინა
ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 63 წლის ნაჯლა ბუდან რამადანი წარადგინა.
63 წლის პრემიერ-მინისტრისთვის ეს პირველი პოლიტიკური თანამდებობაა. გეოფიზიკის პროფესორი რამადანი მანამდე ტუნისის განათლების სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტებს კურირებდა.
ტექნოკრატი ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეობას ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე შეუდგება.
26 ივნისს პრეზიდენტმა საიდმა რამადანის წინამორბედი თანამდებობიდან დაითხოვა, რაც ბევრმა ქვეყნის მეთაურის მიერ ძალაუფლების მიტაცების მცდელობად აღიქვა.
კაისის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე რაშიდ ალ-ღანუშიმ „სახელმწიფო გადატრიალებად“ შეაფასა.
ტუნისელების ნაწილმა - ვინც პარტია ენ-ნაჰდას მმართველობით უკმაყოფილოა და პარლამენტს კორუმპირებულად მიიჩნევს - პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
გასულ კვირას საიდმა 2014 წელს მიღებული კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს მოქმედება შეუჩერა, რითაც აღმასრულებელი ხელისუფლება სრულად დაუქვემდებარა პრეზიდენტს.
ტუნისი ერთადერთი არაბული სახელმწიფოა, სადაც 2011 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხულის“ ტალღა დემოკრატიული წყობის დამყარებით დასრულდა.