თურქეთ-სომხეთის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა

თურქეთ-სირიის საზღვართან დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა. თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu 11 თებერვალს წერს, რომ სომხეთმა მიწისძვრის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა გაუგზავნა.

"ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთეს მარგარას ხიდი (სომხეთი-თურქეთის. - რედ.) საზღვარზე და მიემართებიან მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისკენ", - დაწერა ტვიტერზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.

Anadolu-ს ცნობით, სომხეთის ქალაქ მარგარასთან მდებარე გადასასვლელი ბოლოს 1988 წელს გაიხსნა. იმ დროს თურქეთიდან სომხეთში ჰუმანიტარული ტვირთი სპიტაკის უძლიერესი მიწისძვრის შემდეგ შეიტანეს, რომელსაც სხვადასხვა შეფასებით 25 000-დან 45 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კონტექსტი

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად 1915 წლის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო გართულდა. ბევრ ქვეყანაში  ეს მოვლენა ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდად ითვლება. თურქეთი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ განმარტებას.

გარდა ამისა, ანკარა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით მხარს უჭერს აზერბაიჯანს, რომელიც 2020 წელს ომში გადაიზარდა. სომხეთის მხარეს 44-დღიან ომს 3825 ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანიდან - 2908.

მსგავსი სიახლეები