თურქეთმა რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა
თურქეთის საბაჟო სისტემამ სრულად შეაჩერა რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთების გაფორმება.
ამის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება თურქულ მედიაში, იმავეზე საუბრობენ რუსული გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებიც.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შეჩერებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარმოებული 10 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციის ტრანზიტი. წყაროების ცნობით, საუბარია პროდუქციის ნომენკლატურაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ათივე პაკეტში მოხვდა.
"ეს არის ბევრი ქიმია, ეს არის ნებისმიერი რამ რაც ავიაწარმოებას ეხება და რასაც შეუძლია რამენაირი ფორმით ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ძლიერებას",- ამბობს რუსული გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი.
სხვადასხვა მონაცემებით საუბარია დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთებზე. საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია თურქეთის სახელმწიფო უწყებებს.
რუსული გადამზიდი კომპანიების წარმომადგენელები ამბობენ, რომ ამგვარი ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში მათ ახალი ლოჯისტიკური ხაზების აწყობა მოუწევთ.
კონტექსტი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თურქეთი გახდა მთავარი სატრანზიტო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დასავლური წარმოების პროდუქციის შეძენას ახერხებს. 2022 წლის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს შორის ტვირთბრუნვა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
ოფიციალურ დონეზე თურქეთი არ აღიარებს სანქცირებული ტვირთის ტრანზიტს. გასული წლის სექტემბერში თურქეთმა აშშ-ს წნეხის შედეგად შეწყვიტა МИР-ის ტიპის საბანკო ბარათების მომსახურება.