თურქეთში ინფლაციამ 70 პროცენტს მიაღწია
თურქეთში აპრილში ინფლაციის მაჩვენებელმა წლიურად 70 პროცენტი შეადგინა.
ფასების რეკორდული მატების ფონზე მკვეთრად გაუფასურებულია ლირა, რამაც ენერგო-პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გააძვირა.
გაუარესებული ეკონომიკური ფონი რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
ერდოღანი, რომელსაც მომავალ წელს არჩევნები მოელის, ცენტრალურ ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ეწინააღმდეგება.
პოლიტიკური წნეხის გამო აპრილში თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე უარი თქვა.
თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი აცხადებს, რომ ინფლაცია „დროებითია“ და გრძელვადიან პერსპექტივაზე არ გავრცელდება.
გასულ წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებით 44 პროცენტით გაუფასურდა, წელს - კიდევ 11 პროცენტით.
ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის ბანკი ლირას გაუფასურების შეჩერებას ბაზარზე “ალტერნატიული არხებით“ დოლარის გაყიდვით ცდილობს.
„ცენტრალური ბანკი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ბანკების გავლით კვირაში 2,5-3 მილიარდ დოლარს ყიდის“, - განაცხადა ზირათ ბანკის ყოფილმა მენეჯერმა თურქულ მედიასთან საუბარში.