ტუსკი შეშფოთებულია AfD-ს შეკრებაზე "ავის მომასწავებელი" განცხადებებით
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმ იდეების გამო, რომლებიც გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის"(AfD) წინასაარჩევნო შეკრებაზე გაჟღერდა.
25 იანვარს, AfD-მ ქალაქ ჰალეში დიდი საარჩევნო ღონისძიება გამართა, რომელზეც ილონ მასკმა ვიდეო ჩართვით ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის მოკავშირემ და მილიარდერმა თქვა, რომ მეტისმეტად დიდი აქცენტი კეთდება გერმანიის წარსულის დანაშაულებზე და ის წარსულში უნდა დარჩეს.
"ბავშვები თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდნენ მათი მშობლების გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი დიდი ბებია-ბაბუის ცოდვების გამო," - თქვა მასკმა გერმანიის ნაცისტურ წარსულზე საუბრისას. "კარგია იამაყო გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით და არ დაკარგო ეს რაღაც მულტიკულტურალიზმში, რომელიც აფერხებს ყველაფერს."
"სიტყვები "დიდი გერმანიის" და გერმანელების მიერ ნაცისტური დანაშაულების დავიწყების აუცილებლობაზე, რომელიც AfD-ს აქციის გმირებისგან გავიგეთ, ძალიან ნაცნობი და საშინელი იყო. განსაკუთრებით ოსვენციმის განთავისუფლების იუბილემდე რამდენიმე საათით ადრე," - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მასკმა თავის გამოსვლაში AfD-ს "გერმანიის იმედი" უწოდა და მოუწოდა გერმანიის "დიადი მომავლისთვის იბრძოლოს." მან აღნიშნა, რომ AfD-ს მისი და მისი აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აქვს.
25 იანვარს, ათიათასობით გერმანელმა ბერლინში და სხვა ქალაქებში ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა გააპროტესტა.