უკრაინა: ბახმუტის მიმართულება ყველაზე სისხლიანი, სასტიკი და რთულია
დონეცკის რეგიონის ქალაქი ბახმუტი რჩება ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად და ამ მიმართულებით აქვს მტერს ყველაზე მაღალი დანაკარგები. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ 3 დეკემბერს, ეროვნული ტელემარტონის ეთერში გააკეთა.
"დღეს ბახმუტის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე სისხლიანი, სასტიკი და ყველაზე რთულია. როგორც ჩანს, ამ ომში გადაწყვეტი პუნქტი იქნება. იქ მტერი ყოველდღიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს: ბახმუტს, სოლედარს, კლეშჩეევკას და სხვა დასახლებებს". - განაცხადა მან.
ჩერევატის თქმით, ოკუპანტები აგრძელებენ მასიურ დაბომბვებს, მხოლოდ გუშინდელი დღის განმავლობაში მტერმა 261 ობიექტი დაბომბა სხვადასხვა საარტილერიო სისტემით.
"ამ ყველაფრის ფონზე მტერს ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს, ბახმუტში მტრის დანაკარგების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა." - აღნიშნა ჩერევატმა.
მისი თქმით, ზოგადად, აღმოსავლეთ ფრონტზე მტერს ყველაზე დიდ დანაკარგები აქვს, მაგრამ აგრძელებს ბახმუტზე შეტევას, რათა პოლიტიკურ დონეზე აჩვენოს "დონბასის გათავისუფლება".