უკრაინელებმა ხერსონში დნეპრზე გადასასვლელი ხიდი დაბომბეს
ანტონოვსკის ხიდი დნეპერზე, რომელიც ხერსონს მდინარის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს, დაზიანებულია. ამის შესახებ 19 ივლისს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
20 ივლისს მან გაავრცელა ვიდეო, სადაც გზის დაზიანება ჩანს. ვიდეოს ავტორი სარაკეტო დარტყმებზე საუბრობს.
ხერსონის რაიონული საბჭოს დეპუტატის, სერგეი ხლანის თქმით, ხიდი იმდენად დაზიანებულია, რომ იქ მძიმე ტექნიკის გავლა შეუძლებელია - მხოლოდ ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
"იზვესტიას" პროპაგანდისტმა ივან ლიტომინმა 19 ივლისს გადაიღო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია როგორ გამოიყურება ხიდი. მისი თქმით, კრატერები უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად გაჩნდა.
"ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება," - განაცხადა 20 ივლისს, დილით რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის "გუბერნატორმა", კოლაბორანტმა ვლადიმირ სალდომ.
ანტონოვსკის ხიდი ხერსონსა და ოლეშკის შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ომის პირველ დღეებში მისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, უკრაინელი დამცველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, მაგრამ ხიდი არ ააფეთქეს.
ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ ხიდი რუსული ძალების მთავარი სისუსტეა. ის დნეპრის გასწვრივ არსებული ორი გადაკვეთის პუნქტიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ჯარები მდინარის დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი უკრაინული ჯარების მიერ ხერსონის ალყაში მოქცევის შემთხვევაში, საჭიროდ მიიჩნევს რუსებს ანტონოვსკის ხიდიდან მოკვეთას. შემდეგ კი დამპყრობლები უკან დახევას მხოლოდ დნეპრის გადაცურვით შეძლებენ.