უკრაინელებმა ოდესაში ირანული კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს
რუსმა დამპყრობლებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა კიდევ ერთხელ სცადეს. რუსების კამიკაძე დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე 4 ოქტომბერს ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"მტერმა Shahed-136 ტიპის კამიკაძე დრონით ოდესაზე თავდასხმა სცადა. უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ოდესის რამდენიმე Telegram არხმა, კერძოდ, Курс Одесса-მ გაავრცელა ინფორმაცია აფეთქების ხმაზე, რომელიც ქალაქში გაისმა და რომ კიდევ ერთი დრონი უახლოვდებოდა ოდესას. ქალაქში მეორე დრონის ჩამოგდების ან მისი თავდასხმის შესახებ არც ოფიციალური და არც არაოფიციალური წყაროები არ საუბრობენ.