უმსხვილესი სატანკო დანაკარგები - ვუჰლედართან ოკუპანტების კოლონა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სამხრეთში, დასახლება ვუჰლედართან ოკუპანტების მსხვილი სატანკო კოლონა გაანადგურა. 

ადგილიდან გავრცელებულ კადრებზე ჩანს სხვადასხვა ტიპის 31 ერთეული განადგურებული ან დაზიანებული ჯავშანტექნიკა. მაღალი ალბათობით, საქმე გვაქვს ერთჯერადად რუსეთის უმსხვილეს სატანკო დანაკარგებთან. 

რა ვიცით

ვუჰლედარი დონეცკის ოლქის სამხრეთში მდებარე ქალაქური ტიპის დასახლებაა, რომლის მიმართულებითაც შტურმი ოკუპანტებმა სხვადასხვა ცნობებით ჯერ კიდევ 26 იანვარს დაიწყეს. ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსების მიზანია გაართულონ უკრაინის მოსალოდნელი იერიში, ვუჰლედარი კი ცენტრალური საკომუნიკაციო კვანძია. 

8 თებერვალს დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი წერდა, რომ ვუჰლედარის მიმართულებით რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მიერ წამოწყებული შეტევა დიდი დანაკარგებით ჩავარდა. 

სამხედრო-ანალიტიკურ ცენტრ OSINT-ის ცნობით, გუშინდელ სატანკო შტურმშიც კვლავ 155-ე ბრიგადა მოქმედებდა. უკრაინულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს 13-15 ტანკი, 12 ჯავშანტრანსპორტიორი და ასევე, 2 MТ ЛБ-ის ტიპის ჯავშანმანქანა. 

ჯერჯერობით უცნობია ოკუპანტების ცოცხალი ძალის დანაკარგები. 

კოლონის განადგურების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებენ რუსული Z ტელეგრამ არხები. "კადრები თავისას ამბობს - როგორც მინიმუმ დაკარგულია 30 ერთეული ჯავშანტექნიკა, ტანკისტები, რომლებიც გარბიან და ყვირიან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მეთუარობისა და ბრძოლის მართვის კრიზისზე",- წერს ტელეგრამ ჩვკ ვაგნერთან დაკავშირებული Grey Zone. 

კიდევ ერთი ფაშისტური ტელეგრამ არხი Cтарше Эдды წერს - "ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა, კოლონით სიარულის და მოქუჩების გამო ჩვენ დაგვსაჯერს არაერთხელ და არაორჯერ. იყო გადასავლელი იზიუმში და კამენკის შტურმი, იყო ბელოჰორლოვკა. მეგონა, რომ რაღაც ვისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი."

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას კვლავ აკრიტიკებს იგორ სტრელკოვი - "ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გასული წლის ყველა მოვლენამ ჩვენ გენერლებს გვერდი აუარა. არანაირი დაცვა ჰაერიდან, არანაირი დაცვა რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობებით. სატანკო კოლონების მოძრაობა ვიწრო გზებზე და სწორ ზედაპირზე მათი განადგურებით დასრულდა. ჩვენი ზოგი გენერალი ნამდვილი კრეტინია."

კონტექსტი 

საყურადღებოა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ეს ოკუპანტების პირველი მსხვილი მარცხი არ არის - ნოემბრის დასაწყისში იგივე 155-ე ბრიგადა მოუმზადებელ შეტევაზე გადავიდა სოფელ პავლივკას მიმართულებით. მაშინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოუმზადებელი იერიშის შედეგად 300 ოკუპანტი მოკლეს. 

მოგვიანებით დიდი დანაკარგები აღიარა პრიმორსკის მხარის გუბერნატორმა, ოლეგ კოჟემიაკომ, რომელსაც დახმარების თხოვნით ჯარისკაცებმა მიმართეს. 155-ე ბრიგადა სწორედ პრიმორსკის მხარეშია ბაზირებული. 

 

მსგავსი სიახლეები