უოლესი: აშშ-ს შეფასებით რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 220 ათასს აღემატება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის ცნობით, ბოლო ცნობებით რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 220 ათასს აღემატება - საუბარია მოკლულებისა და დაჭრილების ჯამურ რიცხვზე. 

ამის შესახებ უოლესმა შვედეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. უოლესის თქმით, შეფასებები ამერიკული სადაზვერვო უწყებების ინფორმაციას ეყრდნობა. 

კონტექსტი 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს დაეთმო. 

"ვფიქრობ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ ჩვენ უფრო ამტანები უნდა გავხდეთ, ეს კი უმთავრესად რეზერვების მარაგზეა დამოკიდებული",- ამგვარად გამოეხმაურა უოლესი შვედეთის სამხედრო სისტემას, რომელიც ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის მიუხედავად სამხედრო გაწვევას ითვალისწინებდა. 

აშშ-ს სახელმწიფო პირების მიერ გაჟღერებული ბოლო ცნობებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 180 ათასს აღემატებოდა, თუმცა თებერვლის განმავლობაში რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშის ფარგლებში ოკუპანტების დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა. 

ამაზე წერდა თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანული დაზვერვა, რომლის ცნობითაც, თებერვლის პირველი 2 კვირის განმავლობაში რუსეთის დანაკარგები ომის პირველ დღეების მაჩვენებლებს გაუტოლდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებული ბოლო მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები 5 937 სამხედროს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები