ვუჰლედარი, ტორეცკი, სელიდოვო - სად უჭირს ყველაზე მეტად უკრაინის არმიას

უკვე თითქმის 1 წელია დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო არმიის იერიში გრძელდება. რუსული არმია პრაქტიკულად ყოველდღიურად ახალ დასახლებულ პუნქტებს იკავებს - თუ კი აქამდე უკრაინულ დანაყოფებს შეეძლოთ დარტყმის ქვეშ მყოფი ქალაქები და სოფლები შედარებით აუჩქარებლად დაეტოვებინათ ამჟამად, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ვითარება სწრაფად უარესდება. 

უკრაინული არმია უტევს კურსკში და თავდაცვაშია აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე კრიზისული კერა ჩამოყალიბდა, რომლის ლიკვიდირებასაც არმიის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს. ფრონტის თითქმის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე უკრაინული დანაყოფები თხლად არიან განფენილები, რეზერვები კი შეზღუდულია, მით უფრო, რომ ახლადჩამოყალიბებული 14 სამხედრო ბრიგადა თანამედროვე შეიარაღების დეფიციტის გამო საომარ მოქმედებებში ვერ ერთვება. 

ვუჰლედარი 

ყველაზე რთული და სახიფათო მდგომარეობა ЗСУ-სთვის ქალაქ ვუჰლედარშია - გასულ კვირას ფლანგებზე წამოწყებული იერიშების შედეგად რუსეთის არმიამ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ქალაქი პრაქტიკულად ნახევარალყაში მოაქცია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დასახლებულ პუნქტში მოქმედი უკრაინული შენაერთების მომარაგებას. 

ვუჰლედარში უკრაინული დაცვის ცენტრი 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადაა, რომელიც ქალაქს უკვე 2 წელია როტაციის გარეშე იცავს. გამოფიტული ბრიგადა ოპერატიულ ალყაში აღმოჩენის საფრთხის წინაშეა. ფრონტის ამ მონაკვეთში შექმნილ სირთულეებზე საუბრობდა ბრიგადის მეთაურის მოადგილე Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში

ბოლო მონაცემებით, უკრაინულმა დანაყოფების ორგანიზებული გასვლა ვუჰლედარიდან უკვე დაწყებულია - ამ ცნობების პარალელურად ვრცელდება რუსეთის მოწინავე მოეირიშე დაჯგუფების შეტევების კადრები უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე. 

ვუჰლედარში შექმნილ სახიფათო მდგომაორებაზე საუბრობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი და გენერალური შტაბის ყოფილი წარმომადგენელი, ვლადისლავ სილიზნიოვი. "მტრის რესურსების უპირატესობის გარდა, ადგილი აქვს თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში დაშვებულ შეცდომებს."

ვუჰლედარის მოახლოებული დაცემის შესახებ წერენ სხვა სამხედრო ექსპერტებიც - "ნათელია, რომ ვითარება კრიტიკულია და ჩვენ თვალს ვადევნებთ ქალაქის დაცვის ოპერაციის ფინალურ ეტაპს, ოპერაციის, რომელიც თითქმის 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. იმედი მაქვს, რომ ხელმძღვანელობამ სწორი ბრძანებები გასცა და პოზიციების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების ნაცვლად პრიორიტეტული ჯარისკაცების გადარჩენა იქნება"- წერს ЗСУ-ს რეზერვის ოფიცერი და OSINT ანალიტიკოსი Tatarigami. 

ქალაქი, რომელშიც ომამდე 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა - ვუჰლედარი ორი ფრონტის, დონეცკისა და ზაპორიჟიის გადაკვეთაზე მდებარეობს. ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. 

ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე რუსეთის არმია მის დაკავებას პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ცდილობდა. 2022 წლის ნოემბერში რუსეთის არმიამ უმძიმესი დანაკარგების ფასად სამხრეთით მდებარე სოფელ პავლივკას დაკავება შეძლო, თუმცა შემდგომი შეტევები წარუმატებელი იყო. 

2023 წლის იანვარ თებერვალში რუსეთმა ვუჰლედარის მიმართულებით მსხვილი მექანიზებული იერიში წამოიწყო, საუბარია ჯამურად 4 ოპერაციაზე. ზოგი შეფასებებით ეს მიმდინარე ომში ერთ-ერთ ყველაზე მასირებული მექანიზებული შეტევა იყო. რუსეთის ოთხივე მცდელობა კატასტროფული დანაკარგებით და ოპერაციის ხელმძღვანელი რუსი გენერლების თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა. 

თუმცა ამჟამად ვითარება განსხვავებულია - რუსეთის წინსვლას ფრონტის ამ მონაკვეთზე წინ უძღოდა ავდიივკის დაცემა და დონეცკის ოლქში უკრაინული დაცვაში წარმოქმნილი პერმანენტული კრიზისი. რუსეთი წინ მიიწევს დონეცკის ოლქის სხვა მონაკვეთებზეც და ЗСУ-სთვის დღითიდღე რთულება დაგრძელებული ფლანგების დაცვა. 

გარდატეხი მნიშვნელობის იყო მიმდინარე წლის აპრილში სოფელ ნოვომიხაილოვკის დაცემა, რამაც საოკუპაციო არმიას ჩრდილო აღმოსავლეთიდან იერიშის წამოწყების საშუალება მისცა - ЗСУ-ს დაცვაში სუსტი ადგილის აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის გენერალურმა შტაბმა ამ მონაკვეთზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. 

ვითარებას კრიტიკულს უწოდებს უკრაინელი ოფიცერი სერჰი სტერნენკო - მისი თქმით, "ხელმძღვანელობას ბოლომდე კარგად არ ესმის როგორია ოპერატიული ვითარება."

გავრცელებული, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, უკრაინული დანაყოფების გამოსვლა ვუჰლედარიდან უკვე დაიწყო - სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ისინი შესაძლოა ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ბოგოიავლენკაში გამაგრდნენ. 

პარალელურად უკრაინული არმიის მდგომარეობა უარესდება დონეცკის ფრონტის სხვა მიმართულებებზეც. 

პოკროვსკი

საოკუპაციო არმია წინ მიიწევს პოკროვსკის მიმართულებითაც - სახმელეთო შეტევები მიმდინარეობს სოფელ გროდივკიდან აღმოსავლეთით, სელიდოვოს აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ უკრაინსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. 

"მკაფიოა, რომ მოწინააღმდეგე ასრულებს გეგმის რეალიზაციას, რომლის მიზანიც მდინარე ვოლჩიას აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე პლაცდარმიდან ЗСУ-ს განდევნაა"- წერლს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, კონსტანტინ მაშოვეცი. 

მდინარის მარცხენა ნაპირიდან უკრაინული დანაყოფების გასვლის შესახებ ცნობები გასულ კვირას გავრცელდა. ამ დროის განმავლობაში ЗСУ-მ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ფრონტის სტაბილიზაცია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის სელიდოვოს სამხრეთით. სელიდოვო, რომელიც ქალაქ პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ამ რაიონში უკრაინული არმიის ცენტრალური საყრდენი პუნქტის ფუნქციას ასრულებს, პუნქტის რომელიც აკავებს რუსეთის არმიის წინსვლას უშუალოდ პოკროვსკის მიმართულებით. 

მაშოვეცი ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარების შემდგომ გაუარესებას პროგნოზირებს. 

უკრაინული არმია მძიმე მდგომარეობაშია უშუალოდ პოკროვსკის შემოგარენში, გროდივკისა და ნოვო-გროდივკის რაიონში, სადაც რუსებმა მდინარე ჟურავკას ფორსირება შეძლეს და მათი უახლოესი პოზიციები ქალაქიდან 10 კილომეტრის ფარგლებშია. 

ტორეცკი

გასულ კვირებში რუსეთის არმიის მოწინავე დანაყოფებმა ქალაქში შეღწევა შეძლეს, დასახლების განაპირა უბნებში ამ დროისთვის ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად გასულ დღეებში უკრაინის არმიამ ტორეცკში რამდენიმე პოზიცია დაიბრუნდა. 

ქალაქში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს ხარკივის ფრონტიდან გენერალ მიხაილო დრაპატის ტორეცკის ოპერაციის მეთაურად გადაყვანაც - დრაპატი უკრაინული არმიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ და გავლენიან მეთაურად მიიჩნევა. 

ქალაქის მაღალსართულიანი განაშენიანება ართულებს შტურმს - ამ გარემოში რუსეთის არმია ავიაციას ეყრდნობა - ქალაქი პრაქტიკულად შეუჩერებლად იბომბება მართვადი საავიაციო ბომბებით. რუსეთის არმია აძლიერებს წნეხს ტორეცკის ფლანგებზეც. 

"ჩვენს საზოგადოებას ვურჩევდი, რომ იყვნენ მზად მორალურად იმისთვის, რომ ჩვენი ძალები უახლოეს მომავალში დატოვებენ ტორეცკს, სელიდოვოს და ვუჰლედარს"- წერს კონსტანტინ მაშოვეცი. 

პარალელურად გრძელდება ბრძოლა ქალაქ ჩასოვ იარისთვის, თუმცა აქ რუსული არმიის წინსვლის ტემპი ჯერჯერობით მინიმალურია. 

ხარკივი

ვითარება განსხვავებულია ხარკივის ფრონტზე - მაისში ხარკივის ოლქში შეჭრილი რუსული დანაყოფები შეტევიდან ეტაპობრივად თავდაცვაზე გადადიან. 

სავარაუდოა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიის მდგომარეობა კურსკში დაწყებული იერიშის შემდეგ შედარებით შემსუბუქდა: ცნობილია, რომ კურსკში შექმნილი კრიზისის დასაძლევად რუსეთმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებიდან გადაისროლა. 

აქ რუსეთის არმია კარგავს პოზიციებს გლუბოკოე-ლიპცის ხაზზე. გარდა ამისა, 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა დანაყოფებმა გაათავისუფლეს ქალაქ ვოვჩანსკის აგრეგატული ქარხანა, რომელსაც გასული თვეების განმავლობაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო დანაყოფები აკონტროლებდნენ. ВДВ-ს დანაყოფები ქარხანაში რამდენიმე თვის განმავლობაში სრულ ალყაში იმყოფებოდნენ, მათი მომარაგება კი ძირითადად დრონებით ხდებოდა, თუმცა პოზიციების შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ქარხანაში მყოფი რუსი ჯარისკაცები ტყვედ ჩაბარდნენ. 

საპირისპირო ვითარებაა ხარკივისა და ლუჰანსკის ოლქის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ქალაქ კუპიანსკთან - გასულ კვირებში ამ მონაკვეთზე თავმყორილი მოზრდილი სამხედრო დაჯგუფების წყალობით რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ რამდენიმე იერიშის ორგანიზება შეძლო. 

ბოლო მონაცემებით ისინი მდინარე ოსკოლის ბარიერზე გავიდნენ, რითიც პრაქტიკულად ორად გაჭრეს ფრონტის ამ მონაკვეთზე მებრძოლი უკრაინული დანაყოფები. 

 

კურსკი

გასულ კვირას რუსეთის არმიის მიერ კურსკის ოლქის კორონევოს რაიონში წამოწყებული კონტრიერიშის თავდაპირველი წარმატების შემდეგ, უკრაინულმა დანაყოფებმა ფრონტის სტაბილიზაცია შეძლეს. 

მეტიც, რუსი Z-ბლოგერების ცნობით, გასულ დღეებში უკრაინულმა არმიამ კორონევოს მეზობელ გლუშკოვოს საზღვრისპირა რაიონში მექანიზებული შტურმი წამოიწყო და სოფელ ვესელოეს დაკავება შეძლეს. ამას ადასტურებს ბრძოლების ამსახველი გეოლოცირებული კადრებიც. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით კურსკში ბრძოლებმა უკვე პოზიციური ხასიათი მიიღო და რადიკალური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები