როდესაც უკრაინელმა სერჟანტმა, ანდრეი კურპიანოვმა, გასულ კვირას, ავდიივკის მახლობლად, საარტილერიო დანაყოფს რუსი ოკუპანტების პოზიციები გადასცა და დარტყმის მიტანა სთხოვა, ცუდი ამბავი გაიგო: ჭურვები არ გვაქვს.
17 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდიივკიდან გავიდნენ. 2023 წლის მაისში, ბახმუტის შემდეგ, ავდიივკა საოკუპაციო არმიის მიერ დაკავებული პირველი ქალაქი გახდა.
წმინდად სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ავდიივკა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბახმუტი. ფრონტის ხაზზე, ავდიივკა, უკრაინის მიერ ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებული და ტაქტიკურად მომგებიანი რაიონია. დონეცკის შემოგარენში განთავსებული ინდუსტრიულ დასახლებას ЗСУ 2014 წლიდან ინარჩუნებდა და ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანადაც გაამაგრა.
მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარე ავდიივკა, სოლივით იყო შეჭრილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ახლო მანძილის გამო, უკრაინის არმია თითქმის ყველანაირი შეიარაღებით წვდებოდა ქალაქ დონეცკს, რის გამოც ოკუპანტები იძულებულები იყვნენ, ქალაქში მოცულობითი რეზერვები შეენარჩუნებინათ.
ავდიივკაში განვითარებული მოვლენები, ფრონტზე არსებული ობიექტური რეალობის ადეკვატური შედეგია - საარტილერიო ჭურვების შიმშილსა და რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ უკრაინულ არმიას, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უწევს შეტევების მოგერიება. სამხედრო ანალიტიკოსები და უკრაინელი მაღალჩინოსნები ღიად ამბობენ, რომ ამერიკული დახმარების გარეშე, სხვა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია დროის საკითხია.
3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სერჟანტი, ანდრეი კუპრიანოვი - ფოტო Wall Street Journal
ავდიივკის დაკავების შემდეგ, რუსეთის არმია ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე უტევს: ზოგან მათი მიზანს, ხარკივის კონტრიერიშის დროს გათავისუფლებული ტერიტორიების აღებაა წარმოადგენს... სამხრეთში, გასული ზაფხულის მთავარი უკრაინული წარმატების განულებას ცდილობენ, ხოლო აღმოსავლეთში მიზანს წარმატების განვითარება წარმოადგენს
ავდიივკა
ავდიივკის შტურმის მცდელობა რუსეთის არმიას გასული 10 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჰქონდა - მათ შორის 2015-2016 წლებში, ე.წ. "ჰიბრიდული ომის" პერიოდშიც.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს ტერიტორია, რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. ბოლო დიდი მცდელობა, საოკუპაციო არმიამ, გასული წლის 10 ოქტომბერს დაიწყო.
სხვადასხვა მონაცემებით, ავდიივკასთან რუსეთმა დაახლოებით 7 სამხედრო ბრიგადა შეკრიბა, ცოცხალი ძალის რაოდენობა 40 ათასს აღემატებოდა. კრემლის თავდაპირველი ამოცანა იგივე იყო, რაც ბახმუტის ოპერაციის დროს: ქალაქის ორმაგ ალყაში მოქცევა. ოკუპანტებმა საერთო საჯარისო იერიში წამოიწყეს. მასირებულ დარტყმაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკისა, ავიაციისა და ქვეითების დიდი რაოდენობა, მთავარი მიზანს კი ფლანგიდან დარტყმით ფრონტის გარღვევა წარმოადგენდა.
ალყის მცდელობა, ბახმუტის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა ავდიივკაშიც, მაგრამ რუსებმა შეძლეს მოწინავე ხაზზე რამდენიმე უკრაინული პოზიციის დაკავება. შტურმის დაწყებიდან მალევე, რუსეთის არმიის დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში მკვეთრად გაიზარდა და ომის პირველ დღეების მაჩვენებელს გაუტოლდა.
ალყის ამბიციური გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთის არმია მსუბუქი ჯავშანტექნიკით და მცირე დანაყოფებით შეტევის ტაქტიკაზე გადავიდა. ცოცხალ ძალაში დიდი უპირატესობის ფონზე, რუსეთი მუდმივად ახერხებდა ბრძოლაში ახალი დანაყოფების შეყვანას. უკრაინის მხარეს კი ავდიივკის დაცვის ჩონჩხს 110-ე მექანიზებული ბრიგადა და მათზე მიმაგრებული დანაყოფები წარმოადგენდა. ბრიგადა, ავდიივკაში შეჭრის პირველივე დღეებში გადაისროლეს, რის შემდეგაც როტაციაზე არ გასულა, მებრძოლები პრაქტიკულად საბრძოლო პოზიციებზე ცხოვრობდნენ.
გადამწყვეტ ფაქტორი ე.წ "ჭურვების შიმშილი" იყო - გენერალ ტარნავსკის ცნობით, ავდიივკის მონაკვეთზე რუსეთის არმია 10-ჯერ უფრო მეტ ჭურვს იყენებდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, ბოლო თვეებში, რუსეთის უპირატესობის შეფარდება საარტილერიო ცეცხლში 1:5-ზეა. ვითარება კიდევ უფრო გაართულა საზენიტო რაკეტების დეფიციტმა - ამ მოცემულობაში, რუსეთის არმია ეფექტურად და ხშირად უდანაკარგოდ იყენებდა ავიაციას. უკრაინელი სამხედროების ცნობით, თებერვალში, ავდიივკაში, დღეში დაახლოებით 60 ბომბი ვარდებოდა.
ფრონტის სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის არმიის მდგომარეობა ავდიივკაში ეტაპობრივად უარესდებოდა. უკვე ნოემბრის მიწურულს, საოკუპაციო არმიამ ქალაქის სამხრეთით მდებარე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. ფრონტის სტაბილიზაციისთვის, უკრაინულმა სარდლობამ, ავდიივკაში, უკრაინის 47-ე მექანიზებული ბრიგადა გადაისროლა, რომელიც მანამდე სამხრეთში განვითარებული იერიშის ავანგარდში იმყოფებოდა.
რეზერვის გადასროლამ უკრაინელი მებრძოლებს დრო მოაგებინა, თუმცა უკვე იანვარში გასაგები იყო, რომ ადრე თუ გვიან, ЗСУ-ს ავდიივკის დატოვება მოუწევდა. მდგომარეობა ავდიივკაში კრიტიკული იანვრის მიწურულს გახდა - ფლანგებიდან განხორციელებული შეტევების შემდეგ, საოკუპაციო არმიის ნაწილებმა უშუალოდ ქალაქში შეაღწიეს.
15 თებერვალს, მზარდი წნეხის და გაუთავებელი საავიაციო დარტყმების შემდეგ ЗСУ იძულებული გახდა დაეტოვებინა ზენიტის სახელით ცნობილი რაიონი. ამის შემდეგ, ქალაქში გამაგრებული გარნიზონის სრულ ალყაში მოქცევის რისკი მკვეთრად გაიზარდა.
ამ ფონზე 17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ქალაქიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინელი მებრძოლები ავდიივკის კოკსის საწარმოს სარდაფში - ფოტო ვოიცეხ გრძეჟინსკი (Washington Post)
სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ავდიივკა უკრაინისთვის "მომგებიანი ბრძოლა" იყო და დანაკარგების თანაფარდობა სხვადასხვა მონაცემებით 1:7-ზეა. საგრძნობი დანაკარგები განიცადა უკრაინამაც, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბრძოლის ბოლო დღეებში, როდესაც დაჭრილთა ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ვითარების სტაბილიზაციისთვის, უკრაინულმა სარდლობამ, მანამდე ბახმუტის მიმართულებით გამაგრებული 3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გადაისროლა.
ბრიგადის მებრძოლები პირდაპირ შემხვედრ ბრძოლებში ჩაერთნენ. ქალაქიდან გასვლის პროცესი ნაკლებად ორგანიზებული და ქაოტური იყო. ამ პრობლემებზე წერდა 110-ე ბრიგადის ერთ-ერთი მებრძოლი. უკვე ბრძოლის დასრულების შემდეგ, უკრაინელმა გენერლებმა აღიარეს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, ზოგი უკრაინული დანაყოფი ალყაში მოექცა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სხვადასხვა ცნობებით, ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის დაჭრილებიც. დადასტურებულია საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის რამდენიმე შემთხვევაც.
Carnegie-ის რუსეთის ცენტრის უფროსი მკლვევარი მაიკ კოფმანი ამბობს, რომ ფრონტზე არსებული ობიექტური გარემოემების გათვალისწინებით ЗСУ-ს ადრე თუ გვიან მოუწევდა ქალაქიდან გასვლა, თუმცა ამერიკული დახმარების შემცირების პირობებში ეს უფრო ადრე მოხდა.
"ჩვენ ამ ბრძოლაში უკვე ვნახეთ ამერიკული დახმარების ეფექტი და ამ დახმარების გარეშე, ეს ეფექტი კიდევ უფრო ხილვადი იქნება ბრძოლის ველზე, მომდევნო თვეებში",- ამბობს კოფმანი.
ქალაქის დაკავების შემდეგ, რუსეთის არმია ავდიივკის მიმართულებით წნეხს აძლიერებს, თუმცა განცდილი დანაკარგების გამო, ტემპი შედარებით დაბალია. 25 თებერვალს, ЗСУ დაადასტურა სოფელ ლასტოჩკინედან გასვლა. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტებმა კიდევ 2 სოფელი დაიკავეს: სივერნოე და სტეპოვე.
Carnegie-ს რუსეთის ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსის, დარა მასიკოს თქმით, თუ რუსები შეძლებენ წინსვლას ბახმუტის ფრონტზე, მათი მომდევნო მთავარი მიზანი შესაძლოა ქალაქი პოკროვსკი იყოს. პოკროვსკი ავდიიკან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი გადის.
გასათვალისწინებელია რუსეთის დანაკარგები, რაც უკრაინელთა მონაცემებით 16 ათასი მოკლულით და 30 ათასი დაჭრილით "შემოიფარგლება". სავარაუდოა, რომ რუსეთის არმიას კვლავ აქვს საკმარისი რეზერვები შეტევების გასაგრძელებლად. ამ კონტექსტში, მათ ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ავდიივკის უკან, უკრაინას არ აქვს ორგანიზებული, სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები. სწორედ ეშელონირებული თავდაცვის არ არსებობას ასახელებენ ანალიტიკოსები, უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ.
გასული წლის დეკემბერში, ზელენსკიმ ფრონტის მთელ მონაკვეთზე მასშტაბური საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და თავდაცვითი ზღუდეების ორგანიზების დაწყება ბრძანა, თუმცა უცნობია, რამდენად მოასწრო უკრაინის არმიამ ახალი პოზიციების ორგანიზება ავდიივკის მიღმა, რუსეთს კი მომდევნო მსხვილი დასახლებული პუნქტებისგან სულ რაღაც 30 კილომეტრი აშორებს.
იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინელები ფრონტის სტაბილიზაციას შეძლებენ, ავდიივკის კონტროლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსეთის არმიის ლოჯისტიკას დონეცკის ოლქში.
ვუჰლედარი
მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთის არმიამ სრულად მოახერხა მარიინკას დაკავება. ავდიივკის მსგავსად, მარიინკაც ЗСУ-ს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ რაიონად მიიჩნეოდა.
ორ წლიანი ბრძოლების შედეგად, ქალაქი პრაქტიკულად სრულად განადგურებულია, თუმცა მისი კონტროლი, რუსებს საშუალებას აძლევს, ყურადღება და რესურსები უფრო მნიშვნელოვანი ადგილისკენ - ვუჰლედარისკენ მიმართონ.
ვუჰლედარის შტურმის მცდელობა რუსეთის არმიას გასული 2 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჰქონდა. ქალაქი, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობისა და ინტელექტუალური ლპობის სიმბოლოც გახდა. 2023 წლის იანვარში, რუსეთის მიერ წამოწყებული მასირებული სატანკო იერიშმა ვუჰლედართან სრული კრახი განიცადა, რასაც გენერალ რუსტამ მურადოვის კარიერა ემსხვერპლა. თუმცა, ამჯერად ვითარება განსხვავებულია.
მარიინკის კონტროლი რუსეთს საშუალებას აძლევს ვუჰლედარს ჩრდილოეთ ფლანგიდან შეუტიოს. ამ დროისთვის, რუსეთის არმიის წნეხი სოფელ ნოვომიხაილივკისკენაა მიმართული, რომელიც ვუჰლედარიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული.
რთული სათქმელია, თუ რა რეზერვები აქვს მობილიზებული რუსეთის არმიას ფრონტის ამ მონაკვეთზე, თუმცა მარიუპოლის მერის, პიოტრ ანდრიუშენკოს ცნობით, მის ქალაქში რუსეთის 40-ათასიანი დაჯგუფება იმყოფება.
სწორედ მარიუპოლიდან ხდება საოკუპაციო ძალების მომარაგება დონეცკის ოლქის სამხრეთში. მოსალოდნელია, რომ ავდიივკის დაცემა, რუსეთს საშუალებას მისცემს ზოგი დანაყოფი ფრონტის ამ მონაკვეთზე გადაისროლოს.
ვუჰლედარს ოკუპანტებისთვის საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს მათთვის დონბასის სამხრეთში ცენტრალური საკომუნიკაციო კვანძია, რომლის დაკავებაც გაართულებს უკრაინის შესაძლო იერიშს ყირიმის სახმელეთო კორიდორის მიმართულებით. ვუჰლედარის დაკავება გააუმჯობესებს რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებს დონბასის სამხრეთში და გააღრმავებს მათ თავდაცვის ხაზებს.
რობოტინე
2023 წლის ზაფხულის მიწურულს, უკრაინის კონტრიერიშის კულმინაციამ სწორედ სოფელ რობოტინეში მიაღწია. თითქმის 3-თვიანი კამპანიის ფარგლებში, უკრაინის არმიამ, წინ მხოლოდ 16 კილომეტრით წაიწია. უკრაინის არმიამ სექტემბერში პირველად დაძლია ე.წ. სუროვიკინის ხაზი, თუმცა იერიშის გასაგრძელებლად რესურსები საკმარისი აღარ აღმოჩნდა. რობოტინე, კონტრიერიშის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ბრძოლა იყო და შესაბამისად ЗСУ-ს ყველაზე დიდი წარმატებაც.
რუსეთი მომართულია, რომ გაანულოს უკრაინის წარმატებები ფრონტის ამ მონაკვეთზე და უკრაინელ მებრძოლებს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენოს.
ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება Таврия-ს პრესსპიკერის, დმიტრო ლიხოვოის ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთს უფრო დიდი ძალები ყავს მობილიზებული, ვიდრე ავდიივკასთან (40 000-50 000).
"როგორც ჩანს რუსების მიზანია აქ წარმატების გამუდმებული შტურმებით მიაღწიონ, ისე როგორც ამას ავდიივკაში შვებოდნენ",- ამბობს ლიხოვოი.
2023 წლის შემოდგომიდან, რუსეთის არმიის სტრატეგია ფრონტის მთელ მონაკვეთზე წნეხის განაწილებას და შესაბამისად, უკრაინული დანაყოფების ფიქსირებას, მათ ეტაპობრივ გამოფიტვას გულისხობს.
"რუსეთის სამხედრო ლიდერებს მათი გამოცდილება კარნახობს, რომ ახლა წინსვლის დროა: უკრაინული დანაყოფებს ცოცხალი ძალისა და ჭურვების დეფიციტი აქვთ, ამერიკული დახმარება გაჭედილია, დასავლეთის მიერ ამუნიციის წარმოების სამიზნე მაჩვენებლები არ არის შესრულებული",- წერს დარა მასიკო.
ეს დასტურდება რუსეთის არმიის ტაქტიკითაც, რუსეთმა რობოტინეს მიმართულებით შეტევები სექტემბერშივე დაიწყეს, თუმცა შეტევები უფრო მასირებული და ხშირი გახდა გასულ დღეებში. თითქმის ყოველდღიურად უკრაინელი სამხედროები რუსების შეტევების შესახებ იუწყებიან, მათ შორის ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ამ შეტევების დიდი ნაწილი ჩავარდა, თუმცა ცნობილია, რომ რუსულმა დანაყოფებმა რამდენიმეჯერ შეაღწიეს უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზეც.
"აღსანიშნავია ЗСУ-ს აქტიური თავდაცვა. ისინი განგებ უშვებენ ჩვენს მოიერიშე დაჯგუფებებს სოფელში, შემდეგ კი რკალს კრავენ",- წერს Z-ბლოგერი სიმიონ პეგოვი.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის ამოცანას ჭურვების შიმშილისა, ცოცხალი ძალის დეფიციტისა და მტრის ავიაციის უპირატესობის გარდა, სხვა გარემოებებიც ართულებს. "ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ЗСУ-ს მიერ კონტრიერიშის ფარგლებში გათავისუფლებული ტერიტორიის უმეტესობა ძალიან რთულად დასაცავია",- წერს სტრატეგიული კვლვების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, რობ ლი.
ავდიივკის მსგავსად, რობოტინეს ირგვლივ, ძირითადად გაშლილი და სწორი სივრცეა, რაც ხელს აძლევს რუსეთის ავიაციას. რობოტინე რუსეთის ხაზში შეჭრილი სოლივითაა, რომლის ფლანგებიც რთული დასაცავია.
ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთის მთავარი ამოცანა სიმბოლური გამარჯვება და ურკაინული კონტრიერიშის შედეგების განულებაა. წარმატების შემთხვევაში, ოკუპანტების არმიამ შესაძოა ქალაქ ორიხივსაც შეუტიოს.
ბახმუტი
ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა. თითქმის 10-თვიანი თავდასხმის შედეგად, რუსეთის არმიამ სრულად გაანადგურა ქალაქი და საბოლოდ, მაისის მიწურულს დაიკავა კიდეც. ამ მონაკვეთზე, რუსეთის ძირითადი ძალა ვაგნერით იყო წარმოდგენილი, რომელიც განცდილი დანაკარგების გამო, ომს გამოეთიშა.
დანაკარგები მაღალი იყო უკრაინის მხარესაც - დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელი კონსულტანტები, უკრაინელ კოლეგებს ქალაქის დატოვებას ურჩევდნენ. BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროების ცნობით, გარკვეულ მომენტში, მთავარსარდალი ზალუჟნი ქალაქიდან ჯარების გაყვანას და უფრო მომგებიან პოზიციებზე გამაგრებას ემხრობოდა, მაგრამ იმ დროისთვის, ბახმუტმა, უკრაინული ხელმძღვანელობისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.
ბახმუტი უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და მშობლიური მიწისთვის, მათი თავდადების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ამ პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ოფისმა არ მიიღო ვალერი ზალუჟნის წინანადება, რის გამოც ქალაქისთვის სისხლიანი ბრძოლები, 2023 წლის მაისამდე გაგრძელდა. ეჭვგარეშეა, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროების დარჩენამ, ვაგნერის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად შეამცირა, თუმცა ბევრი უკრაინელი სამხედრო ეჭვქვეშ აყენებს იმ საფასურს, რაც ЗСУ-მა ამისთვის გადაიხადა.
ბახმუტი კიდევ ერთხელ გახდა განხეთქილების საგანი გასულ ზაფხულში - New York Times-ის ცნობით, ამერიკელი კონსულტანტები უკრაინელებს ურჩევდნენ, არ გაებნიათ ძალები ბახმუტის ირგვლივ და რესურსები სამხრეთში, მთავარი დარტყმისთვის გადაენახათ.
მიუხედავად ამისა, სირსკის დანაყოფებმა, 2023 წლის მაისის მიწურულს ბახმუტის ირგვლივ ახალი იერიში წამოიწყეს. ЗСУ-ს ახალი მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი, აქტიურად ურთიერთობდა დასავლურ პრესასთან და ყველა ინტერვიუში ბახმუტის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა.
გენერლის ამგვარი განწყობის მიუხედავად, ЗСУ-მ ვერ შეძლო ქალაქის დაბრუნება და არმიის წინსვლა კლიშიივკასა და ანდრიივკასთან შეჩერდა, რომლის დასაკავებლადაც უკრაინელ მებრძოლებს რამდენიმე თვე დასჭირდათ. დღეის მდგომარეობით, ფრონტის ამ მონაკვეთს კვლავ რუსეთის არმია უტევს.
ოკუპანტების სამიზნე ქალაქი ჩასოვ იარია - ამაღლებაზე განლაგების გამო, სწორედ ჩასოვ იარში გამაგრებას ურჩევდნენ უკრაინელებს დასავლელი კონსულტანტები. თვეების განმავლობაში, ქალაქზე გადიოდა ე.წ. სიცოცხლის გზა, რომელსაც უკრაინელებმა ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად იყენებდნენ.
უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერის, ვოლოდიმირ ფიტიოს ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიას დაახლოებით 60-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული. რიცხვები მაღალი ალბათობით სანდოა.
უკრაინის კონფლიქტის მონიტორის Rochan Consulting-ის დამფუძნებლის, კონრად მუზიკას ცნობით, ჯამურად, დონეცკის ოლქში, ამ დროისთვის, რუსეთის არმიას ორჯერ უფრო დიდი ძალები ჰყავს, ვიდრე უკრაინას.
ამ ადგილზე, რუსეთის წინსვლა სახიფათო იქნება, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები პოკროვსკისთვის. ქალაქი კრიტიკული საგზაო კვანძია, რომლის გავლითაც უკრაინა ფრონტის ამ მონაკვეთზე განლაგებულ ასეულობით დანაყოფს ამარაგებს. სავარადოა, რომ პოკროვსკის დაკავება, რუსეთის არმიისთვის მარტივი ამოცანა არ იქნება. ქალაქს 2 თავდაცვის ხაზი აქვს: კრამატორსკი-სლოვიანსკი. ამ რაიონებს უკრაინა დიდი ომისთვის გასული 9 წლის განმავლობაში ამზადებდა
"რუსეთი ამ ქალაქებზე შეტევით მძიმე ფასს გადაიხდის, თუ კი უკრაინა დამატებით შეიარაღებას მიიღებს",- წერს დარა მასიკო.
ჩასოვ იარის ამაღლების დაკავება, ქალაქ კრამატორსკის, რუსეთის კონვენციური არტილერიის წვდომის არეალში მოაქცევდა. ადგილზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროების ცნობით, ჩასოვ იართან საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგანაც არ არის ორგანიზებული თავდაცვითი ზღუდეები, ხოლო საპირისპიროდ, აქტიურია რუსეთის ავიაცია.
უკრაინის თავდაცვითი საინჟინრო პოზიციები ხარკივის ოლქში - ფოტო David Guttenfelder (New York Times)
სტრატეგიულად კი ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის მიზანი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქის სრულად დაკავებაა, რაც მაღალი ალბათობით, რუსეთისთვის მიმდინარე ომის პროგრამა მინიმუმია.
კრემინნა
თუ კი სამხრეთში საოკუპაციო არმიის მთავარი ამოცანა უკრაინის არმიის გასული წლის კონტრიერიშის შედეგების განულებაა, ამ მონაკვეთზე რუსეთი 2022 წლის ხარკივის კონტრიერიშის შედეგების განულებას ცდილობს. მაშინ, ელვისებური დარტყმის შედეგად, უკრაინელმა მებრძოლებმა რამდენიმე დღეში, დაახლოებით 500 დასახლებული პუნქტი და 11 000 კმ² გაათავისუფლეს.
მიიჩნევა, რომ სწორედ ხარკივის კონტრიერიშმა აიძულა პუტინი გამოეცხადებინა სამხედრო მობილიზაცია. სვატოვესა და კრემენნას მიმართულებით ЗСУ-ს წინსვლის შეჩერება, რუსეთმა ათასობით გაუწვრთნელი მობილიზებულების ხარჯზე შეძლო, რომლებიც ფრონტის ხაზზე, პირდაპირი ვაგონებიდან გადაჰყავდათ.
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ფრონტის ეს მონაკვეთი მიმდინარე ზაფხულში გააქტიურდა - სამხრეში უკრაინული იერიშის პარალელურად რუსეთმა 100 ათასიანი დაჯგფუფება შეკრიბა და შეტევაზე გადავიდა.
ოპერაცია ივლისში დაიწყო და ძირითადი ხაზი სინკოვკა-პეტროპავლოვსკზე გადიოდა, რომელიც ქალაქ კუპიანსკიდან დაახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული. გარდა ამისა, რუსებმა იერიში წამოიწყეს კრემმნაიადან ქალაქ ლიმანის მიმართულებითაც.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთი იერიშს საკმაოდ დიდი ძალებით აწარმოებდა, თუმცა მათი წინსვლა, დაახლოებით ისეთივე ნელი იყო, როგორც უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთში. თითქმის 1-თვიანი შეტევების შემდეგ, ოკუპანტების წინსვლა 5-6 კილომეტრით შემოიფარგლებოდა.
იერიშისგან მომავალ საფრთხეს სერიოზულად მოეკიდა უკრაინის არმია. აქ უკრაინის მხრიდან ძირითადად ძველი და რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი ნაწილები იბრძოდნენ. ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებდა ისიც, რომ ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ, კუპიანსკის რაიონის 28 დასახლებაში სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა.
15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინამ რეზერვები გადაისროლა. ფრონტის მათ შორის, აზოვის განახლებული პოლკი სამშობლოში დაბრუნებული დენის პროკოპენკოს მეთაურობით. რამდენიმე თვიანი სტაბილიზაციის შემდეგ, საოკუპაციო არმია ფრონტის ამ მონაკვეთზეც განახლებული ძალებით უტევს.
რუსეთის მთავარი მიზანი კუპიანსკი და ლიმანია. სერებრიანის ტყის ზონის გარდა, კრემინაიადან რუსეთის არმია ჩრდილოეთით კუპიანსკისა (92 კილომეტრი) და სამხრეთით ლიმანის (33 კილომეტრი) მიმართულებით უტევს.
უკრაინელი სამხედროები ქალაქ კუპიანსკთან - ფოტო Tyler Hicks (New York Times)
Rochan Consulting-ის ცნობით, რომელმაც უკრაინული არმიის თხოვნით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიის შესაძლო შეტევების გეგმა შეიმუშავეს, საკვანძო მნიშვნელობა ამინდს ექნება. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მიზნების მისაღწევად რუსეთის არმიამ რთული და ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანები უნდა შეასრულოს, რაც ეფექტური დაზვერვას და მომზადებულ პოზიციებზე თავდასხმას გულისხმობს.
"ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთს წარმატებისთვის გამოცდილი ჯარისკაცები და სხვადასხვა მოიერიშე დაჯგუფებებს შორის მჭიდრო და ეფექტური კოორდინაცია დაჭირდება. სხვაგრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს მასშტაბური დანაკარგები ექნება",- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთანავე, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მაღალი ალბათობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე მობილიზებული დანაყოფები არ არიან შევსებულები და აღჭურვილობის პრობლემები აქვთ.
III წელი
სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წელი უკრაინელებისთვის ნამდვილი სასწაულების წელი იყო, მეორე არარეალიზებული ოცნებების. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მესამე წელი კვლავ გადარჩენისთვის ბრძოლის 12 თვე იქნება.
უკრაინელების აბოლიტურ უმრავლესობა (85%) კვლავ დარწმუნებულია გამარჯვებაში, მაგრამ ამავე კვლევების მიხედვით, განწყობები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გამარჯვება და როდის დადგება ეს დღე, სწრაფად იცვლება.
დღეს, უკრაინელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გამარჯვების მისაღწევად წლები იქნება საჭირო. ამ სირთულეებს ასახავს ისიც, რომ პირველად, ომის მიმდინარეობისას უკრაინელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გაჭიანურებული ამერიკული დახმარება კი იმის მომასწავებელია, რომ ვითარება, წელს, მაღალი ალბათობით, არ გაუმჯობესდება. უკრაინის ხელმძღვანელობა იძულებულია, რომ ერთდროულად იზრუნოს საგარეო დაფინანსებაზე, გართულებულ მობილიზაციაზე, საბიუჯეტო ხარჯებსა და დეფიციტურ საარტილერიო ჭურვებზე.
რესურსებისა და ცოცხალი ძალის კუთხით თავისი პრობლემები აქვს რუსეთს, მაგრამ გამოფიტვის ომში, კრემლს მზარდი უპირატესობა აქვს. "სანამ მსუქანი ადამიანი ხდება, სუსტი ქრება",- ამბობს The Economist-თან საუბარში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მაღალჩინოსანი.
ირპინის მოქალაქეები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე - ფოტო Wall Street Journal
ამერიკული დახმარების გარეშე, უკრაინულ არმიას ფრონტის ამ მდგომარეობაში შენარჩუნების რესურსი უბრალოდ არ აქვს. თუმცა, რთული ვითარების მიუხედავად, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გამოსავალი არსებობს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისთვის დაწერილ სტატიაში მაიკლ კოფმანი და ფრანც სტეფან გადი ირწმუნებიან, რომ დასავლეთის მიერ სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ წელს შეიქმნას, უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო საფუძველი.
ავტორების მტკიცებით, მოცემულ ვითარებაში, უკრაინა ღრმა თავდაცვის სტრატეგიაზე უნდა გადაერთოს, რაც მათ დანაკარგების შემცირების, რესურსების დაზოგვისა და ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს. ეს მიდგომა, სივრცის დროში გაცვლას გულისხმობს.
"უკრაინამ და დასავლეთმა საბოლოოდ უნდა მიიღონ და გაიაზრონ ხანგრძლივი ომის გარდაუვალობა. მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც, უკრაინული არმიის საბრძოლო პოტენციალისა და უპირატესობის აღდგენაა",- ნათქვამია სტატიაში.