WSJ: ბახმუტთან მარცხის შემდეგ რუსეთი სოლედარის მიმართულებით გადაერთო

ბახმუტთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთი დანაყოფები ქალაქ სოლედარის მიმართულებით გადაჯგუფდნენ და ფრონტის ხაზის გარღვევას ამ მონაკვეთზე ცდილობენ.

ამის შესახებ Wall Street Journal წერს

სოლედარის ირგვლივ ბრძოლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მაგრამ რუსული დანაყოფების გადაჯგუფება იმაზე მიუთითებს, რომ ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური თავდაცვა ოკუპანტების ტაქტიკის შეცვლას აიძულებს. სოლედარი ბახმუტიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული. 

გაზეთის წყაროების ცნობით ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა ბახმუტის ოკუპაციის განზრახვაზე, მაგრამ ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ფრონტის ამ მონაკვეთზე შექმნილი ვითარება გადაიაზრონ. 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსების გადაჯგუფების განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა, რომლის მიხედვითაც ბახმუტთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსები ცდილობენ სოლედარის თავდაცვითი ზღუდეების მოსინჯვას იმ მიზნით, რომ წარმატებას ამ მონაკვეთზე მაინც მიაღწიონ. 

კონტექსტი

ქალაქ ბახმუტთან ბრძოლები უკვე 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ დრომდე ფრონტის ყველაზე აქტიურ მონაკვეთად მიიჩნევა. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ორივე მხარისგან ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. 

ამასთანავე რუსული დანაყოფების სიჯიუტე და ტაქტიკა დასავლელი სამხედრო ექსპერტების გაოცებას იწვევს, რადგანაც ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რომლის დაკავების შემდეგაც რუსეთის სტრატეგიულ ინიციატივას მიიღებდა. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე ძირითადად ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის დანაყოფები იბრძვიან - სამხედრო ექსპერტების აზრით ბახმუტზე გაუმართლებელი ფოკუსირება განპირობებულია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილით ხარკოვსა და ხერსონში განცდილი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვოს. 

მსგავსი სიახლეები