გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერი სოციალ-დემოკრატებიდან არ გარიცხეს
გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერი გერჰარდ შროდერი, რომელიც პუტინის მეგობარი და რუსული ენერგოკომპანიების ლობისტი იყო გერმანიაში, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან არ გარიცხეს. სააგენტო AFP-ს ცნობით, 2 მარტს, ჰანოვერის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის მეორე ინსტანციის საარბიტრაჟო კომისიამ უარყო განცხადება პოლიტიკოსის პარტიიდან გარიცხვის შესახებ.
Der Spiegel წერს, რომ პეტიციები "უსაფუძვლოდ" მიიჩნიეს. გარიცხვისთვის შროდერს უნდა "დაერღვია პარტიის წესდება, პრინციპები ან ბრძანება, ან დამნაშავე ყოფილიყო არასაპატიო საქციელში" ან "უგულებელყო შიდაპარტიული სოლიდარობა". ეს განცხადება პარტიის საარბიტრაჟო კომისიაში გააკეთეს.
"შესაძლებელია, რომ გერმანელმა მაღალჩინოსნებმა არასწორად შეაფასეს რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების საფრთხე ბოლო 25 წლის განმავლობაში", - ნათქვამია რეზოლუციაში. ეს ეხება არა მხოლოდ შროდერს, არამედ სხვა სოციალ-დემოკრატ და სხვა პარტიების წევრ პოლიტიკოსებს.
"თუმცა მისთვის მსგავსი ბრალის წაყენება შორს წასვლაა", - ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.
გასული წლის აგვისტოში, პარტიული ორგანიზაციის საარბიტრაჟო კომიტეტმა ჰანოვერში უარყო მრავალი ადგილობრივი აქტივისტის მოთხოვნა, პარტიიდან შროდერის გარიცხვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა პარტიის შვიდმა ფილიალმა, რომელმაც შეიტანა საჩივრები, მაგრამ მეორე ინსტანციაში დამარცხდნენ.
Stern-ის ცნობით, ყოფილ კანცლერს "არ გაუკვირდა" პარტიული სასამართლოს გადაწყვეტილება.
"გადაწყვეტილება იყო სამართლებრივად მყარი და დამაჯერებელი, ასევე პოლიტიკურად თანმიმდევრული", - თქვა პოლიტიკოსმა.