ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კრის კრისტის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორ კრის კრისტის შეხვდა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ერთ-ერთია.
ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზელენსკიმ კრისტის, ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ასევე აღნიშნა დახმარების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.
"აშშ არის ლიდერი, ისინი გვაძლევენ ყველაზე მეტ მხარდაჭერას ბრძოლის ველზე - ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. და, რა თქმა უნდა, ფინანსურ სექტორში, რომელიც ასევე ძლიერი მხარდაჭერაა," - განაცხადა პრეზიდენტმა.
კრისტიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას სურდა საკუთარი თვალით ენახა უკრაინაში არსებული ვითარება და გაეზიარებინა ის ამერიკული საზოგადოებისთვის, რომელიც "უკიდურესად უჭერს მხარს უკრაინას."
ზელენსკისთან შეხვედრამდე ამერიკელი პოლიტიკოსი ბუჩას ეწვია, რომელიც სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყისში დაზარალდა.
კრისტი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატების პროუკრაინული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პრორუსული განცხადებები.
ის რესპუბლიკური პარტიის მეორე კანდიდატია, რომელიც უკრაინას ეწვია. ივნისის ბოლოს ეს მაიკ პენსმა გააკეთა.