ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ის სუნაკს შესვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ამის შესახებ მან 15 მაისს Telegram-ზე განაცხადა.
"დღეს ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთზე და ცაში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება", - დაწერა მან.
ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
"ჩვენი დელეგაციები არსებით მოლაპარაკებებს გამართავენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის ლიდერი 13 მაისს იტალიას, ხოლო 14 მაისს გერმანიასა და საფრანგეთს ეწვია.
კონტექსტი
გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადა და დაიწყო მფრინავებისა და საზღვაო ქვეითების მომზადება.
11 მაისს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტა Storm Shadow-ს მიწოდება. მისი თქმით, რაკეტები "უკრაინას საშუალებას მისცემს უკან დაახევინოს რუსულ ძალებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან."