ზელენსკი: დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ბრძოლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება მიმდინარეობს.
"გავმართე რამდენიმე შეხვედრა. სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ისევ უკიდურესად მძიმეა. ეს ფაქტიურად არის ბრძოლები უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ბრძოლების მნიშვნელობა. იქ მოგებული ყოველი მეტრი მთელი ჩვენი სახელმწიფოს დაცვაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან განმარტა, რომ ყოველი დღე, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკაში [დონეცკის ოლქი] და დონბასის სხვა დასახლებებში ატარებენ, არის რუსული აგრესიის შემცირება კვირის განმავლობაში.
"ახლა სწორედ იქ მიმდინარეობს რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება. ყველაფერს, რასაც მტერი კარგავს ჩვენს დონბასში, ვეღარ აღადგენს. და ეს არის ზუსტად ის რუსული აგრესიის პოტენციალი, რომლითაც ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა მოელოდა მთელი ჩვენი უკრაინის განადგურებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს მისცეს მეტი იარაღი, უფრო შორი მოქმედების იარაღი და მეტი ძალა მომავალი შეტევისთვის.
"და დღეს არის ვალენტინობის დღე. ვულოცავ ყველა შეყვარებულს ამ დღესასწაულს, ამ დღეს. და ვულოცავ ყველას, ვინც უკრაინაზეა შეყვარებული!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.