ზელენსკი: ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ისეთი მოთამაშე აღარ იქნება, როგორიც რუსეთია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ანტიევროპული ენერგეტიკული პოლიტიკა დამღუპველია თავად რუსეთისთვის. ამის შესახებ მან 25 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსული გაზის შანტაჟის გამო, ევროპაში გაზის ფასმა უკვე გადააჭარბა 3300 დოლარს 1000 მ³-ზე".
"და ეს რუსული ანტიევროპული პოლიტიკა ნამდვილად დამღუპველია, მაგრამ სტრატეგიული პერსპექტივით - თავად რუსეთისთვის. აღარ იქნება ისეთი მოთამაშე ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, როგორიც რუსეთი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღიარა, რომ ახლა სიტუაცია "ძალიან საშიში და ძალიან მწვავეა".
"მაგრამ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ენერგეტიკულ საკითხს ძალიან პასუხისმგებლობით მიუდგა და ყველაფერს აკეთებს ადაპტაციისთვის, თავის დასაცავად. თუ ვინმე რუსეთში ფიქრობს, რომ ამ ზამთარში მთლიანად ევროპას, უკრაინას ან სხვა ცალკეულ ქვეყნებს დააჩოქებს, მაშინ ეს წარუმატებელი გათვლაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი აზრით, ევროპა "საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ გამოასწოროს წარსულის შეცდომები", დამოუკიდებელი გახდეს რუსეთის ენერგოსისტემისგან, რუსული ენერგომატარებლებისგან და არ დაემორჩილოს "გაზპრომის" შანტაჟს.