ზელენსკი: პუტინთან შესახვედრად ვატიკანი იდეალური ადგილია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის ვატიკანი იდეალური ადგილი იქნებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა, La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"დიახ, შესაძლოა სწორედ ვატიკანი იყოს საუკეთესო ადგილი ყველა თვალსაზრისით, მშვიდობის შესახებ დიალოგისთვის ვატიკანი ზოგადად საუკეთესო ადგილია",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი წარმოადგენს მორალურ ავტორიტეტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციებს, რადგანაც არის მიუკერძოებელი და იმსახურებს ყველა მხარის ნდობას.
"რომის პაპი თავისი არსით მშვიდობის მოციქულია, ამ თვალსაზრისით ვატიკანი სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისგან გამორჩეულია",- ამბობს უკრაინელმა პრეზიდენტი.
იტალიურ გამოცემასთან საუბარში ზელენსკიმ დარწმუნებით გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია შეხვედრის ადგილი, ზუსტი დრო და თემები, რაზეც მხარეები ისაუბრებენ.
ზელენსკის თქმით, შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტიკა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც მისი ოფისი შეხვედრასთან დაკავშირებით პირდაპირ კონსულტაციებს დაიწყებს რუსულ მხარესთან.
ზელენსკის თქმით, მან უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მისი ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს შეხვედრა ვიდეო მიმართვის მეშვეობით შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას შესთავაზა შეხვედრილიყვნენ დონბასის რეგიონში, ფრონტის ხაზზე და განეხილათ რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება.
პუტინმა ზელენსკის წინადადებას რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა და უკრაინელ კოლეგას მოუწოდა თავდაპირველად ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტებს შეხვედროდა. პარალელურად პუტინმა გამოხატა მზაობა ნებისმიერ დროს უმასპინძლოს უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში.
მოსკოვში შეხვედრის შეთავაზება არაკორექტულად მიიჩნია უკრაინის ვიცე-პრემიერმა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.
პუტინის შეთავაზებაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის ადგილს არსებითი მნიშნვნელობა არ აქვს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შეხვედრის შინაარსი.