ზელენსკი სამხედროებს: არაფერი აპატიოთ მოღალატეებს და ტერორისტებს
14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით დაწყებულ კონტრშეტევაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი იტყობინება.
"თქვენ აბსოლუტურად გმირი ხალხი ხართ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და უკრაინის ხალხზე. და ჩვენი შვილები, თქვენი შვილები და შვილიშვილები არასოდეს დაივიწყებენ [თქვენს საქმეს]. გთხოვთ, არ აპატიოთ არცერთ ამ მოღალატეს და ტერორისტს", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს "ყველაზე მნიშვნელოვანის - უკრაინის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის".
ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში ვიზიტისას ასევე შეხვედრა გამართა ფრონტზე და დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერატიული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება მოისმინა.
გარდა ამისა, ზელენსკი ეწვია დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ იზიუმს.