ზელენსკი: უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება კომპრომისზე, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღიარებას, მოკავშირეების მხრიდან სერიოზული ზეწოლის პირობებშიც კი.
ამის შესახებ მან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ყოველთვის უკრაინულად დარჩება, სანამ ისინი სახელმწიფო კონტროლს არ დაუბრუნდებიან.
"თუნდაც მსოფლიოს ყველა მოკავშირე გაერთიანდეს, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. ჩვენ მათ კანონიერად არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ყოველთვის ოკუპირებულ ტერიტორიებად დარჩებიან, სანამ იქ არ დავბრუნდებით." - თქვა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს, რადგან აგრესორთან თანაბარ პირობებში მოპყრობის ნებისმიერი მცდელობა უკრაინის დამარცხებაა.
"არ შეიძლება პუტინის სუბიექტივიზირება ამ ისტორიაში. მან ყველაფერი დაარღვია. ის არის დამნაშავე და ეს უნდა გააცნობიეროს. მაგრამ ვერ შეაჩერებთ მას, თუ თანაბარ პირობებში დაელაპარაკებით - ეს უკრაინისთვის მარცხია." - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ომის აქტიური ფაზის დასრულება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია.
"ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველა შესაძლებლობა, რომ დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. ეს არის ნომერი პირველი საკითხი. შეიძლება ბევრი მოლაპარაკება იყოს, მაგრამ მთავარია აქტიური ფაზის შეჩერება. ეს არის უსაფრთხოების ნომერ პირველი გარანტია." - განაცხადა მან.
კონტექსტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია, მაგრამ პროცესი რთული იქნება და ორივე მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს.
"კონფლიქტი უნდა დასრულდეს და მისი დასრულება შეერთებული შტატების პოლიტიკაა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მის დასრულებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს მდგრადი გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა მხოლოდ კონფლიქტის დასრულება და იმის დაშვება, რომ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში ისევ დაიწყოს. ჩვენ გვინდა სტაბილურობის უზრუნველყოფა." - აღნიშნა რუბიომ.
რუბიო ასევე თვლის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევნით "ყველა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რადგან მას სურს მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და ამ კონფლიქტების დასრულება."
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს, დადოს შეთანხმება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ანადგურებს რუსეთს და იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ადამიანურ ზიანს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად დონალდ ტრამპის დაპირებისა, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ "ხვალ ან ზეგ" არ დასრულდება.