ჟოზეპ ბორელი ჰეზბოლას საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს შეხვდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი ბეირუთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეხვდა, რათა თავიდან აიცილოს ლიბანის ისრაელ-ჰამასის ომში ჩათრევა.
ლიბანური მედიის ცნობით, ჟოზეპ ბორელი ჰეზბოლას საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს, მოჰამედ რაადს შეხვდა.
ევროკავშირის წყარო შეხვედრას ადასტურებს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელის სამხედრო ბაზის დაბომბვის შემდეგ შედგა. ლიბანურმა დაჯგუფებამ ამ თავდასხმით ისრაელის მიერ ბეირუთში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობას უპასუხა.
"ევროკავშირი დიპლომატიურ დიალოგს აწარმოებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ აქტორთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ ვითარებაზე," - განუცხადა წყარომ The Times of Israel-ს.
კონტექსტი
ჰეზბოლა ("ალაჰის პარტია" - რედ.) ირანის მხარდაჭერით, ლიბანის 1975-90 წლების სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბებული ჩრდილოვანი ფრაქციადან, კარგად შეიარაღებულ ძალად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტერორისტულ დაჯგუფებად ტრანსფორმირდა, რომელსაც ლიბანზე დიდი გავლენა აქვს.
დაჯგუფება შიიტურ, რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიას მისდევს.
2006 წელს ჰეზბოლას მებრძოლები ისრაელში შეიჭრენ და 2 სამხედრო პირი გაიტაცეს, რასაც ისრაელის შეტევა და ახალი ომის დაწყება მოჰყვა. ამ დაპირისპირებას 158 ისრაელელი სამხედრო და 1200 ლიბანელი, ძირითადად მშვიდობიანი პირები შეეწირა. ომის დროს, ჰეზბოლამ ათასობით რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით.
დაჯგუფების სამხედრო შესაძლებლობები 2012 წელს, სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობის ზრდის შემდეგ გაიზარდა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში, ჰეზბოლამ მნიშნველოვანი როლი ითამაშა.
2021 წელს, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ დაჯგუფებას 100,000 მებრძოლი ჰყავს.
ჰეზბოლა პოლიტიკური პარტიაც არის, რომელიც ლიბანის პარლამენტში 15 მანდატით არის წარმოდგენილი.