ბაიდენის $1.9 ტრილიონიანი გეგმა კონგრესმა დაამტკიცა
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა 1.9 ტრილიონ დოლარიან ეკონომიკური დახმარების პაკეტს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ იყო ინიცირებული.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კანონპროექტს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს ფინანსური პაკეტი ყველაზე მეტად იმ მშრომელებს დაეხმარება, რომლებმაც “ ამერიკის შეერთებული შტატები ააშენეს და ქვეყნის წინსვლას უზრუნველყოფენ.”
რას გულისხმობს ფინანსური დახმარების პაკეტი?
კანონპროექტის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა 1,400 აშშ დოლარიან დახმარებას ერთჯერადი სახით მიიღებენ. სექტემბრამდე გახანგრძლივდება ყოველკვირეული, 300 დოლარიანი დახმარების გაცემა იმ ადამიანებზეც, რომლებსაც სამსახური არ გააჩნიათ.
ამავდროულად, $350 მილიარდი გადანაწილდება სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებზე, $140 მილიარდი სკოლების ხელახალ გახსნას მოხმარდება, $49 მილიარდი კოვიდ ტესტირებასა და გამოკვლევებზე დაიხარჯება, ხოლო $14 მილიარდი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას მოხმარდება.
კანონპროექტი თავდაპირველად კიდევ ერთ ინიციატივას, მინიმალური ანაზღაურების 15 დოლარამდე გაზრდას მოიცავდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა და საბოლოო პაკეტში ვეღარ მოხვდა.
მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები
ფინანსური დახმარების ინიციატივა მოსახლეობაში ფართოდ პოპულარული აღმოჩნდა. Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტს სრულწლოვანი ამერიკელების 70% უჭერს მხარს. ამ ინიციატივას, რესპუბლიკელების მხარდამჭერების 41%-იც დადებითად აფასებს.
ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი გეგმის მხარდამჭერები დემოკრატიული პარტიის ის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც კონგრესის ორივე პალატაში მცირე უპირატესობა გააჩნიათ, რაც წარმატების განმაპირობებელი მიზეზი გახდა.
რესპუბლიკელებმა ინიციატივა ნეგატიურად შეაფასეს და მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა საყოველთაობის პრინციპი და მიიჩნევენ, რომ დახმარება კონკრეტული საჭიროებების მქონე ჯგუფებს უნდა გაეწიოთ და არა იმ ადამიანებს, ვისაც გასულ წელს შემოსავალი არ დაუკარგავს.
კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში 527,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაავადება თითქმის 30 მილიონ ადამიანს შეეყარა.
წყარო: BBC.COM