-

რუსეთის საწყისი იერიშის მოგერიებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმა და ის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უკრაინის არმიამ 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ წამოიწყო. 

ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ მომზადებულ ვრცელ კვლევაშია საუბარი

აღნიშნული ნაშრომის ავტორები არიან RUSI-ს უფროსი მკვლევარები - ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ყოფილი უფროსი, ალექსანდრ დანილიუკი და უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების ყოფილი მეთაური, მიხაილო ზაბროდსკი. 

აღნიშნული დოკუმენტი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ამ დრომდე გამოქვეყნებულ ყველაზე ვრცელ აკადემიურ ნაშრომად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ანგარიშის ავტორებმა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ შეგროვილ ოპერატიული მონაცემებზე დაყრდნობით გააანალიზეს 24 თებერვლიდან ივლისამდე არსებული პერიოდი და წარმოადგინეს მთავარი მიგნებები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა. 

თუკი კვლევის პირველ ნაწილში ავტორები რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მზადების გეგმებს განიხილავენ, მეორე ნაწილში ისინი უკრაინის მიერ გაწეულ მოსამზადებელ სამუშაოებზე გვიყვებიან და აღწერენ რუსულ აგრესიამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებულ ატმოსფეროს. 

Si vis pacem, para bellum

უკრაინის შეიარაღებული ძალების მზაობის დონეზე საუბრისას კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით ტექნიკურ შესაძლებლობებზე მეტად მნიშვნელოვანი იყო უკრაინის არმიის ერთსულოვნება, საბრძოლო სულისკვეთება და სამეთაურო ჯაჭვის გამართულობა. 

უპირველესად აღსანიშნავია ის მოცემულობა, რომ უკრაინის არმია 2014 წლიდან მოყოლებული დაბალი ინტენსივობის, მაგრამ თითქმის განუწყვეტელ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული. მხოლოდ გასულ წელს დონბასში, ე.წ. შეხების ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებებში, 90 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 

ასეთი ატმოსფერო თავისთავად აიძულებდა უკრაინელ ჯარისკაცებს და მათ მეთაურებს მუდმივი მზაობის რეჟიმში ყოფილიყვნენ - გასული 8 წლის განმავლობაში დონბასის ცხელ წერტილებში პერიოდულმა როტაციამ უკრაინული არმიის უმცროს საოფიცრე შემადგენლობას მისცა საშუალება, შეესწევლა მოწინააღმდეგე და ბრძოლის ველი, გაემაგრებინა თავდაცვითი ზღუდეები და მომზადებულიყო ესკალაციის შესაძლო სცენარებისთვის. 

ЗСУ ყოველწლიურად ანახლებდა შესაძლო მასშტაბური ომის სცენარებს. ეს სცენარები გათამაშებული იყო არამხოლოდ უმაღლესი სარდლობის, არამედ უმცროსი საოფიცრო შემადგენლობისა და მცირე დანაყოფების დონეზეც. დონბასში მოქმედი დანაყოფები აწყობდნენ გეგმებს, თუ როგორ დაიცავდნენ თავიანთ პოზიციებს და თანამებრძოლებს სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში. 

ამას ხელს უწყობდა 2014-2015 წლებში განვითარებული მოვლენების ხსოვნაც - მაშინ უკრაინის მიერ კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სრული კრახის პირას იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს საომარ მოქმედებებში კონვენციური დანაყოფებით ჩაერთო რუსეთის ფედერაცია. უკრაინელ სამხედროებში არსებობდა მკაფიო აღქმა და გააზრება იმისა, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე არსად წასულა. 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ე.წ. სამხედრო თამაშებსა და წვრთნებში დაშვება კეთდებოდა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიან იერიშზე. ЗСУ-ში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტაქტიკურ დონეზე ისინი მოწინააღმდეგეზე უკეთ იქნებოდნენ მომზადებულები. უკრაინელთა მთავარი წუხილი და საზრუნავი არტილერიაში არსებული უთანასწორობა იყო. ЗСУ-ში შიშობდნენ, რომ ოკუპანტები საარტილერიო დანადგარებში უპირატესობის გამოყენებით მნიშვნელოვნად შეუზღუდავდნენ მათ მოქმედების არეალს და კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნიდნენ მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ხაზებს. 

პრობლემას ამძაფრებდა სამხედრო პერსონალის უკმარისობაც - 2014 წლის შემდეგ დონბასში წარმოქმნილ ე.წ. 20-კილომეტრიან შეხების ხაზთან გამაგრებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 ბრიგადა. ამ ფონზე უკრაინული არმია მოკლებული იყო საჭირო რეზერვებს და იძულებული იყო კონტრშეტევების წარმოებისთვის მცირე დანაყოფებს დაყრდნობოდა. 

ომის დაწყების მომენტში ხსენებული 10 ბრიგადიდან თითოეულს ჰქონდა 10 დღისთვის სამყოფი საბრძოლო მასალა, თუმცა ადგილობრივ სარდლობაში არსებობდა გარკვეული სკეფსისი, რომ ოკუპანტების არტილერიის სრული დატვირთვის პირობებში რუსები შეძლებდნენ სხვადასხვა ღერძზე ფრონტის ხაზის გარღვევას. 

ამასთანავე, უკრაინელებს ახსოვდათ როგორ მოექცნენ ოკუპანტები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს 2014 წელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მათ ნებისყოფას და წინააღმდეგობის სურვილს. 

2014 წლიდან მოყოლებული უკრაინის არმიის მთავარ პრობლემას სამხედრო მოსამსახურეების დაბალი ანაზღაურება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა, ნამატი კვლავ ჩამორჩებოდა ინფლაციის დონეს. არმიის ხელფასები ვერ უწევდა კონკურენციას კერძო სექტორის ხელფასებს. 

დაბალი ანაზღაურებისა და ძირითადად მოკლევადიანი კონტრაქტების პრაქტიკის გავრცელების ფონზე, უკრაინის არმიაში კადრების გადინების პრობლემა წარმოიქმნა. ომის დაწყებამდე კადრების დეფიციტი ЗСУ-ს სერიოზულ პრობლემად გადაიქცა. განსაკუთრებით იგრძნობოდა კომუნიკაციის სპეციალისტების უკმარისობა. ასეთ მოცემულობაში თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, ფინანსური რესურსები საჭირო სპეციალისტების წვრთნისთვის გამოეყო. 

სირთულეების გარდა, კადრების დეფიციტს ჰქონდა ირიბი დადებითი ეფექტიც - კადრების მუდმივი გადინების ფონზე, ქვეყანაში შეიქმნა საჭირო სპეციალობებისა და უნარების მქონე მოქალაქეების მასა, რომლებმაც იცოდნენ სამხედრო საქმის სპეციფიკა. 

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ მათ არასწორად ჰქონდათ წარმოდგენილი, თუ რამდენი რეზერვისტის მობილიზება შეეძლო უკრაინას. 

კადრების გადინება შედარებით ნაკლებად ხდებოდა არმიის უფრო ელიტარულ დანაყოფებში. 24 თებერვლამდე უკრაინაში ჩამოყალიბდა კარგად მომზადებული და შეიარაღებული საჰაერო-მოიერიშე ძალების 7 ბრიგადა. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სპეციალური დანიშნულების ძალების 2 ბატალიონი, რომლებიც სპეციალურად მათთვის აღჭურვილი სპეცოპერაციების ცენტრებიდან იმართებოდა. 

ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა უკრაინის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დანაყოფები. სპეციალური დანიშნებულების რაზმები ჩამოყალიბდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში, ნაციონალურ გვარდიაში, საზღვრის კონტროლის სამმართველოში და საგარეო დაზვერვის სამსახურში, რომლებიც მტრის ზურგში დივერსიულ საქმიანობაზე სპეციალიზდებოდნენ. 

ავტორების ყურადღებას იქცევს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების მცდელობაც, რომლის ამოცანას მოსახლეობის ფართო მასების გაწვრთნა და შესაბამისად, საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და აჯანყებისთვის საჭირო რესურსის შექმნა წარმოადგენდა. ტერიტორიული თავდაცვის ძალების პირველი შენაერთები 2022 წლის იანვარში, ომის დაწყებამდე 1 თვით ადრე გაიწვრთნა. 

ამ დანაყოფის კონცეფცია პერსპექტიულად მიიჩნეოდა, რაც ომის მიმდინარეობამაც დაადასტურა, თუმცა რუსეთის შეჭრის მომენტში სისტემა გამართული არ იყო. ტერიტორიული თავდაცვის ძალების პირველი დანაყოფების ფორმირება პრაქტიკულად ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდა, რაც ნიშნავდა, რომ პირველ ეტაპზე ეს დანაყოფები არ იყვნენ ინტეგრირებული უკრაინის არმიის ერთიან სტრუქტურაში.

თავის მხრივ დაგვიანების მიზეზად შეიძლება უკრაინის შეზღუდული სამხედრო ბიუჯეტი მივიჩნიოთ - რუსეთის მომავალმა წნეხმა და სამხედროა აგრესიამ მნიშნველოვნად შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამ მოცემულობაში სახელმწიფოს ფინანსურად არ შეეძლო მასშტაბური მოხალისეობრივი დანაყოფების წვრთნა და უზრუნველყოფა. უკრაინის ხელმძღვანელობა იძულებული იყო, უკვე არსებული არმიის მყისიერ საჭიროებებსა და პრობლემებზე ფოკუსირებულიყო. 

თავდაპირველი სირთულეების მიუხედავად, კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ომის მიმდინარეობისას ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა სერიოზული პროგრესი განიცადეს - "მათ შეძლეს არამხოლოდ დამხმარე და ზურგში მოქმედი დანაყოფების ჩამოყალიბება, არამედ გასული თვეების განმავლობაში მოამზადეს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შემდგომ უკრაინის მოიერიშე ნაწილებში გაწევრიანდნენ". 

ამგვარად 24 თებერვლისთვის უკრაინის განკარგულებაში იყო არასაკმარისი რაოდენობის პროფესიული მოიერიშე ბრიგადები. შესაბამისად, მათ უწევდათ კონკრეტული მიმართულებების პრიორიტეტიზაცია იმის მიხედვით, თუ სად ელოდნენ მტრის ძირითად იერიშს. 

უკრაინის არმიის განკარგულებაში იყო ტაქტიკურად კარგად მომზადებული მოცულობითი რეზერვი და უფრო მეტი მოხალისე, რომელიც მზად იყო ბრძოლისთვის, თუმცა უკრაინის არმიას არ გააჩნდა მათ უზრუნველსაყოფად საკმარისი შეიარაღება. 

ამ ფონზე მთავარი კითხვა იყო შეძლებდა თუ არა უკრაინის პროფესიული არმია საკმარისი დროის განმავლობაში შეეკავებინა მტრის იერიში, სანამ უკრაინის პოზიციებს სამხედრო მობილიზაცია გაამაგრებდა. 

არტილერია

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინის არმია თანმიმდევრულად ცდილობდა საკუთარი საარტილერიო დანადგარების რაოდენობის გაზრდას და მათი საბრძოლო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის განმაპირობებელი ფაქტორი კი ის იყო, რომ დონბასის ტერიტორიაზე ბოლო 8 წლის განმავლობაში განვითარებული ბრძოლების 90% სწორედ არტილერიაზე მოდიოდა. 

ვითარებას ართულებდა ისიც, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის წლებში გატარდა ე.წ. "რეფორმა", რომლის ფარგლებშიც უკრაინის საარტილერიო შესაძლებლობები მკევთრად შემცირდა. შესაბისად, 2014 წელს ყირიმის ანექსიას უკრაინის არმია დეგრადირებული საატილერიო და სარაკეტო არსენალით შეხვდა. 

2014 წლიდან არმიის გაძლიერების ფარგლებში უკრაინაში ჩამოყალიბდა: 5 სრულფასოვანი საარტილერიო ბრიგადა და სახმელეთო ძალების განკურგულებაში მყოფი ცალკეული საარტილერიო ბატალიონი. ასევე შეიქმნა საარტილერიო ბრიგადა და ცალკეული ბატალიონი უკრაინის საზღვაო ძალების ფარგლებში. 2 ახალი ბატალიონით გაძლიერდა მეცხრამეტე ცალკეული სარაკეტო ბრიგადა. უკვე 2019 წელს უკრაინამ გააორმაგა საარტილერიო ბატალიონების რაოდენობა. 

24 თებერვლისთვის უკრაინის არმიის განკარგულებაში იყო: 10 ბრიგადა და 1 ბატალიონი, რომლებიც სახმელეთო ძალების განეკუთვნებოდნენ, ასევე საზღვაო ძალების განკარგულებაში არსებული 1 ბრიგადა და 1 ბატალიონი. უკრაინას ჰქონდა 1 176 საარტილერიო ჭურვების სისტემა, აქედან ნახევარზე მეტი 152 მილიმეტრის კალიბრის ჭურვი იყო, ასევე 1680 ჭურვის სისტემა ყველა ტიპის რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარებისთვის და Точка У-ს ტიპის ტაქტიკური რაკეტების 40 სისტემა. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომის დაწყებამდე უკრაინა წარმოადგენდა ევროპის უმსხვილეს საარტილერიო ძალას, რომელსაც მხოლოდ რუსეთი აღემატებოდა. 

გაცილებით შეზღდული იყო უკრაინის საბრძოლო მასალების არსენალი - უკრაინელი სამხედროების გათვლებით, საბრძოლო მასალების მარაგები მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების პირობებში მხოლოდ 6 კვირისთვის იქნებოდა საკმარისი. 

საბრძოლო მასალების სიმცირის განმაპირობებელ ფაქტორად კვლევის ავტორები გასულ წლებში რუსეთის სპესამსახურების დივერსიულ საქმიანობას ასახელებენ.

2014-2018 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 მასშტაბური აფეთქება მოხდა, რომლის ფარგლებშიც განადგურდა 210 ათასი ტონა საბრძოლო მასალა. განადგურებული საბრძოლო მასალის უდიდეს ნაწილს 152 მილიმეტრის კალიბრისა და რეაქტიული ზალპური ცეცხლის ჭურვები შეადგენდა.

შედარებისთვის, 2014-2019 წლამდე პერიოდში უკრაინის არმია ყოველწლიურად საშუალოდ 70 ათას ტონა საბრძოლო მასალას ხარჯავდა. 

რაოდენობრივი გაუმჯობესების გარდა, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო ხარისხობრივი თვალსაზრისით. ყოველწლიურად საარტილერიო დანაყოფებს გადაეცემოდათ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების ხარისხი და დრო. 

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს მიერ გადაცემულმა AN/TPQ-36-ის ტიპის რადარები - აღნიშნული სისტემა ადგენს მტრის არტილერიის კოორდინატებს. წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა საველე ბრძოლის კონტროლის სისტემის, Kropyva-ს დანერგვა. რუკაზე განაწილების სისტემის გამართვამ 80%-ით შეამცირა საარტილერიო დანადგარების ზონებზე განაწილებისთვის საჭირო დრო, 2/3-ით შემცირდა დაუგეგმავი სამიზნის განადგურებისთვის საჭირო დრო. 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საარტილერიო დანაყოფებს წვრთნებს - ყოველწლიურად წვრთნებში 200-ზე მეტი ბატალიონი მონაწილეობდა. 

ამრიგად, უკრაინის თავდაცვის კონცეფცია მტრის იერიშის შესაჩერებლად მოიაზრებდა მცირე და ეფექტური მოიერიშე რაზმების გამოყენებას, ხოლო მტრის დანაყოფების განადგურება უკვე კონცენტრირებულ საარტილერიო ცეცხლს უნდა მოეხდინა. 

ჯავშანტექნიკა 

რუსეთის შეჭრის მომენტში ЗСУ-ს განკარგულებაში იყო სხვადასხვა ტიპის 30 სატანკო ბატალიონი. ამ დანაყოფების უდიდესი ნაწილი 2014-2018 წლებში შეიქმნა. ამ პერიოდში უკრაინის არმიამ 500 მოდერნიზებული ტანკი მიიღო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 24 თებერვლისთვის უკრაინა ფლობდა 900-მდე საბრძოლო ტანკს. შედარებისთვის, რუსეთის არმიის განკარგულებაში  2 400 საბრძოლო ტანკი იყო, კიდევ 400 ტანკი იყო დონბასელი სეპარატისტების განკარგულებაში. 

კვლევის ავტორები წერენ, რომ გასული 8 წლის გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის არმიის დამოკიდებულება ტანკების როლთან დაკავშირებით და აქცენტი არაპირდაპირი ცეცხლის პოტენციალზე კეთდებოდა. უკრაინის არმიაში დანერგილი ტექნოლოგიური ინოვაციების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტანკების დამიზნებისა და მონაცემების მიმოცვლის სისტემა, რამაც სატანკო დანაყოფები უფრო მობილური და ეფექტური გახადა. 

ამგვარად, უკრაინულ კონცეფციაში ჯავშანტექნიკას ძირითადად სარეზერვო როლი ენიჭებოდა, რომლის მთავარი ფუნქციაც მოიერიშე დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა იყო. 

ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ომის საწყის ფაზაში რუსეთის არმიას ამ მიმართულებითაც არსებითი უპირატესობა ჰქონდა - ოკუპანტების სატანკო დანაყოფები უზრუნველყოფილები იყვნენ უკეთესი დაცვით და ხედვის სისტემებით, მათ ბრძოლაში ჩართვა უფრო შორი მანძილიდან შეეძლოთ. 

ანტი-სატანკო შეიარაღება

კვლევის ავტორების ცნობით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის ბაზაზე შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომელიც სამხედროებს უკრაინული წარმოების Stugna-ს ტიპის ანტი-სატანკო სისტემებისთვის გამოყენებაში წვრთნიდა. 

ყურადღებას იმსახურებს ომის დაწყებამდე დასავლეთის მიერ გადაცემული ანტი-სატანკო სისტემების რაოდენობაც. ასეთი სისტემის ჭარბ მიწოდებას კვლევის ავტორები დასავლეთის მოლოდინებით ხსნიან. დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, უკრაინელ სამხედროებს ოკუპანტებთან ქუჩის ბრძოლებში მოუწევდათ ჩართვა. ამ პირობებში კი დასავლეთის მიერ გადაცემული ანტი-სატანკო სისტემები ძალიან ეფექტური იქნებოდა. 

აღსანიშნავია უშუალოდ უკრაინული წარმოების ანტი-სატანკო სისტემები, რომლებსაც აქვთ გარკვეული უპირატესობები, თუმცა დასავლურ ანალოგებთან შედარებით მათი მართვა უფრო რთულია და დიდხნიან წვრთნას მოითხოვს. 

ამრიგად, 2022 წლის თებერვალში უკრაინის არმიის განკარგულებაში იყო სხვადასხვა ტიპის 950-ზე მეტი ანტი-სატანკო სისტემა და 9 100 ანტი-სატანკო დანიშნულების რაკეტა. 

უკრაინულ კონცეფციაში ანტი-სატანკო შეიარაღების ძირითად ფუნქციას მტრის ჯავშანტექნიკის მოძრაობის მაქსიმალური შეფერხება წარმოადგენდა. აქცენტი კეთდებოდა შედარებით მსუბუქ მოქნილ დანაყოფებზე, რომლებიც ამ ტიპის შეიარაღებას უფრო ეფექტურად გამოიყენებდნენ. ასეთი მიდგომა შეიძლებოდა იმით ყოფილიყო განპირობებული, რომ უკრაინას არ ჰქონდა მტრის გამოფიტვისთვის საჭირო ანტი-სატანკო რაკეტების საკმარისი მარაგი. 

საჰაერო თავდაცვის სისტემები

2014 წლიდან მოყოლებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესება და გამართვა უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო. რუსეთის შეჭრის მომენტში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები შედგებოდა 4 ბრიგადისგან, რომლებიც ახორციელებდნენ სახელმწიფო საზღვრის მთელი პერიმეტრის მონიტორინგს და სრულად აკონტროლებდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეს. შედარებით მოკრძალებული იყო შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობები. 

კვლევის ავტორების აზრით, უკრაინის წინააღმდეგობის პოტენციალთან დაკავშირებით მცდარი მოლოდინების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების არამართებულად დაბალი შეფასება, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შესაძლებლობებზე გაზვიადებული წარმოდგენა იყო. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ბირთვს უმთავრესად საბჭოთა წარმოების და უკრაინის მიერ მოდერნიზებული ძველი სისტემები წარმოადგენდა. ძველი დანადგარების მოდერნიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა საჰაერო თავდაცვის ძალების ეფექტურობა. 

მაგალითად, 35D6M-ის ტიპის რადარი, რომელიც საბჭოთა 19Zh6-ის ტიპის რადარის მოდიფიცირებული ვერსიაა, 360 კილომეტრის რადიუსში 300-ზე მეტი სამიზნის აღმოჩენა შეუძლია. შედარებისთვის, წინა ვერსიას 150 კილომეტრის რადიუსში მხოლოდ 32 საჰაერო სამიზნის დანახვა ძალუძდა. 35D6M-ის ტიპის რადარს აქვს ტრაექტორიის გამოთვლის უფრო ზუსტი და სწრაფი მექანიზმი. დანადგარი აღჭურვილია განახლებული გაგრილების სისტემით, რაც ზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას.

სავარაუდოა, რომ უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მიერ ჩატარებული სამუშაოები არ იქნა სათანადოდ შეფასებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მხრიდან, რამაც გაზარდა შეცდომები რადიო-ელექტრონული დაპირისპირების ფაზაში. 

კვლევაში გამოყოფილია Malakhit-ის ტიპის რადარების როლიც, რომელიც ასევე საბჭოთა წარმოების დანადგარის მოდიფიკაციას წარმოადგენს. ამ დანადგარს 400 კილომეტრის რადიუსში 256 საჰაერო სამიზნის აღმოჩენა შეუძლია. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისთვის დამატებით ტვირთს წარმოადგენდა უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები - 5 ატომური ელექტროსადგური, მდინარე დნეპრზე გაშენებული 6 ჰიდროელექტროსადგური, მდინარე დნესტრზე გაშენებული 2 ჰიდროელექტროსადგური და 10 ქიმიური წარმოების მსხვილი ობიექტი მუდმივ საჰაერო ფარს საჭიროებდა, რაც ამცირებდა უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ზონას. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის კიდევ ერთ კრიტიკულ კომპონენტად კვლევის ავტორები MANPADS-ის ტიპის მობილურ სისტემებს ასახელებენ. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტატიკური სისტემები რუსულ ავიაციას დიდ სიმაღლეზე ოპერირების არეალს უზღუდავდა, ოკუპანტები იძულებულები ხდებოდნენ, დაბალ ზონებში ეფრინათ, აქ კი ისინი MANPADS-ის სისტემების მოქმედების არეალში ხვდებოდნენ. 

პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის საჰერო სივრცის სრული სურათის არარსებობა და ჯამურად საჰაერო თავდაცვის სისტემების ინტეგრირების არასაკმარისი დონე. 

საჰაერო ძალები 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავების ფლოტი წარმოადგენდა.

24 თებერვლისთვის უკრაინის განკარგულებაში იყო MiG-29-ის ტიპის 50 თვითმფრინავი, Su-27-ის ტიპის 32 თვითმფრინავი. უკრაინის საჰაერო ძალების განკარგულებაში იყო ასევე, Su-24-ის და Su-25-ის ტიპის თვითმფრინავები. 

2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებში საფუძვლიანი მოდერნიზაცია განხორციელდა. ცხადია, მოდერნიზაციისა და მწყობრში მყოფი თვითმფრინავების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობები ჯერადად ჩამორჩებოდა რუსეთის საჰაერო-კოსმორუსი ძალებისას. ოკუპანტებს დამანგრეველი უპირატესობა ჰქონდათ საჰაერო ბრძოლის ყველა ასპექტში. 

ამ უპირატესობის ფონზე, გასულ წლებში უკრაინის საჰაერო ძალების მთავარი საზრუნავი ავიაციის მოქნილობის გაზრდა და მისი ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადება გახდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელი პილოტები კარგად იაზრებდნენ მათი პოტენციური მოწინააღმდეგის უპირატესებობს, ისინი წლების განმავლობაში დაბალ ზონებში ფრენასა და სარადარო სისტემისთვის თავის არიდებაზე სპეციალიზდებოდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კადრების გადინება პრობლემა იყო პილოტების რიგებშიც, ჯამურად, უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პილოტების მოცულობითი სარეზერვო კორპუსი. 

საზღვაო თავდაცვის ძალები 

კვლევის ავტორების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საზღვაო თავდაცვის ძალები ყველაზე ნაკლებად შეიარაღებულ და ნაკლებად მომზადებულ დანაყოფს წარმოადგენდა. 

მიუხედავად ამისა, ავტორები ხაზს უსვამენ რეფორმებს, რომლებიც უკრაინის საზღვაო ძალების მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად. პროცესის სირთულისა და მაღალი ხარჯების გამო, მოდერნიზაციის პირველი ეტაპი 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. 

პრობლემას წარმოადგენდა სანაპირო არტილერიისა და საზღვაო რაკეტების სიმცირე. საჰაერო ძალების მსგავსად, სსრკ-ის შავი ზღვის ფლოტის გაყოფის შემდეგ, რუსეთის საზღვაო შესაძლებლობები უკრაინისას აღემატებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. 

ყველა სირთულის მიუხედავად ყურადღებას იქცევს უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მიერ წარმოებული საზღვაო დანიშნულების რაკეტები. სწორედ უკრაინული წარმოების Neptun-ის რაკეტებმა გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი Москва

3 საათით ადრე განკითხვის დღემდე

როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინა 2014 წლიდან მოყოლებული ემზადებოდა.

ყველა შესაძლო სცენარის დამუშავების მიუხედავად, გადაუწყვეტელი რჩებოდა ფუნდამენტური პრობლემა - არასაკმარისი ცოცხალი ძალა. ამ პირობებში უკრაინის სარდლობა იძულებული იყო აქცენტი იმ მიმართულებებზე გაეკეთებინა, რომლებზეც, მათი აზრით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა იქნებოდა კონცენტრირებული. 

თავის მხრივ, მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას და მზადების ფართო კამპანიას ხელს უშლიდა ამასთან დაკავშირებული მძიმე ეკონომიკური შედეგები.

რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო წრეებში არსებობდა კონენსუსი, რომ რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნებოდა სრულმასშტაბიან შეტევაზე დონბასის მიმართულებით, რომელიც, მათი აზრით, თებერვლის მიწურულს დაიწყებოდა. 

უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ დონბასში იერიშის ფარგლებში ЗСУ-ს დანაყოფების განადგურებას კრემლი ქვეყნის პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გამოიყენებდა. ეს სამხედრო ოპერაციაზე მეტად განგრძობითი პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფაქტორი იქნებოდა, რასაც ზაფხულის დასაწყისში უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო იერიში უნდა მოჰყოლოდა. 

აშშ-სა და დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ცნობები, რომ რუსეთის არმიის მთავარი იერიშის ხაზი კიევზე იქნებოდა მიმართული, უკრაინელებს ბოლომდე სარწმუნოდ არ მიაჩნდათ. ეს განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით: პირველ რიგში, მიიჩნეოდა, რომ რუსებს არ ჰყავდათ ქალაქის ალყაში მოქცევისა და მისი დაკავებისთვის საჭირო საკმარისი ძალები. 

უკრაინელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოკუპანტების შეტევის მთავარი ხაზი დონბასში იქნებოდა, ხოლო კიევის ღერძზე მოჩვენებითი აქტიურობით ისინი უკრაინელების დაბნევას შეეცდებოდნენ. მათი აზრით, ამით კრემლი უბიძგებდა უკრაინას დონბასიდან დანაყოფები კიევის მიმართულებით გადაეყვანა, ხოლო დონბასის ფრონტის მოშიშვლებით დედაქალაქს აღმოსავლეთიდან საფრთხე ექმნებოდა. 

უკრაინელების მოლოდინებს ამყარებდა ბელარუსში განლაგებული რუსი სამხედრო ნაწილების გადაჭერილი საუბრებიც. რუსი სამხედროების საუბრებიდან მკაფიოდ ჩანდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ კიევის მიმართულებით დაგეგმილ შეტევაზე და ტაქტიკურ დონეზე არ იყვნენ მზად ასეთი ტიპის იერიშისთვის. უკრაინელების არგუმენტს აძლიერებდა ისიც, რომ კიევის ირგვლივ გეოგრაფიული ლანდშაფტი ასეთი სწრაფი იერიშის შესაძლებლობას მკვეთრად ართულებდა.

ერთის მხრივ, დასავლეთის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ცნობების, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილზე არსებული ტაქტიკური სურათის ანალიზის შედეგად, უკრაინის სარდლობა მივიდა დასკვნამდე, რომ კიევზე იერიში რუსული დაზვერვის საინფორმაციო ოპერაცია იყო, რომელიც არ ემთხვეოდა მტრის ტაქტიკურ მზაობას. 

კვლევის ავტორების აზრით, რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია მნიშვნელოვანწილად წარმატებული იყო და მტრის იერიშის მთავარი ხაზი, საბოლოოდ, მოშიშვლებული დარჩა.

კრემლის ამ გეგმას ჰქონდა მეორე მხარეც - სწორედ საოპერაციო დუმილით იყო განპირობებული რუსული სამხედრო ნაწილების მოუმზადებლობა. ბელარუსიდან წამოსული სამხედრო ნაწილები არ იყვნენ მზად ასეთი იერიშისთვის - მათ არ იცოდნენ რა იყო მოქმედების გეგმა და არ ქონდათ ასეთი იერიშის მომზადებისთვის საჭირო დრო. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლის საინფორმაციო ოპერაციის მსხვერპლი, უკრაინის არმიასთან ერთად, რუსეთის არმიაც აღმოჩნდა. 

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსების გაზრდილი აქტივობის ფონზე, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ კიევის მიმართულებით რისკები საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ მაინც მიიჩნეოდა, რომ მთავარი იერიშის ღერძი კვლავ დონბასი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, უკრაინის სახმელეთო ჯარების 10 საბრძოლო ბრიგადა დონბასის ტერიტორიაზე გამაგრდა, რაც, რეალურად, უკრაინის პროფესიული არმიის თითქმის ნახევარია. 

დონბასის გარდა, უკრაინის არმიის ნაწილები განლაგებულები იყვნენ ხარკივის, სუმის, დნიპროს და ოდესის მისადგომებთან. დედაქალაქში დარჩა 1 მოეირიშე და 2 საარტილერიო ბრიგადა. ЗСУ-ს არ გამოუყვია ცალკეული ბრიგადა, რომელიც ბელარუსის ქალაქ გომელიდან კიევისკენ მომავალ ღერძს გაამაგრებდა. 

ეროვნული თავდაცვის კონცეფციაში გაწერილი გეგმის მიუხედავად, ცალკეული დანაყოფები არ იყო მიმაგრებული ყირიმიდან ამომავალი ღერძის მიმართულებით. ჯერჯერობით რთული სათქმელია, რითი იყო განპირობებული ეს ჩავარდნა. მომხდარის მიზეზების დასადგენად უკრაინაში მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს. 

ამგვარად, უკრაინის თავდაცვის გეგმა ითვალისწინებდა მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებს დონბასის მიმართულებით, რომლის წარმოებაც უკრაინას 6 კვირის განმავლობაში შეეძლო, სანამ სამხედრო მობილიზაცია მათ პოზიციებს გააძლიერებდა. 

უკრაინული სარდლობის აზრით, კიევისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის შორის რადიუსის რაკეტების არსენალი წარმოადგენდა. ამგვარად ომის დაწყებამდე 1 კვირით ადრე უკრაინის არმიამ დაიწყო საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების საწყობების გადამალვა და არსენალების გადაადგილება. პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა ომის დაწყებამდე 72 საათით ადრე.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მობილური სისტემებისა და სამხედრო თვითმფრინავების გადამალვის ბოლო ოპერაცია ომის დაწყებამდე 3 საათით ადრე დასრულდა. 

იერიშის მოახლოებასთან ერთად უკრაინის სამხედრო სარდლობისთვის ნათელი გახდა, რომ მტრის მთავარი ძალისხმევა სწორედ კიევისკენ იქნებოდა მიმართული. ნათელი გახდა ისიც, რომ იერიშის კიდევ ერთი ხაზი ჩერნიჰივის მიმართულებიდან გაიხსნებოდა. ამ ფონზე, რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით 7 საათით ადრე ЗСУ-ს ხელმძღვანელობამ ძალების გადაჯგუფების ბრძანება გასცა. 

ცხადია, გადაჯგუფებას გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა, რის შედეგადაც რუსეთის იერიშის დაწყების მომენტში ჩრდილოეთ მიმართულების ბევრი ფლანგი არ იყო დაცული. მათ შორის, სამხრეთიდან კიევის მიმართულებით ძალების გადმოსროლის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ დანაყოფების რაოდენობა, რომლებსაც აზოვის ზღვის სანაპირო უნდა გაემაგრებინათ. ამგვარად, უკრაინული დანაყოფების უდიდესი ნაწილი რუსეთის შეჭრას მნიშვნელოვანწილად მოუმზადებელი პოზიციებით შეხვდა. 

ჩამოთვლილი სისუსტეების მიუხედავად, უკრაინელებს ჰქონდათ მნიშნველოვანი უპირატესობა - მართალია, რუსეთის არმია საწყის ეტაპზე ფლობდა ინიციატივას ოპერატიულ დონეზე, თუმცა ტაქტიკურად არმია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. საპირისპიროდ, უკრაინელები ხელმოცარულები აღმოჩნდნენ ოპერატიულ დონეზე, მაგრამ პრაქტიკული დანაყოფების დონეზე არმია მზად იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პრაქტიკულად. ЗСУ ასეთი ომისთვის ბოლო 8 წლის განმავლობაში ემზადებოდა. 

სწორედ ამ ცვლადებს შორის მონაცვლეობა იქნება განმსაზღვრელი ომის პირველი 72 საათის შედეგის გადაწყვეტაში. 

 

 

მასალა მომზადებულია ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) კვლევაზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები