-

როდერიხ კიზევეტერი გერმანელი პარლამენტარია. ის 27 წელი ბუნდესვერში მსახურობდა, ვიდრე 2009 წელს პოლკოვნიკის რანგში არმიას არ დატოვებდა და ბუნდესტაგის წევრი გახდებოდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. ეს ინტერვიუ მან ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ცნობილი „ეპოქალური ცვლილების სიტყვით გამოვიდა და გამოაცხადა, რომ სამხედრო ხარჯები გაიზრდებოდა, მიაღწევდა რა მშპ-ს 2%-ს. ერთი წლის შემდეგ ეს კვლავაც აღუსრულებელია. რატომ?

მართლაც იმედგაცრუებული ვარ, შეწუხებულიც და ცოტა არ იყოს, შერცხვენილიც. მაგრამ თუ 27 თებერვალს გავიხსენებთ, იმ დღეს, როცა [ოლაფ შოლცმა] ეს სიტყვა წარმოთქვა, ორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია.

პირველყოვლისა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით ძვრა მოხდა. წინათ, როცა შოლცი ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი იყო, უარი თქვა 2%-იან ნიშნულზე, პროცესი გადადო და 2025 წლისთვის 1.5%-ს გვთავაზობდა. ის ბირთვული მოდერნიზაციის წინააღმდეგიც იყო არ ემხრობოდა შეიარაღებული ძალების დროულ განახლებას. ამ გამოსვლით კი ეს შეიცვალა.

მეორე დასკვნა კი, ჩემი რწმენით, ძალიან მწარეა. იმ დროს ჩვენს მთავრობას სწამდა, რომ უკრაინა რუსულ ძალებს ოთხ კვირაზე მეტხანს ვერ გაუძლებდა. ამდენად, მისი გამოსვლის მთავარი მამოძრავებელი ის იყო, თუ რა უნდა გვექნა, როცა რუსული ჯარი პოლონეთის საზღვართან დადგებოდა. ამ სიტყვის მთავარი სტრატეგიაც სწორედ ეს იყო - უნდა მოვმზადებულიყავით საიმისოდ, რომ რუსეთი პოლონეთი საზღვართან იქნებოდა.

მაგრამ ორ კვირაში გამოაშკარავდა, რომ უკრაინა თავდაცვისთვის მზად იყო და წინააღმდეგობის ძლიერი სურვილი ჰქონდა. ამიტომაც, ეპოქალური ცვლილების მცდელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

მოგვიანებით, საგარეო საკითხთა კომიტეტზე კანცლერს ვკითხეთ, რატომ ყოყმანობდა უკრაინის მხარდაჭერას? იყო თუ არა რაიმე ვარაუდი ან მუქარა რუსეთის მხრიდან გერმანიის მიმართ? თქვა რომ არა, არც მე და არც გერმანიას არავინ ემუქრებაო.

შემდეგ ვკითხეთ - „კი მაგრამ, თუ არავინ იმუქრება, რატომ არ გადასცემთ, ან სხვას რატომ არ აძლევთ ნებას, უკრაინას გადასცენ ჯავშანმანქანები და ტანკები?“. მან კი თქვა, გადაცემა საშინელი ესკალაცია იქნებაო.

ასე რომ, წითელი ხაზი გაავლო. ივნისიდან იანვრამდე, ჩვენს ინდუსტრიას აკრძალული ჰქონდა, იარაღის გადასაცემად მომზადებულიყო, შეიარაღებულ ძალებს კი - ტანკები შეეკეთებინა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გადაწყვიტეს ტანკების გადაცემა, გერმანია ვეღარ დაიმალებოდა. მაგრამ ტანკები არ მოგვიმზადებია და შეიარაღებულ ძალებს 14 ცალის გადაცემა მოუწიათ, რაც საშინელება იყო.

ამდენად, ეპოქალური ცვლილება დიდწილად ცარიელი სიტყვებია. შარშან შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 600 მილიონ ევროიანი ინვესტიცია ჩაიდო, რაც დაპირებული 100 მილიარდი ევროს 0.6%-ს შეადგენს. არ შეგვისყიდია ისეთი ჰაუბიცები ან სარაკეტო სისტემები, რომლებიც უკვე უკრაინას მივეცით. არც ტყვიები, სათადარიგო ნაწილებიც კი.

თანაც, 100 მილიარდ ევროიანი პაკეტის ყველაზე დიდი მტერი ინფლაციაა. შარშან ინფლაციამ 15 მილიარდი ევროთი გვაზარალა. ესაა სიმართლე. ეს მამწუხრებს, მარცხვენს და ასევე მაღიზიანებს.

ამ გამოსვლის შემდეგ ბევრი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ ეს გერმანელების თავში გარდატეხა იყო, რადგან ქვეყანა, ტრადიციისამებრ, ერიდებოდა სამხედრო ძალის დემონსტრირებას. ამბობდნენ, რომ სწორედ ეს შეიცვალა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს შეფასება მცდარია, რადგან გერმანია ტრადიციულ პოლიტიკას უბრუნდება?

გერმანიის მოსახლეობას მთავრობაზე ბევრად მეტად სურდა, უკრაინას დახმარებოდა. გერმანიის მთავრობის შიგნით კი მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს ბევრად მეტად სურდათ უკრაინის დახმარება, ვიდრე კანცლერსა და მის პარტიას.

გერმანიის მოსახლეობა გაყოფილი იყო. ივნისსა თუ ივლისში, გერმანელების 70%-ზე მეტს სურდა უკრაინისთვის ტანკების და მეტი დახმარების გადაცემა, რაც შემდეგ შემცირდა. დღეს გერმანელების 63% ამბობს, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ სწორია, მხოლოდ 34% ემხრობა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას.

ამდენად, ვფიქრობ, გერმანიის მოსახლეობა უფრო წინაა, ვიცრე კანცლერის ნება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს კანცლერზე გავლენა არ აქვთ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს კანცლერს კიდევ სჯერა გარკვეული ზავის, კიდევ სჯერა ომისშემდგომი პუტინის რუსეთის - არა პუტინის შემდგომი რუსეთის, არამედ ომის შემდგომი პუტინის რუსეთის.

ბუნდესტაგის 734 წევრიდან 586-მა დაუჭირა მხარი მთავრობისადმი მოთხოვნას, გადაგვეცა მძიმე შეიარაღება უკრაინისთვის. მაგრამ შოლცი კვლავ ყოყმანობს, რის გამოც გერმანია სამეზობლოში ნდობას კარგავს და მოსახლეობის ნებას უკრაინის უკეთესი მხარდაჭერისთვის ვერ იყენებს.

ასეთი ორჭოფობა უსარგებლოა. ჩვენ უკრაინის მომავლის ნათელი ხედვა გვჭირდება - უკრაინის, 1991-2013 წლების საზღვრებში და რუსეთის, რომელიც წაგებას ისწავლის და იმპერიულ განზრახვებზე ხელს აიღებს.

თქვენ ამბობთ, რომ შოლცს ომის შემდგომი პუტინის რუსეთის სჯერა, მაგრამ როცა ანგელა მერკელი იყო კანცლერი, მასაც მსგავსი ხედვა ჰქონდა, როცა რუსეთს უახლოვდებოდა. ეს გერმანიის პოლიტიკური ტრადიციაა?

ანგელა მერკელმა ამოიჩემა ის პოლიტიკოსები, ვინც მკაფიოდ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს.

ანდრეას შოკენჰოფს მოუხდა, დაეტოვებინა რუსეთისა და უკრაინის საკითხების კომისრის თანამდებობა. ის დამყვავებელმა გერნოტ ერლერმა ჩაანაცვლა. ყველა დოკუმენტი, რომელიც რუსეთისადმი კრიტიკული იყო, შთაინთქა და ჩვენს ჯგუფში არ გამოქვეყნებულა.

ამასთან, მერკელი ახლა ამბობს, რომ მინსკის პროცესით უკრაინისთვის დრო მოიგო. თავის დროზე, ეს არასწორი იყო. შოკენჰოფი, მე და სხვა პოლიტიკოსები მთავრობას ორმაგი მიდგომისკენ მოვუწოდებდით - ერთი მხრივ მინსკის პროცესის, მეორე მხრივ კი უკრაინელების შეიარაღებისა და გაწვრთნისკენ, მაგრამ ამაზე უარი მივიღეთ.

ეს გერმანიის ტრადიცია არაა. ეს სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატების ნაწილის ტრადიციაა.

მაგრამ მე მწამს, რომ ანგელა მერკელს სულ ეშინოდა იმის, რომ აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებში რუსეთისადმი მეტი სიმპათია იყო. ისინი რუსეთს გორბაჩოვის სსრკ-დ აღიქვამდნენ. ისინი სსრკ-ს და რუსეთს ერთმანეთში ურევნდნენ, ერთმანეთში ერეოდათ გორბაჩოვი და პუტინი.

ამდენად, სიმპათია გააჩნდათ 1985-1990 წლების მოვლენებისადმი და არ ითვალისწინებდნენ, რომ პუტინს თავიდანვე, პრეზიდენტობისას ან თუნდაც КГБ-სა და ФСБ-ს უფროსობისას, დიადი რუსეთის აღდგენა ეწადა.

მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი რუსეთისა და უკრაინის მიმართ ანგელა მერკელის პოლიტიკისადმი. მაგრამ მაშინ გერმანიის გამოცდილ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ამგვარი კონსენსუსი იყო.

როცა 2009 წელს პარლამენტში შევედი, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვიყავი რუსეთის მიმართ სისუსტით, ასევე ჩვენი ატომური ელექტრო სადგურების დახურვითა და რუსეთზე დამოკიდებულების ზრდით 2011 წელს. ნორდ სტრიმ 1-სა და ნორდ სტრიმ 2-ის კერძო ეკონომიკურ პროექტებად გამოცხადებაც მცდარი და არაგონივრული იყო.

ვფიქრობ, ჩემს პარტიასაც მართებს მუშაობა, რათა დაადგინოს, რა შეცდომები დაუშვა იმ წლებში.

იტყოდით, რომ როგორც ანტი-რუსული პოლიტიკოსი, მერკელის წლებში დაგადუმეს?

დიახ, პირადად მე რამდენიმე რამ გამოვცადე. ანდრეას შოკენჰოფმა, რომელიც ჯგუფის ლიდერის მოადგილე იყო, მოამზადა დოკუმენტი, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ რუსეთს შეიძლებოდა 2012 ან 2013 წელს უკრაინა დაეკავებინა. ის რუსეთისა და უკრაინის კომისარი იყო, მერე კი დამყვავებლით ჩაანაცვლეს.

იყო რამდენიმე სხვა მოვლენაც, რომლითაც მერკელის პერიოდში რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკით იმედგაცრუებულნი დავრჩით. მისი უსაფრთხოების მრჩეველი, კრისტოფ ჰოისგენი 2014 წლის შემდეგ უკრაინის უკეთეს მხარდაჭერასა და ნორდ სტრიმ 2-ისგან თავის შეკავებას ცდილობდა. მაგრამ ეკონომიკურმა მრჩეველმა თქვა, რომ გერმანული ინდუსტრია იაფ რუსულ გაზზეა დამოკიდებული და საჭიროა, რომ პუტინს ვასიამოვნოთ.

პუტინი ამგვარ დაყვავებას სისუსტის ნიშნად ხედავდა. ასე რომ, 2014 წლიდან, ხელიდან გავუშვით შანსი უკრაინელები შეგვეიარაღებინა და გაგვეწვრთნა. ნაცვლად ამისა, გავზარდეთ რუსეთზე დამოკდებულება ნორდ სტრიმ 1-სა და 2-ის აშენებით.

რუსეთისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში, თითქოს არსებობს ერთგვარი განგრძობითობა დაყვავების, რუსეთის არგაღიზიანებისა თუ იმ რწმენის კუთხით, რომ რაღაც კიდევ შეიძლება შეიცვალოს. საიდან მოდის ეს?

1990 წლიდან სამი ნარატივი გაჩნდა. 1990 წლამდე გერმანიის უსაფრთხოების მიმღები იყო და თითქმის ათი წელი დასჭირდა, სანამ ჩვენით შევძლებდით უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამისდა მიუხედავად, ჩვენ დავიჯერეთ და შევინარჩუნეთ სამი ნარატივი.

პირველი, 1990 წელს რაც დაიწყო, იყო, რომ პარტნიორებით და მეგობრებით ვართ გარშემორტყმულნი. ამიტომ უარი ვთქვით საგარეო უსაფრთხოებაზე, ჩვენი არმია 500 ათასიდან 180 ათას ჯარისკაცამდე შევამცირეთ და ამას მშვიდობის დივიდენდი დავარქვით.

ფული სოციალურ უზრუნველყოფაში ჩავდეთ. ჩვენი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მუნიციპალურ, ბუნდესლანდის თუ სახელმწიფო დონეზე სოციალურ კეთილდღეობას ხმარდებოდა: ოჯახს, ჯანდაცვას, სოციალურ სუბსიდიებს და ა.შ. ამას რომ გავწვდენოდით, მეორე ნარატივი გაჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ ამის დასაფინანსებლად გვჭირდება იაფი უსაფრთხოება აშშ-სგან, იაფი ენერგია რუსეთისგან და იაფი მიწოდების ჯაჭვები ჩინეთისგან.

აშშ-სგან იაფი უსაფრთხოება იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ თავდაცვაზე მშპ-ს 1-1.3%-ს ვხარჯავდით, ამერიკელები კი 4%-ს. ენერგეტიკას რაც შეეხება, კანცლერ შრიოდერის მთავრობამ რუსეთზე დამოკიდებული გაგვხადა. მათ ჩვენი გაზის საცავები და მილსადენების ინფრასტრუქტურა რუსეთს მიყიდეს. შემდეგ კი კრიტიკული ხმები, როგორიც მე ვიყავი, ამბობდნენ, რომ ეს ძალიან სახიფათო იყო. ვკითხულობდით, რა იყო ამის მიზანი?

მერე კი მესამე ნარატივი დაიბადა. გაჩნდა რწმენა, რომ ამგვარი დამოკიდებულებით რუსეთსა და ჩინეთს გარდამავალ დემოკრატიებად ვაქცევდით, რადგან თუ ისინი გერმანიასთან ითანამშრომლებდნენ და ევროპაში გასასვლელი ექნებოდათ, ისინი ახალი რეალობის შესაბამისად გადაეწყობოდნენ და მეტად თავისუფლები და ნაკლებად აგრესიულები გახდებოდნენ. ეს მართლაც მცდარი და არაგონივრული იყო და ეპოქის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ ამ სამ ნარატივს მოვიშორებთ.

მაგრამ სწორედ ესაა საფუძველი. მასზე გავლენა მოახდინა ეკონომიკამ, რადგან მათთვის რუსეთთან თანამშრომლობით ფულის შოვნა ძალიან ადვილი იყო. რუსეთი კი ამას განზრახ აკეთებდა, რადგან დავესუსტებინეთ, მათზე დამოკიდებულად და კორუმპირებულებად ვექციეთ.

2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა, თქვით, რომ ეს რუსეთის საიდუმლო გეგმის ნაწილი იყო, რათა ევროპა გაეხლიჩა. რა იყო ამ გეგმაში გერმანიის როლი?

პუტინმა, როგორც КГБ-სა და ФСБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა, იცის, ადამიანებზე გავლენა როგორ მოახდინოს. ასევე, მას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ პირად დონეზე შეუძლია, ამას კი ეკონომიკური საშუალებებით და შეთავაზებებით აკეთებს, ცდილობს რა ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და მზაობის შესუსტებას.

გერმანიის როლი ევროპის ეკონომიკური ბირთვის განადგურება უნდა ყოფილიყო იარაღის ექსპორტის და თავდაცვით ინდუსტრიის კუთხით. ასევე ტრანსატლანტიკური სვეტის თვალსაზრისით - აშშ-ს ნდობის შესუსტება. ისინი ასევე ჩვენს გარშემო ეჭვების ზრდას ცდილობდნენ, გამოყოფდნენ რა ჩვენს ურთიერთობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორებიც იყო ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი თუ სლოვაკეთი.

ჩვენ ვერ ვაცნობიერებდით, რომ ეს ორმხრივი „მეგობრობა“ ევროპის ერთსულოვნებას ვნებდა. უნდა გვიხაროდეს, რომ მერკელის პერიოდში ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანის ხმა მაინც ისმოდა. მაგრამ მერკელი ეკონომიკას მეტად უსმენდა და ბალტიის ქვეყნებისა თუ სხვების მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავდა. რატომ არიან ასე შეიარაღებულებიო? რა ვიცი, იქნებ საფრთხე ემუქრებათ და რუსეთთან ათწლეულოვანი გამოცდილება აქვთ...

რაც შეეხება სამხედრო ლიდერებს. გვესმის, რომ ამბობენ, გერმანიის შეიარაღებული ძალები ცუდ დღეშია, ტყვია-წამალი და სხვა შესაძლებლობები აკლიაო. უსმენენ მათ?

ეს შეკითხვა ისტორიკოსებისთვისაა. ალბათ 199 წლამდე გვყავდა თავდაცვის ისეთი მეთაურები, ვინც შეულამაზებელ სამხედრო რჩევებს იძლეოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით კი გვყავდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებები, ვისაც სამხედრო საკითხებზე სათანადო ცოდნა გააჩნდათ.

90-იანების დასასრულიდან, როცა მთავრობაში სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიცია მოვიდა, მათ ამოარჩიეს პოლიტიკური გენერლები, ვინც ამავდროულად ისეთი ცნებების უკან იყვნენ, როგორიცაა „თავდასხმის სტრუქტურული უუნარობა“. ამ ცნებამ გერმანიის თავდაცვისუნარიანობა გაანადგურა. ამ პაციფისტურმა, უგერგილო მიდგომამ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება არ გინდა და ყველა სამხედრო კონფლიქტს თავი უნდა აარიდო, მთლიანად დაგვასუსტა.

მეორეც - გერმანელი ოფიცრების კორპუსში არსებობს ჯგუფი, შეიძლება იყოს მათი მესამედი ან მეხუთედი, ვინც რუსეთისადმი სიმპათიითაა განწყობილი.

თავდაცვის ყოფილი მეთაური, ჰარალდ კუიატი გასულ ზაფხულს ჩემთან ერთად იჯდა პანელზე და აცხადებდა, რომ რუსეთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მეზობელია. ამბობდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან თუ უკრაინასთან რუსეთის გადმოსახედიდან უნდა განვსაზღვროთ. აქ, როგორც მინიმუმ, ორი შეცდომაა - რუსეთი არც ჩვენი მეზობელია და მითუმეტეს, ვერც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

მაგრამ გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ასეთი დადებითი, რუსეთზე მიბმული დამოკიდებულება რუსეთთან და სსრკ-სთან თანამშრომლობის 200 წელზე ძველი ტრადიციიდან მომდინარეობს.

მაგალითად 1812 წელს კარლ ფონ კლაუზევიცი, ცნობილი სამხედრო მეცნიერი, რუსეთის ცარს ნაპოლეონის დამარცხებაში დაეხმარა. 1917 წელს გერმანიის იმპერატორის არმია ლენინს რევოლუციის წამოწყებაში შეეშველა. შემდეგ იყო რაპალოს ხელშეკრულება, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი...

ტრადიციის ასეთი ხაზით განვითარდა ნორდ სტრიმ 1 და ნორდ სტრიმ 2. სჯეროდათ, რომ რუსული რესურსებს და გერმანელ ინჟინრებს ერთად შეეძლოთ ევროპის კონტინენტზე ებატონათ. ეს სრულიად წაუყრუებს იმ ქვეყნებს, რომლებიც გერმანული და რუსული თუ საბჭოთა კოლონიალიზმის მსხვერპლები იყვნენ.

ჩვენთვის ბევრად ჭკვიანური იქნებოდა, ისტორიისთვის უკეთ შეგვეხედა და ჩვენი თავისთვის არა რუსების, არა ჩვენი უახლოესი მეზობლებისა და მეგობრების პერსპექტივიდან შეგვეხედა.

მსგავსი სიახლეები