-

ყოფილი და მოქმედი ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებები მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში და სხვა ლათინურ ქვეყნებში ფართო მსჯელობის საგანი ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სანდოობაზე.

ესპანური გამოცემა EL PAIS-ის მიხედვით. გოგი გაფრინდაშვილი თარგმანი

________________________________________________________

ერთი ნაწილი მართლმსაჯულების ღირებულებებზე საუბროს, ხოლო მეორე ნაწილი - დაზარალებულები და მათი მხარდამჭერები - მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებენ ყურადღებას.   

მექსიკაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ეკვადორში, ბოლივიაში, პერუსა თუ კოლუმბიაში - მთლიანად ლათინურ ამერიკაში - ძალაუფლების დათმობა, თითქმის ავტომატურად ნიშნავს ბრალდებულის სკამზე აღმოჩენას. თითოეული ასეთი შემთხვევა განსხვავებულია, ისევე როგორც გამოძიებათა მასალებზე წვდომა ან ბრალდების სიმძიმე.

მაგრამ ფენომენი საყოველთაოა, რაც საფუძვლიან ეჭვებს იწვევს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, დაუსჯელობა და პოლიტიკური ჩარევა.

 სულ ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში ლულა და სილვას მიმართ გამოტანილი მსჯავრი გაუქმდა, რაც აპრილში უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. ეს უკანასკნელი მაგალითია ტენდენციისა, რომელიც სისტემას გამოცდის წინაშე აყენებს - ან უარეს შემთხვევებში, სასამართლოს რეპუტაციას იმიჯს ულახავს.

მთელ რეგიონში ამის ზოგადი ნიშანია ფესვგადგმული კორუფცია, რაც ხელისუფლებებში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და სასამართლო ინსტიტუტს ძირს უთხრიდა.

 ამან ისედაც დაყოფილი და დაქსაქსული საზოგადოების ნდობა სახელმწიფოს მიმართ, კიდევ უფრო შეარყია. აქ საუბარია მთავარ სასამართლო სკანდალებზე, რომლებიც ლათინოამერიკელ ექსპრეზიდენტებთანაა დაკავშირებული. 

ბრაზილია

ყოფილი პრეზიდენტის, ლულა და სილვას პატიმრობამ და შემდგომში სასჯელის გაუქმებამ, მსოფლიოს  წინაშე ბრაზილიური მართლმსაჯულება თითქმის ბოლომდე გააშიშვლა.  ოპერაცია „მანქანების სამრეცხაოს“ (ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმე) მიხედვით, ლულა პეტრობრასში” (მსხვილი სახელმწიფო ნავთობკომპანია) ჩამოყალიბებული კორუფციული სქემის მთავარი ბენეფიციარი იყო. მისი პატიმრობის განაჩენი 2018 წელს დადგა, როგორც გამოძიების საბოლოო გამარჯვება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, წინა  ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არყევდა.

2021 წელს, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა მართლმსაჯულების საქმის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გამჟღავნდა ასობით მესიჯი, ლულას პროკურორსა და მოსამართლეს, სერჟიო მორუს შორის - მესიჯების თანახმად, პროკურორი და მოსამართლე ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, რათა ლულა დამნაშავედ გამოეცხადებინათ.

„მანქანების სამრეცხაომ“ საბოლოოდ ძალა და ავტორიტეტი დაკარგა. მოქმედ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსაც კი აღარ უხმაურია ბევრი ამ ოპერაციის დასრულების გამო. მისი შვილის, სენატორ ფლავიო ბოლსონარუ წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე დაწებულმა გამოძიებამ, იგი იძულებული გახადა, რომ შეეწყვიტა ამ საკითხზე დაწყებული დისკუსია, რამაც თავის დროზე არჩევნები მოაგებინა.

„მე წერტილი დავუსვი “მანქანების სამრეცხაოს”, რადგან მთავრობაში აღარ არის კორუფცია“, - გასული წლის ოქტომბერში განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის დროზე, როცა ბოლსონარუ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, პოლიტიკურ დღის წესრიგში გარდატეხა მოახდინა მოსამართლე მორუსათვის იუსტიციის მინისტრობის შეთავაზებამ. ამან ბრაზილიელები დაარწმუნა, რომ ჟაირ ბოლსონარუ ძალაუფლების გადაჭარბებას ებრძოდა, რითაც არჩევნები მოიგო კიდეც.

მას შემდეგ, რაც ბოლსონარუ პრეზიდენტი გახდა, მორუმ სასამართლო სისტემა მთავრობაში გადასვლის სანაცვლოდ დატოვა. თუმცა, ახალ პოსტზე ორი წელიც არ ყოფილა - მან მოქმედი პრეზიდენტი ფედერალურ პოლიციაზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა და საკუთარ თანამდებობასაც გამოემშვიდობა.

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ბოლსონარუ თანამდებობას ეჭიდება და პარლამენტში შემოკრებილი ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აღძრულ „მანქანების სამრეცხაოს“ საქმეში ფიგურირებდნენ.

ოპერაცია, რომელმაც  ბრაზილიური პოლიტიკა შეარყია, კიდევ ერთი, დიდი სასამართლო საქმის კვალი გამოაჩინა.  

ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც “ყოველთვიური გადასახადის” საქმე  (პარლამენტარების მოქრთამვა, რათა მათ, ლულას პრეზიდენტობის დროს,  მთავრობის წინადადებებისთვის დაეჭირათ მხარი) და არ იქნება უკანასკნელი სკანდალი, რომელიც უზენაესი სასამართლოს განსახილველი აღმოჩნდება.

თავის დროზე, “მანქანების სამრეცხაოს” საქმის ხანგრძლივობამ, სადაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები იყვნენ დადანაშაულებულები, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვეულებრივი სასამართლო საქმეებისგან განსხვავებული შედეგებით დასრულდებოდა და არ დაიხურებოდა ტექნიკური მიზეზების გამო.

ამასთანავე, დაუსჯელობის შეგრძნების გაქარწყლება “ყოველთვიური გადასახადის” საქმეზე მოხდა, როდესაც “მშრომელთა პარტიის” პოლიტიკოსები დააპატიმრეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ლულასთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 2012 წელს, ეს საქმეები პირდაპირ ეთერში დიდი ხნის განმავლობაში გადაიცემოდა და მოსახლეობამ, ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სახელები დაიზეპირა.

სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობა ბრაზილიურ პოლიტიკაში საბოლოოდ 2013 წელს, “მანქანების საქმის” ოპერაციის დროს გაცხადდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პოლიტიზებული დადგენილებებითა და სხდომებით, აღმასრულებელი ხელისუფლების   გადაწყვეტილებები  გააუქმეს. მოსამართლეები აქტიურად აძლევენ ინტერვიუებს, რათა თავიანთი გზავნილები საზოგადოებამდე მიიტანონ.

მექსიკა

მექსიკაში ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო ექსპრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს წინააღმდეგ. მისი გარემოცვა, პროკურატურის თანხმობით, მუდმივად ვიწროვდებოდა - ისინი ამოწმებდნენ იმ ექსპრეზიდენტის ექვსწლიან მმართველობას, რომელიც ძველი, „რევოლუციურ-ინსტიტუციონალური პარტიის“ განახლების მოწოდებით გამოდიოდა. პარტიის, რომელიც მექსიკას 80 ზე მეტი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე, უწყვეტად მართავდა.

მთავარი ფიგურა, რომელმაც ექს-პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ კორუფციულ გარიგებებში რყევა გამოიწვია იყო ემილიო ლოსოია - სახელმწიფო ნავთობკომპანია „პემექსის“ ყოფილი დირექტორი, რომელიც მის საარჩევნო კამპანიას წარმართავდა.

ლოსოია, რომლის ექსტრადირებაც ესპანეთიდან 2020 წლის აგვისტოში მოხდა, ბრალდებულია როგორც სამშენებლო კომპანია „ობედრეხტის“ მიერ მექსიკაში  მრავალმილიონიანი მოქრთამვების მთავარი ავტორი და სულისჩამდგმელი.  

მას შემდეგ, რაც ლოსოა პროკურორებს გაურიგდა, აღიარა, რომ ენრიკე პენიას საარჩევნო კამპანიისათვის ფულს ჩემოდნებით ინაწილებდნენ. ისიც ითქვა, რომ ქრთამი მიდიოდა სხვადასხვა დეპუტატებთან, რათა მათ მხარი დაეჭირათ ენერგეტიკის რეფორმისათვის, რითაც პენია ნიეტოს სურდა ეს სექტორი კერძო კომპანიებისათვის გაეხსნა.

ექსპრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მადრიდში ცხოვრობს, არაფერს ამბობს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე. დღეისათვის, პროკურატურამ მოითხოვა მხოლოდ ყოფილი ფინანსთა და შემდგომში საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუის ვიდეგარაის დაპატიმრება  და განმარტა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ის და ლოსოია გამოიყენა როგორც „ინსტრუმენტები“.

მისი კაბინეტის სხვა მინისტრებიც მართლმსაჯულების სკამზე აღმოჩნდნენ. როსარიო რობლესი (Rosario Robles), რომელიც ხელმძღვანელობდა სოციალური განვითარებისა და ტერიტორიული,  ურბანული და აგრარული განვითარების სამდივნოებს, წინასწარ პატიმრობაშია დიდ კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობის გამო. სქემა ცნობილია როგორც „ოსტატური აფიორა“ - მილიონობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე. გასული წლის ბოლოს, შეერთებულ შტატებში, ნარკოტრაფიკის ბრალდების დააპატიმრეს თავდაცვის ყოფილი მდივანი სალვადორ სიენფუეგოსი. ექსტრადიციის შემდეგ ის მექსიკაში სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ყოველ ჯერზე, აშკარა მტკიცებულებები  პენია ნიეტოს და მის გარემოცვას სხვადასხვა დანაშაულებთან აკავშირებს. ამიტომ, მოქმედი პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი გამოვიდა საკამათო, პოპულისტური წინადადებით, რომელსაც  მხარი უკვე დაუჭირა უზენაესმა სასამართლომ. ამ ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ გასამართლდეს თუ არა ხუთი ექსპრეზიდენტი.

El expresidente mexicano Enrique Peña Nieto, tras una reunión en Washington en noviembre de 2012.მექსიკის ექსპრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო

არგენტინა

არც არგენტინაში აქვს მართლმსაჯულებას კარგი იმიჯი

არგენტინის სოციალ-დემოკრატიული ობსერვატორიის“ მონაცემებით, სასამართლოს მიმართ ნდობა 8%-ზე ქვემოთ დაეცა, რაც იმის ნახევარზე ნაკლებია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

ხელისუფლება, რომელიც  საკუთარ უსუსურობას ვერაფერს უპირისპირებს, თავს ესხმის სასამართლო ხელისუფლებას და მას პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ერთი რაუნდი მოიგო: სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ფედერალურმა საკასაციო სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერისა და სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული „მომავლის დოლარის“  საქმე დახურა (2015 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში კრისტინა კირშნერის მარცხის შემდეგ, ცენტრალურმა ბანკმა რეალურთან შედარებით დაბალი კურსით მიჰყიდა დოლარი კერძო პირებს. მალევე მაურისიო მაკრის მთავრობამ დაიწყო პესოს დევალვაცია და მათ, რომელთაგანაც ზოგიერთი იმ დროს მაკრის მთავრობაშიც იყო, ამ ოპერაციით დიდი სარგებელი ნახეს.

რაც შეეხება თავად ტერმინს - „მომავლის დოლარი“ გულისხმობს ფინანსურ შეთანხმებას, როდესაც ანგარიშსწორება ხდება მომავალში, კონკრეტულ  დროს, იმ დღეს არსებული კურსით).

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი საქმე, აღძრული სახელმწიფოს ყოფილი მეთაურისა და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ. ოპოზიციის აზრით, ცვლილებებს, რისკენაც აღმასრულებელი ხელისუფლება ესწრაფვის, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ფერნანდეს დე კირშნერმა მართლმსაჯულებისგან იმუნიტეტი მიიღოს.

„2018 წლის მარტსა თუ აპრილში, როდესაც არც კი ვფიქრობდი რომ არჩევნებში კანდიდატი ვიქნებოდი, ლულა  ბრაზილიაში დააპატიმრეს. იქ მოსამართლე (სერჟიო) მორუმ და პროკურორებმა, ლულას ჩასათრევად, გამოიგონეს ეს საქმე. დავწერე წერილი, რომელსაც ჰქვია „არხენლულა“, რათა მეჩვენებინა ის მსგავსებები, რაც იმ დრო ხდებოდა არგენტინაში“ - მიმდინარე წლის აპრილში, რადიოგადაცემაში  განაცხადა პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.

ეჭვი არ მეპარება, რომ აქ რაც მოხდა, ეს არასდროს მომხდარა: რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულება გამოიყენა ოპოზიციონერთა დევნისათვის. არანაირი ეჭვი არ მაქვს. ასე მოხდა ლულასთან, იპოვეს მოსამართლე მორუსა და პროკურორებს შორის არსებული მეილები, სადაც აჩქარებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რათა ლულა არ გამხდარიყო კანდიდატი.

არგენტინაში ჩნდება მსგავსი შემთხვევები: სატელეფონო ზარები და მეილები, სადაც ჩანს რომ ისინი იკრიბებოდნენ სასამართლოს მრგვალ მაგიდასთან, რომელიც, როგორც ექსპრეზიდენტმა აღიარა, მართლაც არსებობდა.”

პრეზიდენტმა თხრობა  განაგრძო  იმ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იმდროინდელ პრეზიდენტ მაურისიო მაკრის (Mauricio Macri) სავარაუდო შეხვედრებს მოსამართლეებთან, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა კიშნერიზმთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფების სასამართლო საქმეები.

თუკი მთავრობის ხელშეწყობით სასამართლო რეფორმა გატარდება,  ფედერალური მოსამართლეების ძალაუფლება შემცირდება: არსებული 12 მოსამართლის რაოდენობა 46-მდე გაიზრდება. სასამართლოს ამ იურისდიქციაშია დიდი საქმეები ფერნანდეს დე კიშნერის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია უკანონო შენაძენებში, ფულის გათეთრებაში, თაღლითურ საქმეებში ხელის დაფარებასა და მართვაში, სხვა სავარაუდო დანაშაულებს შორის.

ვიცე-პრეზიდენტი  ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლო მას პოლიტიკურად დევნის.

ამ თეზისს მხარი დაუჭირა იუსტიციის ახალმა მინისტრმა მარტინ სორიამ.

„მას, როგორც უდანაშაულოს, ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ბრალდებულ იქნა  მასმედიის, მართლმსაჯულების  და პოლიტიკოსების მხრიდან. მას სურს, რომ სწორედ ამ სასამართლო სისტემამ მოუხსნას ბრალდება, რაც ასეც უნდა მოხდეს, როცა ადამიანს არაფერი ჩაუდენია “ – თქვა სორიამ.

ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ ზოგიერთ სასამართლო საქმეს თითქოს ნაკლებად მყარი საფუძველი აქვს, მაგრამ არა იმათ, რომელიც ეხება კირშნერების ოჯახის სწრაფად გამდიდრებას ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში. თუმცაღა, ცხადია, საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი თანამდებობის პირებთან, ჩქარდება ან ჭიანურდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის „ვარდისფერ სახლში“ (არგენტინის პრეზიდენტების სასახლე), რაც მოსამართლეთა სახელს მათსავით პოლარიზებული მოსახლეობის თვალში უფრო მეტად აფუჭებს.

პერუ

პერუში კორუფციის პრობლემის აღსაქმელად საკმარისია იმის თქმაც, რომ უკანასკნელი შვიდი პრეზიდენტიდან ექვსის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება.

მაგრამ არა მხოლოდ ეს.

2018 წელს, სასამართლო გაეხვა სკანდალში, სადაც გამოაშკარავდა სისტემური მაფია, რომელიც გულისხმობდა ქრთამის მიცემას სასამართლო გადაწყვეტილებების სანაცვლოდ და პროკურორებისა და მოსამართლეების არამართლზომიერად დანიშვნას. კანონდარღვევის საფრთხე დაემუქრა მთელ ინსტიტუციურ სისტემას იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის მეოთხედს არ მიუწვდება ხელი სასმელ წყალზე და სიღარიბეში ცხოვრობს, კორუფცია  მაინც მთავარ, ეროვნულ პრობლემად აღიქმება.

ალბერტო ფუხიმორი (1990-2000) დაპატიმრებულია კორუფციისათვის, გარდა ამისა, ის სასჯელს იხდის ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.

ალეხანდრო ტოლედო (2001-2006), ოიანტა უმალა (2011-2016) და პედრო პაბლო კუჩინსკი (2016-2018) ბრალდებულები არიან ბრაზილიურ სამშენებლო კომპანია „ოდებრეხტთან“ უკანონო გარიგების გამო. ამ საქმემ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ალან გარსია (2006-2011) რომელმაც დაპატიმრებამდე თავი მოიკლა.

მარტინ ვისკარას (2018-2020) წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების თავის არიდების გამო. მხოლოდ დროებითი პრეზიდენტი 2000 და 2001 წლებში, ვალენტინ პანიაგუა (Valentín Paniagua) არ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე

ამ სცენარის შუაგულში, რომელიც უნდა გავრცელებულიყო კონგრესმენებსა და მერებზე, მართლმსაჯულებამ სიმკაცრით იმოქმედა „ოდებრეხტის“ საქმესთან დაკავშირებულ ყოფილ მმართველებზე. მათი დაპატიმრებების სერია 2017 წელს დაიწყო.

სანამ გამოძიებები მიმდინარეობს, სასამართლო სისტემა ელოდება რეფორმას, რომელიც დაპაუზებულია პოლიტიკური არასტაბილურობის გამო და მისი განხორციელება მოუწევს მომავალ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხი საარჩევნო ურნებთან აირჩევს.

კოლუმბია

სიტყვათა შეთანხმება „პოლიტიკური ლიდერი“ და „სამართალი“ კოლუმბიაში, როგორც წესი,  იძლევა ერთ შედეგს: ალვარო ურიბეს (Álvaro Uribe).

ექსპრეზიდენტი მოსახლეობაში თანაბრად იწვევდა პატივისცემასა და სიძულვილს. მომხრეები მასში ხედავენ დევნის მსხვერპლს, ხოლო დანარჩენ კოლუმბიელებს - არა უცილობლად მის მოწინააღმდეგეებს თუ ცილისმწამებლებს - სურთ ნათელი მოეფინოს გაურკვევლობებს, რაც არსებობს იმ კაცის მიმართ, ვინც  ქვეყანას „ფარკთან“ ომისას, ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ეტაპზე მართავდა. ეს დაჯგუფება დღეს მხოლოდ მცირე დისიდენტური ჯგუფების სახით არსებობ [ფარკი - გასამხედროებული მემარცხენე რადიკალური პარტიზანული დაჯგუფება, რომელიც საკუთარ თავს “კოლუმბიის ეროვნულ არმიას” უწოდებდა - აწყობდა ტერორისტულ აქტებს, იყო ჩართული ნარკოტრაფიკში და ხალხის გატაცებაში).

ურიბეს მმართველობის დროს, 2002-2010 წლებში, შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს 6.400 არამართლზომიერი სადამსჯელო ქმედება ან დახოცეს სამოქალაქო პირები, რომლებიც შემდეგ ბრძოლაში დაღუპულ “ფარკის” პარტიზან მეომრებად გაასაღეს, რათა სარგებელი მიეღოთ.

ეს პროცესი, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ურიბე შინაპატიმრობამდე მიიყვანა, ამ ისტორიულ კონტექსტში ჯდება, მაგრამ  “გასამხედროებული ჯგუფების” პროცესზე მოწმეების მანიპულირებას უკავშირდებოდა, რომელიც 2012 წელს დაიწყო.

მემარცხენეთა ლიდერი, ივან სეპედა ცდილობდა ეჩვენებინა ექსპრეზიდენტ ურიბეს კავშირები გასამხედროებულ ჯგუფებთან - თითქოს ის მათთან “შეკრული” იყო. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა, მას ბრალი დასდო შეთქმულებაში, მაგრამ სასამართლომ ეს საქმე თაროზე შემოდო და ურიბეს წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო.

გამოძიება უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა, მაგრამ ურიბემ, რომელიც დეპუტატის მანდატს ფლობდა (პრეზიდენტობის შემდეგ, ის სენატის დეპუტატი გახდა და იმუნიტეტი მიიღო),  გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის თანამდებობაზე და ასე დაკარგა იმუნიტეტი.

შემდგომში მასალები გადაეგზავნა პროკურატურას, რომელმაც მარტის დასაწყისში მოსთხოვა სასამართლოს ყველა საქმის დახურვა. მას შემდეგ მოსამართლე განიხილავს ამ საკითხს - არქივში გაგზავნოს საქმე თუ სასამართლო მსვლელობა მისცეს.

სასამართლო გამოხმაურების მიღმა ურიბეს საქმე, ისევე როგორც მისი პოლიტიკური ფიგურა, წლებია ქვეყანას ორად ყოფს. კოლუმბიამ ახლახან დაასრულა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი და იქ ყველაფერი სამოქალაქო შერიგებისკენ მიდის. ყოფილი პრეზიდენტის გარშემო წარმოქმნილი ეჭვების სიმძიმე და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები დაკავშირებულია სწორედ ომის ტკივილთან და საზოგადოების ფართო ფენების სურვილთან, გადაფურცლონ ეს გვერდი.

მოქმედი მმართველი, ივან დუკე მას გამუდმებით იცავდა. ურიბეს მსგავსად მან უარყო ხუან მანუელ სანტოსთან (Juan Manuel Santos) მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რითაც გამოწვეული იყო „ფარკის“ დემობილიზაცია. ურიბე მზად არაა რაიმე პასუხისმგებლობა იკისროს. მართლმსაჯულება კი მის მომავალს მალე გადაწყვეტს.

El expresidente de Colombia Álvaro Uribe, durante una conferencia en Miami (Florida) en mayo de 2016. კოლუმბიის ექსპრეზიდენტი ალვარო ურიბე

ეკვადორი

ეკვადორის არჩეულმა პრეზიდენტმა, გიიერმო ლასომ (Guillermo Lasso) თქვა, რომ დევნა არ იქნება.

„ეს დასრულდა“, - განაცხადა გამოცდილმა კონსერვატორმა ლიდერმა.

ეს იყო მისი პირველი მესიჯები ამა წლის აპრილში, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. ეს გზავნილები მან გაიმეორა თავის პირველ პრესკონფერენციაზეც. ეს განცხადება  ნორმალურ ვითარებაში, ისევე უჩვეულო იქნებოდა, როგორც, ამასთან დაკავშირებით, შეკითხვის დასმა პრესკონფერენციაზე. მაგრამ ანდურ ქვეყანაში  პრეცედენტი სულ ახლახან მოხდა.

ექსპრეზიდენტი რაფაელ კორეა ჯერ კიდევ ერთ-ერთი  ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ეკვადორულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ გავლენას, სასამართლოსთან პრობლემების გამო, საზღვარგარეთიდან იყენებს.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულებამ მის წინააღმდეგ 12 საქმეს მოუყარა თავი და საბოლოოდ, გასულ წელს, ე. წ. „მოქალაქეთა რევოლუციის“ ორგანიზატორი გასამართლებულ იქნა ქრთამის გამო.

კორეა ცოლის სამშობლოში, ბელგიაში, ცხოვრობს. იგი „ელ პაისთან“ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ეშინია რომ ის  წამოაყენებს თავის კანდიდატურას, კვლავ გაიმარჯვებს არჩევნებში და ამიტომ არ აძლევს  მას ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას.

გამოძიება 2017 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ძალაუფლება კორეამ თავის მარონეტს, ლენინ მორენოს (Lenín Moreno) გადასცა. მორენომ - რომელმაც მაისში ძალაუფლება ლასოს გადააბარა - ეს არჩევნები იმიტომ მოიგო, რომ კორეიზმს წარმოადგენდა.

მაგრამ, როგორც კი იგი კარონდელეტის სასახლეში (პრეზიდენტის სასახლე)  მოკალათდა, უარყო რაული კორეა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ადრე იყო. კორეამ უარი თქვა ქვეყანაში დაბრუნებაზე, იმისთვის რათა არ დაპირისპირებოდა პროცესს, რომელსაც გამოკვეთილად პოლიტიკურად თვლიდა.

დევნილმა ლიდერმა მხარი დაუჭირა ანდრეს არაუსის (Andrés Arauz) კანდიდატურას, რომელმაც თებერვალში გამართულ არჩევნების პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ ლასოს დამარცხება ვერ შეძლო.

ასეთი წინაპირობებით არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო რომ დევნა არ იქნება, თუმცა კორეას დაბრუნება რთულდება, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში მართლმსაჯულება თავის გეზს გაატარებს.

ბოლივია

ბოლივიის ბოლო მმართველი ჯანინ ანიესი ერთი თვის წინ დააკავეს დროებითი კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც იგი ხელისუფლებაში სოციალური მღელვარებებისა და ევო მორალესის (Evo Morales) ჩამოგდების ფონზე მოვიდა. ინდიელი ლიდერი ევო მორალესი 2019 წლის ოქტომბერში არჩევნების გაყალბების ბრალდების გამო გადადგა. ეს ნაბიჯი მან შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ  გადადგა.

მალე ექსპრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და თავი ჯერ მექსიკას, შემდეგ კი არგენტინას შეაფარა. ერთ-ერთი პირველი ბრალდება, რაც ანიესის დროებითმა მთავრობამ მორალესის წინააღმდეგ წამოაყენა იყო „ამბოხი და ტერორიზმი.“

მორალესი იქამდე ვერ  დაბრუნდა ქვეყანაში, სანამ მისმა პარტიამ, „მოძრაობა სოციალიზმისკენ“, ისევ არ გაიმარჯვა ახალ არჩევნებში და არ დაიბრუნა ძალაუფლება. დღეს დაკავებულ ექსპრეზიდენტ ანიესს იგივე ბრალდება აქვს წაყენებული „ამბოხი და ტერორიზმი.“

ეს წრე ასახავს არა მხოლოდ სასამართლო სისტემის მოქმედებას, რომელშიც ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ჰუმან რაითს ვოჩმა,“ შეიტანა ეჭვი, არამედ ესაა ასევე სურათი დანაწევრებული საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასისა, რომლის პრიორიტეტებსაც რეალური საჭიროებების ნაცვლად რევანში წარმოადგენს.

პრეზიდენტმა ლუის არსემ (Luis Arce)  „ელ პაისი“ დაარწმუნა, რომ საარჩევნო ურნებთან გამარჯვების შემდეგ მისი მიზანი არ იყო შურისძიება.

„არ გვსურს რევანში ბოლივიაში. ბევრი რამაა გასაკეთებელი“, - თქვა არსემ.

მორალესზე უფრო მეტად პრაგმატული ხედვის მქონე პოლიტიკოსი ამ განცხადებებიდან გადავიდა ანიესის დაპატიმრების გამართლებაზე და აღნიშნა, რომ ეს არც შურისძიებაა და არც „სიძულვილის“ გამოვლინება.

„რაც ჩვენ გვამოძრავებს არის მტკიცე სწრაფვა სამართლიანობისაკენ“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები