-

2019 წელს იმ დროს ექსცენტრული ეკონომისტად ცნობილი ხავიერ მილეი ბუენოს აირესში გამართულ კოსფლეი კონგრესზე შავ-ყვითელ ელასტიკებში გამოწყობილი მივიდა. კონგრესის სხვა დამსწრეებისგან განსხვავებით, მილეის ალტერ-ეგო არა რომელიმე კომიქსის ან ფილმის პერსონაჟი, არამედ მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი - გენერალი ანკაპი (ანარქო კაპიტალისტი) იყო, ასევე მილიეს მიერ გამოგონილი ქვეყნის, ლიბერლენდის მმართველი - ქვეყნის სადაც გადასახადებს არავინ იხდის. გენერალი ანკაპის ფორმაში გამოწყობილი მილეი დამსწრეებს კეინსიანელებისა და კოლექტივისტების 'გაპანღურებას' დაჰპირდა. 

აქედან 4 წლის შემდეგ ხავიერ მილეი რეალური ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მილეი ოფისს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დაიკავებს - არგენტინაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის 40 წლის იუბილეზე. თუ მილეი მართლაც დაიწყებს წინასაარჩევნო პროგრამის აღსრულებას, ეს შესაძლოა არგენტინის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისთვის ყველაზე დიდი შოკი გახდეს. 

100 წლის წინ არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, ბოლო ათწლეულებში კი ქვეყნის დასახელებამ პერმანენტული კრიზისის სინონიმური მნიშვნელობა შეიძინა. მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობების მონაცვლეობის მიუხედავად უცვლელია ეკონომიკური კრიზისი.

არგენტინის წლიური ინფლაცია 140%-ს აღემატება, რაც მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში მყოფ არგენტინელთა რიცხვი მოსახლეობის 40%-ს შეადგენს. ქვეყნის დავალიანება მსოფლიო სავალუტო ფონდის წინაშე 44 მილიარდ დოლარს აღემატება, ცენტრალური ბანკის რეზერვები უარყოფითია, არგენტინას არ შეუძლია ვალის გადახდა, საყოველთაოა კორუფცია, ისტორიულ მინიმუმზეა ნდობა ინსტიტუტების მიმართ, ამომრჩევლები კი იმედგაცრუებით გადაღლილები არიან. 

საყოველთაო ფრუსტრაციამ მილეის სწრაფი პოლიტიკური აღმასვლისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა, რითიც ამ უკანაკსნელმა ეფექტურად ისარგებლა. სხვა პოპულისტების მსგავსად მილეიმ პოლიკური კარიერა ანტი-ესტებლიშმენტურ სენტიმენტებზე თამაშით დაიწყო. მილეი ქვეყნის პოლიტიკური კლასს მშრომელი ხალხის ძარცვაში ადანაშაულებდა და სავარაუდოდ ეს ბრალდებები არ არის უსაფუძვლო. მილეის თქმით, 'კასტა' შედგება კორუმპირებული დეპუტატებისა და მათი ბიზნეს პარტნიორებისგან, აქ არიან პროფკავშირების ეგოცენტრული ლიდერები, მედიები, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებზე არიან დამოკიდებული. 

ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ეროვნული ბანკის კრიტიკა იყო, რომელიც მილეის თქმით, ფულის უსასრულო ბეჭდვით მთავრობის საქმეს აკეთებს, რაც აუარესებს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის გაუქმების, ან თვითონ როგორც ამბობს 'აფეთქებისა', სამინისტროების რაოდენობის მკვეთრი შემცირების გარდა, მილეი ამომრჩევლებს მთავრობის ხარჯვის მშპ-ს 18%-ით შემცირებასა და გაუფასურებული პესოს ნაცვლად ეროვნულ ვალუტად ამერიკული დოლარის შემოღებას ჰპირდება. 

მილეის იდეები არგენტინის მოსახლეობაში უკიდურესად პოპულარული აღმოჩნდა, რამაც ქვეყნის პოლიტიკური დისკურსი თავდაყირა დააყენა. ახალი პოლიტიკური დისკურსის ნაწილი გახდა ხავიერ მილეის პირადი ცხოვრებაც. სატელევიზიო გამოსვლებში მილეი თავს სექს გურუდ ახასიათებს, რომელსაც "ყოფილმა პარტნიორებმა მეტსახელად ანცი ბუღა" შეარქვეს." ბოლო თვეებში, მილეიმ საზოგადოებას წარუდგინა მისი უკვე მკვდარი ინგლისური მასტიფის 4 კლონი. მილეისთვის არც მშობლებთან დაძაბულ ურთიერთობების ინტიმურ დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბარია უცხო. 

დემაგოგი პოპულისტები მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მართავენ, თუმცა ხავიერ მილეი მათ შორისაც ყველაზე უჩვეულო და უცნაური პერსონაჟია. მილეის აზრით, კლიმატის ცვლილება და სექსუალური განათლება ტრადიციული ოჯახის დასანგრევად შექმნილი გლობალური შეთქმულებაა. არგენტინის არჩეული პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ცეცხლასროლი შეიარაღების ტარებაზე დაწესებული შეზღუდვები უაზროა. მილეის აზრით იარაღის ტარების გარდა ლეგალური უნდა იყოს ორგანოებით ვაჭრობაც. 

ანარქო-კაპიტალისტი ბენზოხერხით 

ეკონომიკური განათლება ხავიერ მილეიმ ბელგრანოს ელიტურ უნივერსიტეტში მიიღო. მისი ჯგუფელები და მასწავლებლები მილეის ნიჭიერ და მონდომებულ სტუდენტად ახასიათებენ, რომელიც ნაკლებად ურთიერთობდა თანატოლებთან ძირითადად სწავლით იყო დაინტერესებული. 

"ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავზე მაღალი წარმოდგენის იყო და ფიქრობდა, რომ ქონდა უნარები, რომლებიც სხვებს არ ჰქონდა",- ამბობს The Economist-თან საუბარში იმ დროს ბელგრანოს უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი, ვიქტორ ბეკერი. 

სწავლის მეოთხე წელს ბეკერმა მილეი უნივერსიტეტის სპეციალურ პროექტში ჩართო, რომელსაც იმ დროს მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტის, კარლოს მენემის მიერ წამოწყებული პრივატიზაციის პროცესი უნდა შეეფასებინა. მენემის მიერ ინიცირებულმა ცვლილებები გარკვეული დროის განმავლობაში მართლაც ეფექტური აღმოჩნდა - ინფლაცია შემცირდა, ხოლო უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაიზარდა. ბეკერის თქმით, სწორედ ამ დროს დაიწყო "თავისუფალი ბაზრისა და ხავიერ მილეის სასიყვარულო ისტორია, რომელმაც წლების განმავლობაში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო."

მილეის ანარქო-კაპიტალისტად ტრანსფორმაციას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა, მანამდე იყო მისი სტაჟირება ეროვნულ ბანკში და გატაცება კეინსიანიზმით. ჯონ მეინარდ კეინსის თეორიის მიხედვით რეცესიის პერიოდში გაზრდილი სამთავრობო ხარჯები მოთხოვნას ახალისებს და ეკონომიკურ ზრდას იწვევს. ბაკალავრის შემდეგ, მილეიმ იმავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხიც დაიცვა. პარალელურად მილეი დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობდა, მათ შორის არგენტინის დეპუტატობის კანდიდატ, ანტონიო ბუსისთან. მოგვიანებით ბუსი ხუნტის მმართველობის წლებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის დააპატიმრეს. 

უკვე მეორე სამაგისტრო ხარისხის დაცვის დროს, მილეი იხსენებს, რომ მას კეინსის იდეებით იმედგაცრუება დაეწყო. მილეის აზრით, სწორედ კეინსანურმა პოლიტიკამ მიიყვანა არგენტინმა პერმანენტულ ეკონომიკურ კრიზისამდე. 2008 წელს კოლეგამ მილეის მიურეი როთბარდის ძველი სამეცნიერო სტატია გაუზიარა. ნაშრომში ანარქო-კაპიტალიზმის ფუძემდებელი წერს, რომ იდეალურ მოცემულობაში სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი აღარ იარსებებს, ხოლო ყველა სერვისს მოსახლეობა ნებაყოფლობითი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მიიღებს, მათ შორის, განათლებას, ჯანდაცვასა და საპოლიციო მომსახურებას. როთბარდის აზრით, ეს არამხოლოდ უფრო გამართულ ეკონომიკას შექმნიდა, არამედ მორალურად მისაღებად ერთადერთ გადაწყვეტას წარმოადგენს, რადგანაც სახელმწიფო თავის თავს მოქალაქეების არანებაყოფლობითი დაბეგვრით ინახავს.

მილეის თქმით, როთბარდის 150-გვერდიანი სტატია 3 საათში წაიკითხა - "ყველაფერი რასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ბაზრის სტრუქტურაზე ვსწავლობდი ტყუილი აღმოჩნდა",- ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ დროიდან მოყოლებული მილეიმ ანტი-ეტატისტური იდეები რელიგიური გულმოდგინებით შეისისხლხორცა. 

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის მილეიმ პირდაპირი მნიშნველობით დემონსტრაციულ ხერხს მიაგნო - ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მილეი ხშირად ამუშავებული ბენზოხერხით მიდიოდა, ეს მისი მთავრობის ხარჯვისა და ზომის დრამატული შემცირების გეგმის მთავარი სიმბოლო გახდა. 

ბენზოხერხით აღჭურვილი მილეი ამომრჩევლებს 'კასტის' გაყრას ჰპირდებოდა - რიტორიკა, რომელმაც ბევრ დამკვირვებლებში დონალდ ტრამპის "ჭაობის დაშრობის" დაპირების ასოციაცია გააჩინა. მილეის არ უქმნის უხერხულობას ტრამპთან შედარება, ლიდერთან რომლის მიმართაც აღტაცებას ღიად გამოხატავს. 

პოლიტიკაში შემოსავლამდე მილეი არგენტინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჰოლდინგის Corporación America-ში უფროს ეკონომისტად მუშაობდა. საყურადღებოა, რომ ჰოლდინგის ერთ-ერთი მფლობელი ედუარდო ეურნაკიანი ფლობს რამდენიმე ტელევიზიასაც. სწორედ ამ ტელევიზიებში ექსცენტრული გამოსვლით შეიძინა ცნობადოდა მილეიმ. უკვე 2021 წელს მილეი დეპუტატი გახდა. 

კულტურული ომები 

ამაყი ლიბერტარიანელის გარდა, მილეი ე.წ. ტრადიციული ღირებულებების ხმალამოღებულ მცველადაც პოზიციონირებს. სოციალურ საკითხებზე მილეის პოზიციები ახლოს არის აშშ-ს რესპუბლიკური პარტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ზოგიერთ ლიდერთან. 

ამ ფაქტორებმა მილეი პოპულარული გახადა საზღვარგარეთაც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებში. 

მილეი ეწინააღმდეგება როგორც თვითონ უწოდებს "ფემინისტურ შეთქმულებასა" და აბორტებს. მილეის აზრით "მემარცხენეების შეთქმულებაა" ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კლიმატის ცვლილებაც. სწორედ მემარცხენეობა გახდა მიზეზი, რის გამოც მილეის წყრომა დაიმსახურა წარმოშობით არგენტინელმა რომის პაპმა ფრანცისკემ. ერთ-ერთ სატელივიზიო ინტერვიუში მილეიმ ვატიკანის მეთაურს იმბეცილი, ხოლო რომის კათოლიკურ ეკლესიას დედამიწაზე ყველა არსებული ცოდვის განსხეულება უწოდა. 

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მხადამჭერებთან შეხვედრისას მილეიმ განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში არგენტინა დაიბრუნებს მის ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, რომელიც არასდროს უნდა დაეკარგა. 

საგარეო ხედვები

გამორჩეულია ხავიერ მილეის საგარეო პოლიტიკური ხედვებიც - კამპანიის მიმდინარეობისას მილეიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეწყვეტდა ეკონომიკურ კავშირებს ჩინეთთან და ბრაზილიასთან - არგენტინის 2 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან. ბოლო საპრეზიდენტო დებატების დროს მილეიმ პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ მას მტკიცედ სწამს ღია ვაჭრობის, თუმცა დასძინა, რომ პროცესში მთავრობები არ უნდა ჩაერივნონ. პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია მილეის კიდევ ერთმა განცხადებამ, რომელშიც ის ამბობდა, რომ ჩინელი ხალხი არ არის თავისუფალი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო მკვლელს შეადარა. 

მილეი ასევე აპირებს Mercosur-ის სახელით ცნობილი რეგიონული სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლას. არჩეული პრეზიდენტის თქმით, არგენტინა არ ისარგებლებს BRICS-ისგან მიღებული გაწევრიანების მიწვევითაც. 

სამხრეთ-ამერიკელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით გამორჩეულად პრო-უკრაინულია მილეის პოზიცია რუსეთის მიერ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით. "ჩვენ, ვინც ვიცავთ თავისუფლების იდეებს, ვერ ვიქნებით ტოლერანტულები და ვერ მივიღებთ იმას, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს",- განაცხადა მილეიმ სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში. 

ამ პერიოდის განმავლობაში მილეი აქტიურად აკრიტიკებდა არგენტინის მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას ომთან დაკავშირებით და მას "მსოფლიოში ყველაზე საშინელი დიქტატურის თანამონაწილეობაში" ადანაშაულებდა. 

მილეის განცხადებებმა კრემლის უკმაყოფილება გამოიწვია - დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მათ არ გამორჩენიათ მილეის განცხადებები და დაელოდებიან მის მოქმედებებს. საყურადღებოა, რომ მილეის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა. 

სამხრეთ-ამერიკელი ლიდერისთვის მილეი გამორჩეულად პრო-ამერიკელია - აშშ-ს მილეი თავისუფალი სამყაროს უპირობო და შეუცვლელ ლიდერად მოიხსენიებს. 

მსგავსი სიახლეები