არგენტინის სასამართლომ მადუროს დაკავების ორდერი გასცა
არგენტინის სასამართლომ ორშაბათს, 23 სექტემბერს, ვენესუელის ხელისუფლების რამდენიმე წევრის, მათ შორის ქვეყნის მეთაურის, ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა.
"არგენტინის მართლმსაჯულების სისტემამ ნიკოლას მადუროს, (ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - რედ.) დიოსდადო კაბელოს და ვენესუელის მთავრობის სხვა ლიდერების დაპატიმრების სანქცია გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის," - თქვა არგენტინის დემოკრატიის დაცვის ფორუმმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დადასტურდა, რომ "ვენესუელას აქვს რეპრესიების, იძულებითი გაუჩინარების, წამების, მკვლელობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის დევნის სისტემატური გეგმა, რომელიც შეიმუშავეს მინიმუმ 2014 წელს და ჯერ კიდევ მოქმედებს."
არგენტინის სასამართლო დაკავების ორდერის გაცემისას ხელმძღვანელობდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ზოგადი იურისდიქციის პრინციპით.
დღესვე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის, არგენტინის უშიშროების მინისტრის პატრიცია ბულრიხის და პრეზიდენტის დის და მრჩევლის კარინა მილეის დაპატიმრების ორდერი გასცა, მათ ფულის გათეთრებასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ადანაშაულებენ.
არგენტინასა და ვენესუელას 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მწვავე კონფლიქტი აქვთ, არგენტინა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების შემდეგ ვენესუელამ ქვეყნიდან არგენტინელი დიპლომატები გააძევა.
თავის მხრივ, ბუენოს აირესმა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდა, ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გამოსცეს.