5 დეკემბრის დილით რუსულ მედიაში ერთდროულად გავრცელდა ცნობები რუსეთის 2 სტრატეგიულ ავიაბაზაზე განხორციელებული შეტევების შესახებ.
არსებული მონაცემებით ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე სარატოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა ენგელს 2-ის ასაფრენ ბილიკზე უპილიტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ბოლო ცნობებით დაზიანებულია ТУ-95-ის ტიპის 2 სტრატეგიული ბომბდამფშენი, რომლებსაც ატომური ასაფეთქებლის ტარებაც შეუძლიათ. დაჭრილია 2 სამხედრო.
პროპაგანდისტულ სამხედრო ტელეგრამ არხ Рыбарь-ზე მალევე გამოქვეყნდა ინციდენტის ამსახველი კადრები - ვიდეოზე ჩანს აფეთქების მომენტი და ამის შედეგად განვითარებული ხანძარი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდაგენლებმა განაცხადეს, რომ ამოწმებენ მონაცემებს და შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობდნენ სპეციალისტები.
მალევე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა დაადასტურა ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ გავრცელებული ცნობები, თუმცა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში აფეთქების საფრთხე არ არსებობდა.
სარატოვის ოლქის გარდა, დაახლოებით იმავე პერიოდში აფეთქება მოხდა რუსეთის კიდევ ერთ მსხვილ ავიაბაზა დიაგილევოზე, რომელიც ქალაქ რიაზანის მახლობლად მდებარეობს.
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ის ცნობით, აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა საწვავის გადამზიდი სატვირთო, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 და დაჭრილია 6 ადამიანი. სამხედრო ტექნიკის დაზიანების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხები და სამხედრო ბლოგერები მომხდარს უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიად ნათვალენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი დღის მიწურულს ყოველდღიურ ბრიფინგზე გაავრცელა.
იგორ კონაშენკოვი მომხდარის შეტევის მცდელობად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალება ჰაერშივე მოხერხდა. მისი თქმით, იერიში საბჭოთა წარმოების რეაქტიული საფრენი აპარატით განხორციელდა.
კონაშენკოვმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა ორი თვითმფრინავის კორპუსი და დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე აეროდრომის ტექნიკური პერსონალიდან.
თავის მხრივ დივერსიაზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია უკრაინულ მხარესაც, თუმცა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამგვარ შესაძლებლობაზე ღიად მიანიშნა - "თუ კი სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ძალიან ხშირად გაუშვებთ რამე მოწყობილობას, ადრე თუ გვიან ამოუცნობი საფრენი აპარატები აფრენის წერტილს დაუბრუნდებიან",- წერს პოდოლიაკი.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო
სარატოვის ოლქში მდებარე აეროდრომი ენგელსი ფრონტის ხაზიდან 700 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო დიაგილევო კი 500 კილომეტრით.
ოფიციალური მონაცემებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ამ მანძილზე მოქმედი არც საკუთარი და არც დასავლეთის მიერ გადაცემული შეიარაღება.
ოქტომბრის მიწურულს უკრაინის შეიარაღების მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია Укроборонпром იუწყებოდა, რომ ასრულებდა მუშაობას შორი რადიუსის მოეირიშე დრონზე, რომლის ფრენიც მანძილიც დაახლოებით 1 000 კილომეტრი იქნებოდა და რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 75 კილოგრამიანი ასაფეთქებლით.
4 დეკემბერს Укроборонпром-ის პრესსპიკერმა, ნატალია სადმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ კომპანია ახალი დრონის გამოცდის ფინალურ ეტაპზე იმყოფებოდა.
"მას შემდეგ რაც წარმატებულად გამოვცდით ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს რადიო-ელექტრონული მოწყობილებების წინააღმდეგობის პირობებში, ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება დრონის გამოცდა უკვე საბრძოლო პირობებში. ჩვენ გპირდებოდით, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდებოდა, ვცდილობთ ჩვენი დანაპირები ავასრულოთ",- განაცხადა სადმა.
სტრატეგიული ავიაბაზები
სტრატეგიული ავიაბაზა ენგელს 2 რუსეთის სტრატეგიული ბომბდამფშენების დისლოკაციის ადგილია, აეროდრომი აღჭურვილია 3 500 მეტრიანი ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკით. ბაზა ქალაქ სარატოვიდან აღმოსავლეთით 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ ბაზაზე განთავსებულია რუსეთის მძიმე ბომბდამშენების 2 საავიაციო პოლკი. ამ პოლკის შემადგენლობაშია TУ-160-ის და TУ-95-ის ტიპის სტრატეგიული რაკეტმზიდები, რომელთაც ატომური ასაფეთქებლის ტარებაც შეუძლიათ.
ამ აეროდრომზე ბაზირებული სამხედრო თვითმფრინავები პერიოდულად ახორციელებენ სარაკეტო შეტევებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათი სამინზე ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.
ჯერ კიდევ 30 ნოემბერს გერმანული Der Spiegel აეროდრომის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებოდა. სატელიტურ ფოტოზე ჩანს TУ-160-ის და TУ-95-ის ტიპის 20 თვითმფრინავი.
რაც შეეხება დიაგილევოს ესეც რუსეთის მძიმე ავიაციის ბაზირების კიდევ ერთი მსხვილი წერტილია, რომელიც ქალაქ რიაზანის შემოგარენში მდებარეობს. აქ ბაზირებულია Ту-95МС-ის და Ту-22М3-ის ტიპის თვითმფრინავები, აეროდრომის მახლობლად მდებარეობს სარემონტო საამქრო.
სუსტი წერტილი
ეს არ არის რუსეთის საავიაციო ბაზებზე განხორცილებული პირველი შეტევა - ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე, 2018 წელს თავდასხმა განხორციელდა სირიაში ხმეიმიმის აეროდრომზე. მაშინ რუსული მედიაში იწერებოდა, რომ სირიაში მომხდარი შეტევის დროს განადგურდა CУ-24-ის ტიპის 4 თვითმფრინავი, CУ-35-ის ტიპის 2 გამანაგურებელი და АН-72-ის სატვრითო თვითმფრინავი.
უკვე ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომებზე რამდენიმე იერიში განხორციელდა - დღევანდელ შემთხვევამდე ბოლო ასეთი თავდასხმის შესახებ ცნობილი 7 ოქტომბერს გახდა.
მაშინ კალუგის ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ განაცხადა, რომ შაიკოვკას აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა. შაპშა მიანიშნებდა, რომ დრონი უკრაინიდან მოფრინდა.
ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად 9 აგვისტოს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე საკის აეროდრომზე მომხდარი შეტევა მიიჩნევა - მაშინ იერიშის შედეგად სულ ცოტა 7 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. მომხდარის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ერთ-ერთ ვერსიად უპილიტო საფრენი აპარატების იერიში მიიჩნევა.
31 ივლისს იმავე ოკუპირებულ ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
ყველა ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე თუ რამდენად მოწყვლადია რუსეთის სტრატეგიული აეროდრომები დრონების შეტევების მიმართ. ასეთი სისუსტის მიზეზად სამხედრო ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს ასეხელებენ - მათ შორის იმას, რომ დრონებს შეუძლიათ დიდი მანძილის დაფარვა დაბალ სიმაღლეზე. გარდა ამისა აპარატის კონსტრუქციის მოდიფიცირება კიდევ უფრო ამცირებს რადარების მიერ დრონის აღმოჩენის შანსს.
დრონების საწინააღმდეგო ნებისმიერი იარაღის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მისი დაფიქსირება ჰაერში.
ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპანტებმა აქტიურად დაიწყეს ირანული წარმოების დრონების გამოყენება. თავის მხრივ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მთავარი ძალისხმევაც ბოლო პერიოდში სწორედ ირანული დრონებისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ იყო მიმართული.
ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინამ წარმატებით შეძლო ირანული დრონების საწინააღმდეგო სისტემის გამართვა - პირველ რიგში საუბარია შეტყობინების სისტემაზე, რომლის მთავარი ელემენტიც მობილური აპლიკაციაა. მისი მეშვეობით მოქალაქეები წინასწარ გადაცემენ მონაცემებს შესაბიმის უწყებებს ჰაერში აღმოჩენილი დრონების შესახებ.
თავის მხრივ რუსეთსაც აქვს დრონების საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის შეიარაღება, რომელთა ბირთვსაც ძირითადად Панцирь С1-ის და Тор-М2У-ის ტიპის საზენიტო სისტემები წარმოადგენს. თუმცა დრონების საწინააღმდეგო ბრძოლის სისტემა კომლექსური და რთული სისტემაა, რომელიც მოითხოვს მონაცემების დროულ და სწორ ანალიზს.
გარდა ამისა, ამგვარი სისტემა მოითხოვს რეგულარულ წვრთნებს. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამგვარი სისტემებს მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთის დაცვა შეუძლიათ.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ორიენტირებული იყო უფრო მსხვილი სამიზნეების განეიტრალებაზე - მტრული თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და რაკეტების აღმოჩენასა და ჩამოგდებაზე. აქედან გამომდინარე დაბალ სიმაღლეზე და შედარებით ნელი სიჩქარით მფრინავ დრონს საჰაერო თავდაცვის ხაზის გადალახვის უფრო მეტი შანსი აქვს.
დასავლური დრონების დილემა
ფრონტის ხაზიდან 700 კილომეტრით დაშორებულ ავიაბაზებზე უკრაინის შესაძლო იერიში განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ში მიმდინარე დისკუსიის ფონზე - უკვე რამდენიმე თვეა ამერიკული ადმინისტრაცია უკრაინისთვის Gray Eagle-ის ტიპის დრონების გადაცემაზე მსჯელობს.
თავდაპირველად უკრაინელთა აღნიშნული თხოვნა ამერიკელმა დრონში არსებული სენსიტიური ტექნოლოგიების კომპრომეტირების რისკით ახსნეს. ბაიდენის ადმინისტრაცია ფრთხილობს, რომ მოწინავე ტექნოლოგიები რუსების ხელში აღმოჩნდა.
მოგვიანებით ტელეარხი CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ში განიხილავდნენ თუ რა მოდიფიკაციით გადაეცათ აღნიშნული დრონი უკრაინელებისთვის ისე, რომ ტექნოლოგიის კომპრომეტირების რისკი თავიდან აერიდებინათ.
უკრაინისთვის აღნიშნული საფრენი აპარატების გადაცემისკენ მოუწოდებდა ადმინისტრაციას ამერიკელი სენატორების ჯგუფი - ორპარტიული ჯგუფი ლოიდ ოსტინისთვის განკუთვნილ წერილში წერდნენ, რომ დრონების გადაცემას შეუძლია ომის სტრატეგიული ტრაექტორია უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს.