-

14 მაისს თურქეთში უმნიშვნელოვანესი დღეა - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ნობელიანტმა თურქმა მწერალმა ორჰან ფამუქმა Le Monde-თან ინტერვიუში, ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, ერდოღანის მმართველობასა და თურქეთის მომავალზე ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს, ქართულ ენაზე.

თურქი მწერალი ორჰან ფამუქი, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, საფრანგეთის კოლეჯში, ლექციების წასაკითხად იმყოფება. თემა არის "მწერლის პარადოქსი", რომელიც მას, 14 მაისის არჩევნების წინ, საკუთარი ქვეყნის პარადოქსების კვლევისკენაც უბიძგებს. ეს არის პირველი არჩევნები ორი ათწლეულის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა ერდოღანმა ვერ მოიგოს.

როგორ შეიცვალა თურქეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში?

ეკონომიკური ზრდა იყო უზარმაზარი, მაგრამ ცვლილება, რომელიც ამ პერიოდში მოხდა, ერთგვაროვანი არ ყოფილა. თურქებმა ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ათწლეულში, მეტის მოხმარება შეძლეს, რაც მოსწონდათ. ეკონომიკურ ბუმთან ერთად, თავისუფლებებიც დაცული იყო.

მათი გამოხატვის თავისუფლება არ იყო შეზღუდული. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ცვლილება ნულის ტოლია. ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური ექსპერტი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, თურქეთმა დაღმასვლა განიცადა.

როდის მოხდა ეს შემობრუნება?

ვფიქრობ, ხაზგასასმელია ორი გარდამტეხი მომენტი: ერთი იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა [2016 წლის 15 ივლისს], რომელსაც თურქებმა გაბედულად გაუწიეს წინააღმდეგობა, როცა ქუჩაში გამოვიდნენ. ამ მოვლენამ მმართველი პარტია [AKP, სამართლიანობისა და განვითარების პარტია] და ერდოღანი ძალიან აგრესიული გახადა. სამხედრო გადატრიალება მიუღებელი იყო და თურქმა ხალხმა ეს არ მიიღო. ამასთანავე, როგორც ერდოღანმა თქვა, ეს იყო მმართველი პარტიისთვის "ღვთის მიერ ბოძებული" დიდი შესაძლებლობა. მან ბოროტად გამოიყენა ეს შესაძლებლობა - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ათასობით ადამიანის ციხეში ჩასმითა და უალტერნატივო, ყოვლისშემძლე მმართველად ტრანსფორმიდა.

მეორე გარდამტეხი მომენტი იყო კონსტიტუციის შეცვლა [2017 წელს], რომლის მიზანიც ყველა უფლებამოსილების მის ხელში კონცენტრირება იყო. სამწუხაროდ, თავდაპირველად, ამას თურქმა ხალხმა მხარი დაუჭირა, რადგანაც ხალხი მას ენდობოდა. ყოვლისშემძლე მმართველად გახდომით, მან იმ ხალხის მარგინალიზაცია მოახდინა, ვინც პროდასავლური, გონივრული, განათლებული და ბრძენი იყო. მან არ მოუსმინა მათ [განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე], რის გამოც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქები გაღარიბდნენ. ცენტრალურ ანატოლიაში კონსერვატორები მას კვლავ უჭერენ მხარს, მაგრამ როგორ შეიძლება მაინც მოსწონდეთ ის, თუ ინფლაციის გამო ნაკლებ ხახვს და პომიდორს ჭამენ? მან ეს იცის.

ჰქონდა თუ არა ერდოღანის პარტიას, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას" ეკონომიკისა და საზოგადოების გარდაქმნის პროექტი?

არ მგონია, რომ ერდოღანის წარმატებაში გადამწყვეტი AKP-ის პროექტი იყო. თავდაპირველად, მან თავისი თავი იმით შექმნა, რომ სეკულარისტები ზედმეტად იყვნენ დაკავშირებული ჯართან და თურქ ხალხთან, რის გამოც კონსერვატიულ წრეებთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდნენ. [ისლამური] თავსაბურავი აშკარად ცენტრალური საკითხია ამ ამბავში. სანამ ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდოდა, CHP [სახალხო რესპუბლიკური პარტია, ქემალისტური] ჯარს ეფლირტავებოდა, ქალების ფარული რეპრესიების მხარდაჭერით. ქალების დიდი ნაწილი თავსაბურავებს ატარებს არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ წარსულში მათი დედებიც ატარებდნენ.

რაც უფრო მეტად იყო რეპრესირებული მოსახლეობის ეს ნაწილი, მით უფრო იზრდებოდა ერდოღანის პოპულარობა. ადრეულ წლებში, მისი დაპირება არა მხოლოდ ეკონომიკური ბუმი (რასაც მიაღწია), არამედ ისიც იყო, რომ დაიცავდა ქალებისთვის თავსაბურავის ტარების უფლებას. ის ასევე აცხადებდა, რომ ევროპასთან დაახლოებას გეგმავდა და თურქები ამას ეკონომიკურ შესაძლებლობად თვლიდნენ.

ორჰან ფამუქი პარიზში, საფრანგეთის კოლეჯის ჰიუგოს ფონდში

როგორ ფიქრობთ, ის გულწრფელი იყო, განსაკუთრებით ამ უკანასკნელ საკითხში?

მე არ მაინტერესებს მისი პირადი წესიერება. ზოგჯერ, გულწრფელ პოლიტიკოსებს საკუთარი ქვეყნები გაუნადგურებიათ. პოლიტიკას პერსონალური ანალიზით არ ვხსნი. ზოგიერთი მოაზროვნე, ქემალ ათათურქს [1923 წელს თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელს] ან ერდოღანს, ბავშვობის წლების ანალიზით სწავლობს.

ჩემი მხრივ, მე უპირველეს ყოვლისა მჯერა ისტორიის გარდაუვალი მსვლელობის. ერდოღანი რომ არ ყოფილიყო, სხვა ერდოღანი იქნებოდა, რადგანაც, სამწუხაროდ, სეკულარისტთა ბანაკმა, რომელსაც მე კულტურულად ვეკუთვნი (და ჩემი რომანი "თოვლი" ამ საკითხზეა) წარსულში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ძალაუფლება, გარკვეულწილად რადიკალმა კონსერვატორმა ჩაიგდო ხელში. მისი ნამდვილი პოლიტიკური ხრიკი იყო: "გაგიკეთებთ თავსაბურავებს და გაიძულებთ ევროპას ხელი ჩამოართვათ," მაშინ როცა რესპუბლიკური პარტია, 20 წლის წინ, ევროპის მიმართ არც თუ ისე მეგობრული იყო.

რთულია ეს არჩევნები პრეზიდენტ ერდოღანისთვის?

ერდოღანი ემხრობოდა ეკონომიკურ კეთილდღეობას და ცოტათი სიტყვის თავისუფლებას. კარგი კომბინაცია იყო, რომელიც თითქმის 15 წელი მუშაობდა, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, მან ყველაფერი გაანადგურა. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მდგომარეობა, მის წინააღმდეგ მუშაობს. მეორეც, მან დაკარგა ქურთების მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მათ თავისუფლებას დაჰპირდა და ამავდროულად, სამშვიდობო პროცესის ინიციატორი გახდა. და ბოლოს, მან ქალებიც დაკარგა. ამიტომ, მას პოლიტიკური ბაზის გაფართოება მოუწია.

მას მოკავშირეები სჭირდებოდა, მაგრამ შეუძლებელი იყო სეკულარ პოლიტიკოსებთან დაკავშირება, რომლებთანაც, ფუნდამენტურ ღირებულებებზე ძალიან ბევრი უთანხმოება ჰქონდა. ასე რომ, ის MHP-ს [ნაციონალისტური მოქმედების პარტიას, ულტრამემარჯვენე] დაუახლოვდა, რომელიც სეკულარიზმის დიდი დამცველი იყო და თავსაბურავის საკითხში სეკულარისტთა მხარეს იყო. MHP-მ უღალატა თავის იდეებს ერდოღანთან მოკავშირეობის გამო, რომელიც, თავის მხრივ, არ ასრულებდა თავის დაპირებებს თავისუფლებასთან დაკავშირებით.

არ ვფიქრობ, რომ თურქეთში ერდოღანი უფრო ოპორტუნისტია, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკოსი. და ბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ერდოღანმა შესაძლოა წააგოს [არჩევნები] არის მიწისძვრის [6 თებერვალს მომხდარი, რომელსაც 50 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა] არასწორად მართვა.

ისე ჩანს, რომ მას ბევრი კარტი არ აქვს დარჩენილი?

ნაწილობრივ, რაც ერდოღანს ხელისუფლებას უნარჩუნებს, ევროპაა. ერთის მხრივ, ერდოღანს ევროპელი ლიდერები აკრიტიკებენ - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, მწერლების დაპატიმრების გამო და ა.შ. მეორე მხრივ, ისეთი ევროპული ქვეყნების ლიდერები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, ჩუმად, მისით ბედნიერები არიან, რადგან ის მიგრანტებს თურქეთში დარჩენის უფლებას აძლევს. ქემალ ქილიჩდაროღლუმ [ერდოღანის კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში] განაცხადა, რომ ის სირიელი ლტოლვილების [სამ მილიონზე მეტი ადამიანის] დეპორტირებას გეგმავს.

თანამედროვე თურქეთი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სად არის ის ახლა?

თურქეთის რესპუბლიკის [ქემალ ათათურქის მიერ] დაარსების წლისთავი ოქტომბერშია, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ეს ასევე იქნება შეფასების დრო. როგორია თანამედროვე სეკულარული თურქეთის წარმატებები და წარუმატებლობები? თურქული სეკულარიზმის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ის ქვეყნის სისხლძარღვებში გადის. საბოლოო ჯამში, ერდოღანმა მისი ჩახშობა ვერ შეძლო.

მეორეც, როცა ერდოღანს ძლიერ პიროვნებად ვთვლით, ამის მიზეზი ისლამი კი არ არის, არამედ, მის მიერ დანერგილი ავტორიტარიზმია. ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთ ის, მისი ისლამიზმის გამო (რომელიც ზომიერია), არამედ ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გამო.

მან თავისი პოპულარობა, ბოროტად გამოიყენა, კონსტიტუციის შესაცვლელად. ახლა, ის, ამ ფუნდამენტური კანონის წინაშე დგას, რომელიც თავისთვის შექმნა, მაგრამ დაბნეული აღმოაჩენს, რომ მის მიერ შექმნილ, ყოვლისშემძლე თანამდებობაზე, შეიძლება აღმოჩნდეს სრულად სეკულარი ადამიანი, რომელიც ალევიტი და ქურთია.

ეს არის ერდოღანის პარადოქსი! ამიტომ, არ მინდა არჩევნებზე წინასწარი დასკვნა გავაკეთო. თუ შევცდები, არ მინდა სულელად გამოვჩნდე - ამიტომ არავითარი წინასწარმეტყველება!

მსგავსი სიახლეები