-

- როგორ გაკოტრდით? 
- ორნაირად. თანდათანობით და შემდეგ უცაბედად. 
ერნესტ ჰემინგუეი, "აღმოხდების მზე"

ზოგჯერ სამხედრო მარცხი გაკოტრებას ჰგავს. ის რაც ერთი შეხედვით რთულ, მტკივნეულ და გრძელ ამოცანად მოსჩანდა შესაძლოა ელვისებურ გამარჯვებაში გარდაისახოს - თითქოსდა კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია შესაძლოა თვალის დახამხამებაში გატყდეს და გასაქცევ გზებს ეძებდეს. ეს ომში ხშირად ხდება. 

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებდა უკრაინის მიერ ხარკოვის რაიონში წამოწყებულ იერიშს, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. ვიხილეთ სპექტაკლი გაქცეული და ტალახიანი რუსი ჯარისკაცების მონაწილეობით, ვიხილეთ მიტოვებული და უკრაინელი მებრძოლების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკის კოლონები, ვიხილეთ პანიკაში მიტოვებული საოპერაციო შტაბები, დიდი რაოდენობით ტყვიაწამლით და სასადილო მაგიდებზე ფაშისტური სიმბოლიკით გაფორმებული გაუხსნელი კონსერვებით. 

რაც მთავარია, ვიხილეთ გათავისუფლებული და გახარებული უკრაინელები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით ეგებებოდნენ თავიანთ მებრძოლებს. იერიშის სისწრაფესთან და ეფექტურობასთან ერთად შთამბეჭდავია გათავისუფლებული ტერიტორიების მოცულობაც - ოკუპანტებისგან თითქმის სრულად გათავისუფლდა ხარკოვის რაიონი. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ იერიშით ომი არ დასრულებულა და უკრაინას საბოლოოდ ჯერ არ გაუმარჯვია, ეჭვგარეშეა ერთი რამ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ისტორიული მნიშვნელობისაა. 

"უკრაინელებმა განახორციელეს სტრატეგიული მნიშვნელობის ოსტატური იერიში, რომელსაც სამხედრო საქმის მკვლევრები მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეისწავლიან", - წერს სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი, ფილიპს პეისონ ო'ბრაიანი. 

გიყვებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ტრიუმფალურ იერიშზე. 

საჭირო გამარჯვება 

ომის პირველი ფაზისა და კიევისთვის გამართულ ეგზისტენციალურ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვების შემდეგ ბევრი საუბარი იყო უკრაინის მოსალოდნელ კონტრიერიშზე.

ოპტიმალურ ფანჯარად ზაფხულის მიწურული მოჩანდა, ეს ობიექტური და სუბიექტური პირობებით იყო განპირობებული: მათ შორის უკრაინას სჭირდებოდა დრო ომის უმძიმეს პირველ ფაზაში განცდილი დანაკარგების შესავსებად, დასავლური შეიარაღების მისაღებად და ამ იერიშის დასაგეგმად და აღსასრულებლად. 

გარდა ამისა უკრაინელებს სურდათ თავიანთი იერიში პირველ თოვლამდე მანამდე დაეწყოთ, სანამ ცივი ზამთრის მოლოდინში მყოფი ვლადიმირ პუტინი ევროპაზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს მიიღებდა. უკრაინის წარმატებულ იერიშს ელოდებოდნენ დასავლეთში, სადაც ჯერ კიდევ ისმოდა სკეპტიკური ხმები უკრაინის სამხედრო პოტენციალთან და მათთვის გაწეული სამხედრო დახმარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

უკრაინას დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ მიღებული შეიარაღებით არამხოლოდ თავის დაცვა, არამედ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებაც შეეძლო. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: წარმატებული იერიში სჭირდებოდა უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის. გამარჯვება სჭირდებოდა უკრაინელ მებრძოლებსაც, რომლებმაც მაის-ივნისის პერიოდში დონბასში განვითარებული სასტიკი ბრძოლების დროს უმძიმესი დანაკარგები განიცადეს. 

გეგმიდან მოქმედებამდე 

New York Times ცნობით, უკრაინის გენერალიტეტმა კონტრიერიშის დაგეგმვა მას შემდეგ დაიწყო, რაც შესაბამისი თხოვნით მათ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა.

"ჩვენ გვჭირდება დიდი და დამაჯერებელი გამარჯვება", - უთხრა ზელენსკიმ თავის გენერლებს. 

პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად უკრაინელმა სამხედროებმა მოამზადეს იერიშის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ხერსონის გათავისუფლებას და მარიუპოლის მოჭრას აღმოსავლეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისგან. 

აშშ-სთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ ზაფხულში, კიევის უმაღლესი თანამდებობის პირებმა აშშ-სთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, იერიშის გეგმა უკრაინელმა სამხედროებმა თავიანთ ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებსაც გააცნეს. 

გეგმის დეტალური განხილვის შემდეგ ორივე მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ არსებულ პირობებში აღნიშნული გეგმა ზედმეტად სარისკო იქნებოდა და ვერ მოხერხდებოდა დიდი მოცულობის ტერიტორიის გათავისუფლება. ამერიკელების აზრით გეგმის განვითარების შემთხვევაში უკრაინელებს ძალიან დიდი დანაკარგები ექნებოდათ.

იერიშის გეგმას პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავდნენ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

ცხადია, გეგმის განხილვაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩართული იყო აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის მეთაური მარკ მილიც. მოგვიანებით პროცესში აქტიურად ჩაერთო აშშ-ს ახლადდანიშნული სამხედრო ატაშე, გენერალი გარიკ ჰარმონი. 

იმავე New York Times-ის ცნობით, სესიები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კრიტიკული მომენტი ზაფხულში აშშ-სა და უკრაინის მიერ ორგანიზებული ე.წ. საომარი თამაშების მოდელირების დროს დადგა - მოდელირების ფარგლებში მხარეებმა იერიშის გეგმა და მისი შესაძლო შედეგები გამოავლინეს. 

ტესტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამხრეთში ამგვარი იერიშის გეგმა ძალიან მაღალი ალბათობით, ჩავარდებოდა. თუმცა ამავე მოდელირების ფარგლებში გამოიკვეთა ისეთი იერიშის გეგმის კონტურებიც, რომელსაც ყველა მაჩვენებლით წარმატების მეტი შანსი ექნებოდა. 

"ჩვენ უკრაინელებს მივეცით ინფორმაცია და რჩევები, ხოლო გადაწყვეტილება მხოლოდ მათი მისაღები იყო", - ამბობს გამოცემასთან საუბარში პენტაგონის მაღალჩინოსანი კოლინ კალი. 

სამხედრო ექსპერტების ყურადღება უკრაინის სამხრეთით, კერძოდ კი ხერსონისკენ იყო მიმართული - მისი სტრატეგიული მდებარეობიდან და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკრაინის პირველი კონტრიერიშის ადგილი ლოგიკურად სწორედ ხერსონი უნდა ყოფილიყო. ამას ხელს უწყობდა უკრაინელი სამხედროებისა და პოლიტიკოსების აქცენტირება ხერსონზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. 

გარდა ამისა, ხერსონს აქვს სიმბოლური მნიშვნელობაც - ხერსონი 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ რუსების მიერ დაკავებული ყველაზე დიდი ქალაქი და ერთადერთი პროვინციული დედაქალაქია. 

მართლაც, ზაფხულშივე უკრაინამ ხერსონის მიმართულების შესამჩნევი გაძლიერება დაიწყო, სწორედ ხერსონის მიმართულებით გაიგზავნა აშშ-სგან მიღებული პირველი HIMARS-ები [მაღალი მობილობის რეაქტიული საარტილერიო სისტემები]. თუკი ომის პირველ თვეებში ხერსონში სამხედრო ვითარება მეტნაკლებად სტატიკური იყო, ივლისიდან ფრონტი გამოცოცხლდა. 

ხერსონის ირგვლივ უკრაინელების მიერ ოკუპანტების მომარაგების ხაზებისა და ლოჯისტიკის მიმართ წარმოებული მასირებული შეტევები მიანიშნებდა, რომ ხერსონი მომდევნო თვეების მთავარი ფრონტი იქნებოდა და უკრაინაც სწორედ ამ მიმართულებით იქნებოდა ფოკუსირებული. 

როგორც აღმოჩნდა ამ დაშვებას იზიარებდნენ კრემლშიც - აგვისტოს განმავლობაში დაგროვილი სადაზვერვო მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ რუსებს ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთიდან ხერსონის მიმართულებით გადაჰყავდათ.

სამხედრო ნაწილების გადაადგილებამ ოკუპანტების ლოჯისტიკაში მანამდე უცნობი სისუსტეები გამოავლინა: ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინის კონტრიერიშის მზადების შემჩნევის შემთხვევაშიც კი რუსებს ძალიან გაუჭირდებოდათ ხარკოვის რაიონში რეზერვების მობილიზება. 

საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ კოფმანის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ხარკოვამდე რეზერვების გადმოსაყვანად დაახლოებით 10 დღე სჭირდება, მაშინ როდესაც უკრაინელებს იმავეს გაკეთება 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ. 

გარდა ამისა უკრაინელებისთვის უმჯობესი იყო, თუ რუსები ბრძოლისუნარიან დაჯგუფებებს ხერსონში გადაიყვანდნენ - რუსეთისთვის ამ დაჯგუფებების საჰაერო უზრუნველყოფა გაცილებით უფრო მარტივი იყო საზღვართან ახლოს მყოფ რაიონებში, ხერსონში კი ეს ნაწილები დამოკიდებულები იქნებოდნენ იმავე მომარაგების ხაზებზე, რომლებსაც უკრაინელები გულმოდგინედ ანადგურებდნენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები ობიექტური ფაქტორების გამო ხერსონში უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებოდნენ. 

ხერსონის კონტრიერიშის განვითარების პარალელურად უკრაინელ გენერლებს ერთი დიდი კონტრტიერიშის მაგივრად ორი იერიშის დაწყების იდეა გაუჩნდათ. უკრაინელი სამხედროების გეგმით, ხერსონის იერიში ეტაპობრივად განვითარდებოდა, თუმცა ოკუპანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, ფრონტის გარღვევას უფრო დიდი დაჭირდებოდა და ვითარება ე.წ. გამოფიტვის ომის სცენარით განვითარდებოდა.

მეორე იერიში ხარკოვის მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. იმის შესახებ, რომ ერთდროულად ორი იერიშის იდეა აქტიურად განიხილებოდა, ცოტა ხნის წინ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმაც.

ხერსონის გეგმისგან განსხვავებით, რომელიც ტერიტორიების გათავისუფლებას მხოლოდ მოწინააღმდეგის საფუძვლიანი გამოფიტვის შემდეგ ითვალისწინებდა, ხარკოვის გეგმა უფრო დიდი ტერიტორიული ამბიციებით ხასიათდებოდა. 

უკრაინელებს სურდათ ელვისებური შეტევით დაეკავებინათ ქალაქი კუპიანსკი, რომელზეც ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფების მომარაგების ერთადერთ უსაფრთხო სარკინიგზო ხაზი გადიოდა. 

აღსანიშნავია, რომ ერთდროულად ორ იერიშზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა აპრილიდან მოყოლებული დონბასის ფრონტზე განვითარებული გამოფიტვის ომი, რომლის ფარგლებში უკრაინელებმა მართლაც მძიმე დანაკარგები განიცადეს, თუმცა გაცილებით უფრო მაღალი იყო ოკუპანტების ზიანი. 

სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, რუსეთის არმია გეოგრაფიულად გაწელილ და დაუცველ სივრცეში აღმოჩნდა, ოკუპანტებს უბრალოდ არ ჰყოფნიდათ ცოცხალი ძალი ამ მოცულობის უკრაინული ტერიტორიის გასამაგრებლად.

გეგმას ერთი ნაკლი ჰქონდა - მთელი გეგმა აწყობილი და დამოკიდებული იყო აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარების ტემპსა და მოცულობაზე. მალევე უკრაინელებმა შეადგინეს შეიარაღების დეტალური ჩამონათვალი, რომელიც წარმატებული იერიშისთვის სჭირდებოდათ და სია ამერიკელ კოლეგებს გადასცეს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა HIMARS-ებზე, ასევე სატელიტური დამიზნების GLMRS-ის ტიპის რაკეტებზე, რომელსაც უკრაინელები ძალიან წარმატებულად იყენებდნენ. მაიკლ კოფმანის თქმით, HIMARS-ებმა პრაქტიკულად აღმოფხვრა რუსეთის საცეცხლე უპირატესობა, რაც დონბასში მათი გეოგრაფიული წინსვლის მთავარი მიზეზი იყო. 

მთავარ სიახლეს კი HARM-ის ტიპის საავიაციო რაკეტები წარმოადგენდა, რომელიც უკრაინელებმა თავიანთ საბჭოთა MiG-29 ტიპის თვითმფრინავებზე დაამაგრეს. ამგვარი რამ ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის ავიაციას არ გაუკეთებია. ამერიკული საავიაციო რაკეტების გამოყენებით უკრაინელებმა წარმატებით დაიწყეს რუსული სარადარო სისტემების განადგურება. 

სიის გადაცემის მომენტიდან ამერიკული ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში აცხადებდა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტებს. ამან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას მისცა საჭირო თავდაჯერება ფოკუსირებულიყვნენ ოპერაციის დეტალურ დაგეგმვასა და ანალიზზე. 

ხერსონის იერიში არ ყოფილა ფანდი და მოწინააღმდეგის დასაბნევი მანევრი, პირიქით - ოპერაცია, როგორც უკრაინელები პროგნოზირებდნენ, უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს. ხერსონში დაწყებული იერიშის ფონზე რუსები იძულებულები გახდნენ ხარკოვის ფლანგი მოეშიშვლებინათ - პუტინმა გაიყვანა სამხედრო ნაწილები იმ ტერიტორიიდან, სადაც უკრაინელებს სწრაფი შეტევა სურდათ და გადაიყვანა ისეთ ადგილას, სადაც უკრაინელები გამოფიტვის ომს აწარმოებენ და შესაბამის მზადყოფნაშიც იყვნენ. 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ უკრაინელებმა დაწერეს სცენარი, ხოლო რუსებმა მათთვის განკუთვნილი როლი ბრწყინვალედ შეასრულეს.

აღსრულება

უკრაინის მიერ ხარკოვში წამოწყებულ იერიშს შეგვიძლია ყველაფერი ვუწოდოთ ოპორტუნისტულის და იმპულსურის გარდა - ეს იყო შედეგი მრავალი თვის განმავლობაში მოთმინებით და გულმოდგინედ დაგეგმილი ძალისხმევის, უსაფრთხოების ზომების ბრწყინვალე დაცვით. 

"უკრაინის მთავრობამ და შეიარაღებულმა ძალებმა ყველა დონეზე შესანიშნავად იმუშავეს და შედეგმაც არ დააყოვნა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო-სტრატეგიული გამარჯვება 1945 წლის შემდეგ", - ფილიპს პეისონ ო'ბრაიანი. 

სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის მახლობლად უკრაინის არმიამ ახალგაწვრთნილი და დასვენებული სამხედროები შეკრიბა. უკრაინელებმა შეძლეს სწრაფი და მოქნილი დამრტყმელი ძალის ისე მობილიზება, რომ მზადების შესახებ მტერმა ვერაფერი გაიგო.

ყველაფერზე მეტად უკრაინის ელვისებური კონტრიერიში რუსეთის კატასტროფულ სადაზვერვო ჩავარდნაზე მეტყველებს - მათ უკრაინის გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ ან როცა გაიგეს რეაგირება უკვე დაგვიანებული იყო. 

უკრაინის არმიამ შეძლო მსუბუქ და სწრაფ სამხედრო ტრანსპორტზე მოძრავი სპეციალიზირებული საბრძოლო ბრიგადების ჩამოყალიბება, რამაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მობილურობა მისცა. 

აქედან გამომდინარე უკრაინელებმა სწრაფად შეძლეს მოშიშვლებული და ცუდად დაცული ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა. უკრაინელი მებრძოლების ჯგუფები გვერდს უვლიდნენ ოკუპანტების პოზიციებს, რომლებსაც უბრალოდ არ შეეძლოთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ამგვარი გარღვევის ფონზე, ხარკოვის რაიონში განლაგებული რუსების დაჯგუფებები მოწყდნენ მომარაგების ხაზებს და ისინი იძულებულები გახდნენ ქაოსური უკანდახევა დაეწყოთ. 

უკრაინელების მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ტერიტორიების დაკავება და ოკუპანტების დაჯგუფებების განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრიერიშზე მათ ეს ისედაც შეძლეს, უკრაინელების მთავარი მიზანი ქალაქ კუპიანსკის დაკავება იყო -  27 ათასიანი ქალაქი, რომელზეც იზიუმის დაჯგუფების მომარაგების სარკინიგზო და საავტომობილო ხაზი გადიოდა. უკრაინელების კიდევ ერთ სტრატეგიულ მიზანს უშუალოდ იზიუმის გათავისუფლება წარმოადგენდა. 

ოპერაციის პირველი სამიზნე ქალაქი ბალაკლია გახდა, რომელიც უკრაინელების სწრაფი მარშის შემდეგ მალევე ალყაში მოექცა. რუსები იძულებულები გახდნენ ქალაქიდან გაქცეულიყვნენ. უკრაინის არმიას ხელს აძლევდა ისიც, რომ ბალაკლიას ძირითადად როსგვარდიის მსუბუქად შეიარაღებული ძალები იცავდნენ, რომელთაც ზურგს ნაძალადევად მობილიზებული, ცუდად შეიარაღებული და ცუდად გაწვრთნილი ლუჰანსკის სეპარატისტული დაჯგუფება უმაგრებდა. 

ამ არეალში მოყოლილი ოკუპანტები პანიკაში გარბოდნენ და თან ტოვებდნენ დიდი რაოდენობით შეიარაღებას, რომელსაც უკრაინელები მათ წინააღმდეგ მომდევნო კვირებში გამოიყენებენ.

ბალაკლეაში შესვლის შემდეგ უკრაინელებს წინსვლა არ შეუჩერებიათ და გეზი მდინარე ოსკოლისკენ აიღეს. ამგვარად, უკრაინის არმიამ ამ მიმართულებით რკალი შეკრა, რამაც ოკუპანტებისთვის შეუძლებელი გახადა ადგილზე რეზერვების გადასროლა.

უკრაინის არმია სწრაფად შევიდა კუპიანსკში და პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავა ქალაქის დასავლეთ ნაწილი, რის შემდეგაც მათ ოკუპანტებს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე აიძულეს გადასვლა. ფრონტის ამ ხაზზე უკრაინელები სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყალსაცავზე გამაგრდნენ. 

უკვე პარასკევს, 9 სექტემბერს, უკრაინელებმა იერიშის კიდევ ერთი ხაზი განავითარეს - ამჯერად ლიმანის მიმართულებით, რომლის დასაკავებლად რუსები რამდენიმე კვირის განმავლობაში უმძიმესი დანაკარგების ფასად იბრძოდნენ. ლიმანის მიმართულებით განვითარებულმა შეტევამ უკრაინელებს გზა გაუხსნა უშუალოდ იზიუმისკენ.

ბალაკლიაზე და კუპიანსკზე განვითარებული შეტევების შემდეგ იზიუმში განლაგებული დაჯგუფებას წინააღმდეგობაზე არც უფიქრია - მათი ერთადერთი მიზანი იყო ნებისმიერ ფასად თავი აერიდებინათ ალყისთვის. 

უკვე იზიუმში შესვლის მომენტში განადგურებული იყო ასეულობით ოკუპანტი, კიდევ უფრო მეტი კი ტყვედ ჩავარდა. უკრაინელები დაუბრკოლებლად შევიდნენ იზიუმში, რაც მოცემულ მომენტამდე უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო გამარჯვებას წარმოადგენს. 

შეტევის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ოკუპანტების მთავარი საზრუნავი ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია იყო. ჯერჯერობით ფრონტის ხაზიდან მომდინარე ცნობები აჩვენებს, რომ ოკუპანტები ამასაც ვერ ახერხებენ. ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის შემთხვევაშიც კი ცალსახაა, რომ ოკუპანტები გაცილებით უფრო უარეს პოზიციაში არიან, ვიდრე 1 სექტემბრამდე. 

შედეგები

უკრაინის წარმატებულმა შეტევამ შეცვალა სამხედრო ექსპერტებში არსებული კონსენსუსი, რომ ეს უფრო მეტად გამოფიტვის ომი იქნებოდა, ვიდრე სამხედრო მანევრების. 

ამავე იერიშმა საბოლოოდ დაასამარა რუსეთის იმედები სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით წინსვლის შესახებ, სადაც ოკუპანტების მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასის დაჯგუფების ოპერატიულ ალყაში მოქცევა იყო. 

ამითვე დასრულდა რუსეთის ოცნებები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დაკავების შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 11 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ყველაფერთან ერთად ეს უკრაინის დიდი პოლიტიკური გამარჯვებაა. 

უკრაინული კონტრიერიშის პიკზე, 8 სექტემბერს, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა თავის ტელეგრამ-არხზე შემდეგი შინაარსის მოკლე წერილი გამოაქვეყნა - "ჩვენ უკვე წავაგეთ, დანარჩენი დროის საკითხია". 

 

მსგავსი სიახლეები